მანანა კოზაკოვა: "არ მინდა რუსეთი"

მანანა კოზაკოვა: "არ მინდა რუსეთი"

ცნობილ მსახიობ მანანა კოზაკოვას ინტერვიუზე უარი არ უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავოს. მას თურმე არც ის მოსწონს, როცა მისი კოლეგები სახალხოდ გამოდიან და მსგავს განცხადებებს აკეთებენ. მიუხედავად ამისა, ქალბატონმა მანანამ რამდენიმე საკუთარი მოსაზრება მაინც გაგვიზიარა.

- პოლიტიკა არ მაინტერესებს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მაინტერესებს ისე, როგორც ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეს. უბრალოდ, ამ სფეროში პრინციპულად არ ვერევი.

- მაშინ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარი მოსაზრება გექნებათ.

- სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა გითხარი, პოლიტიკაში არ ვერევი-მეთქი. არ ვთვლი საჭიროდ, რომ მსახიობმა და ზოგადად, ხელოვანმა ადამიანმა ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები უნდა გააკეთოს. შესაძლოა, ამ მოვლენებში ჩართული ვიყო, ყველაფრის საქმის კურსშიც გახლდეთ, განვიცდიდე ამა თუ იმ მოვლენას, ვფიქრობდე ამ სფეროზე და ოჯახში ამ ყველაფერზე ვსაუბრობდეთ და ვკამათობდეთ კიდეც, მაგრამ ჩემი აზრის საჯაროდ დაფიქსირებას საჭიროდ არ ვთვლი. არ მივიჩნევ თავს ისე კომპეტენტურად, რომ რაიმეზე აზრი გამოვთქვა. ჩემს ქვეყანაზე გული ძალიან შემტკივა. ვთვლი, რომ პოლიტიკაში ხელოვანი ადამიანები ისედაც საჭიროზე მეტად არიან ჩართულნი. პოლიტიკოსები საკმაოდ ხშირად იცვლიან აზრს. გადადიან ერთი პარტიიდან მეორეში, რაც ხელოვანი ადამიანებისგან მისაღები არ არის. მიმაჩნია, რომ ეს პროფესიები საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან. არ მიწყინონ ჩემმა კოლეგებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა ხელოვანი პოლიტიკაში ერთვება, ეს მის ნამოღვაწარსაც ვნებს და - ხალხსაც. რადგან ხალხი რა ემოციასაც იღებს ლექსიდან თუ მოთხრობიდან, მსგავს ემოციას პოლიტიკიდან ვერასოდეს მიიღებს. რასაკვირველია, გამონაკლისი არსებობს, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები.

- იმ ადამიანთა რიცხვს თუ მიეკუთვნებით, რომელიც პოლიტიკურ შეხედულებებს ხშირად იცვლის და ხან ერთი გუნდი მოსწონს, ხანაც - მეორე?

- ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამა თუ იმ გუნდზე აზრი შეგეცვალოს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საჯარო განცხადებებს თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ვთქვათ, მომწონდა ერთი პარტია, არჩევნებში მათ ხმაც მივეცი, მაგრამ მერე ამ პარტიამ საშინელი შეცდომა დაუშვა, ან უშვებდა ამ შეცდომას, მე კი გულწრფელად მჯეროდა. უახლოეს წარსულში, რამდენი მსგავსი შემთხვევა გვქონია. ამ ყველაფერზე ჩემს მეგობრებთან საუბრისას, ვაღიარებ, რომ შევცდი, მაგრამ როცა საჯაროდ ვარ რომელიმე პარტიის გულშემატკივარი, ვაკეთებ განცხადებებს და თუ ის პარტია რაღაცაში შეცდება, ჩემი მხრიდან მერე ამის აღიარება საკმაოდ რთული იქნება. პირიქით, უნდა ვეცადო, რომ დავიცვა. თუ ვიცავ, ე.ი. ვამართლებ და თუ ვამართლებ, მათი მიმდევარი ვხდები. სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ საკუთარი აზრი ხმამაღლა გამოვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე საკუთარი აზრი გამაჩნია. ამ ეტაპზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ მინდა, რომ ჩვენი გზა დღევანდელი რუსეთისკენ მიდიოდეს. ამის თქმის უფლება, მე ყველაზე მეტად მაქვს, რადგან ჩემი და-ძმა იქ ცხოვრობს, მაგრამ მათ თავად არ მოსწონთ ასეთი რუსეთი. ყველანი ოპოზიციურ მიტინგში მონაწილეობენ. უფრო სხვა სამაგალითო ქვეყნები მაინტერესებს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც "შვილი" არ უყვარს. საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად რომ ექცევა, არ შეიძლება, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისადმი ლოიალური იყოს. საკუთარ ხალხს კურსკი და ბესლანი მოუწყო და სხვა ქვეყნებისადმი კარგი როგორ იქნება?

- ამ პასუხიდან გამომდინარე, ალბათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც აქტიურად ადევნებთ თვალყურს...

- რასაკვირველია, ყველაფერს ვუყურებ. ახლა იქ საკმაოდ რთული სიტუაციაა, მაგრამ ხალხი დაიღალა, არ უნდათ რუსეთთან მეგობრობა, რადგან ისინი ჭაობში არიან. ყველგან კორუფცია და კრიმინალია. ის პროცესი, რაც ახლა იქ მიმდინარეობს, ხალხის დაპირისპირებას, სამოქალაქო ომს ვგულისხმობ, ქვეყანას უკან ხევს, მაგრამ ისინი თავისუფლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ მხარს ვუჭერ და ძალიან ვგულშემატკივრობ.

- იქნებ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც გვითხრათ რაიმე?

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საკმაოდ ცოტა დრო გავიდა და რთულია რამეზე ლაპარაკი. ჩასაფრების პოლიტიკით განწყობილი ნამდვილად არ ვარ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა ვაცადოთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენი სპექტაკლის რეპეტიციაზე რომ შემოვიდეს, ვერაფერს გაიგებს კი არა, იტყვის, ეს რა საშინელება ხდებაო. ყველაფერს თავისი ვადა და დრო აქვს. ვნახოთ, რას იზამენ. კი ბატონო, ლარის კურსი საგრძნობლად დავარდა, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა. ეკონომიკა საკმაოდ ცვალებადია, მთავარია, ჩვენმა ხელისუფლებამ აქედან გამოსავალი მოძებნოს... ღმერთმა ქნას, რომ მათ ყველაფერი შეძლონ.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება