როდის ცდილობდა რეჟისორის ამპლუის მორგებას სოფო გელოვანი

როდის ცდილობდა რეჟისორის ამპლუის მორგებას სოფო გელოვანი

სოფო გელოვანს საკუთარ თაყვანისმცემლებთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს. ყურადღებიანი მომღერალი ინტერნეტით მიღებულ წერილებს კითხულობს და მათ პასუხებსაც შეძლებისდაგვარად სწერს. "ყოფილა შემთხვევა, როცა რეალობაშიც გამიცნია ასეთი ადამიანი. თითოეულ ჩემს თაყვანისმცემელს უდიდეს პატივს ვცემ. რომ არა ისინი, ჩემი საქმიანობა არაფრად ეღირებოდა", - ამბობს სოფო, რომლის ამ რუბრიკაში მოწვევა სწორედ მისმა ფანებმა მთხოვეს.

- როცა ხარ ძალიან ლაღი, ქარაფშუტა, როცა ნაკლებად უკვირდები რაღაცებს, დაუღვინებელი ხარ - ეს ყველაფერი გარდატეხის ასაკთან ასოცირდება. ამ ასაკს ბევრი დადებითი და ამავდროულად, უარყოფითი მხარეც აქვს.

- როგორ ფიქრობ, შენ როდის დაღვინდი?

- სიმართლე გითხრა, გარდატეხის ასაკში რთული პერიოდები არ მქონია. მორჩილი ბავშვი ვიყავი, თუმცა რაღაცების მიმართ პროტესტი მეც მქონდა. გამუდმებით მეგობრების გარემოცვაში მინდოდა ყოფნა. ვფიქრობ, 17-18 წლის ასაკში როგორიც ვიყავი, დღესაც ისეთი ვარ; თითქოს არც გავზრდილვარ... რა თქმა უნდა, ოჯახის შექმნის შემდეგ ადამიანს სხვა საფიქრალიც გიჩნდება, გინდა თუ არა, ცხოვრების წესის შეცვლაც გიწევს, მაგრამ შინაგანად ისევ ისეთი ხარ - ლაღი, მხიარული, ისევ გაქვს გართობის სურვილი.

- გარდატეხის ასაკში ბევრი დეპრესიისკენ არის მიდრეკილი, ზოგიერთი თინეიჯერი თვითმკვლელობაზეც ფიქრობს, მაგრამ საბედნიეროდ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, უმეტესობა იმასაც აცნობიერებს, რომ ეს დიდი ცოდვაა და უკან იხევს...

- მსგავსი შემთხვევის შესახებ მეც ბევრჯერ მსმენია. ეს ის ასაკია, როცა ადამიანი საკუთარ თავში იკეტება, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრების ყურადღებას. როცა ხედავ, რომ შენი შვილი შეიცვალა და ვეღარ უგებ, სულ სახლიდან გარბის, არ გელაპარაკება, ამ ყველაფერზე თვალი არ უნდა დახუჭო; პირიქით - მშობელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, შვილის ასეთი საქციელის მიზეზი გაიგოს. პირადად მე, ყოველთვის მქონდა დიალოგი მშობლებთან, განსაკუთრებით გულახდილი ვიყავი დედასთან. სხვათა შორის, მატერიალური მხარეც ბევრ რამეს განსაზღვრავს. მოგეხსენებათ, არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც გამუდმებით გაჭირვებაში უხდებათ ცხოვრება და როცა იზრდებიან, ამ ყველაფრის გამო კომპლექსი უჩნდებათ. როცა ესა თუ ის კომპლექსი გაქვს, მერე იწყებ საკუთარ თავთან ბრძოლას და ასეთ დროს გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც სითბოს, სიყვარულს გაგრძნობინებს. სიყვარულს ბევრი რამის შეცვლა, ადამიანის გადარჩენა შეუძლია!

- გასაგებია, რომ მშობლებთან გულახდილობით გამოირჩეოდი, მაგრამ მათი მხრიდან წინააღმდეგობას არასდროს აწყდებოდი?

- როგორ არა! მაგალითად, მამას არ მოსწონდა, გვიანობამდე სადმე რომ ვრჩებოდი და მეუბნებოდა, - 10 საათზე აუცილებლად სახლში იყავიო. როცა ვეკითხებოდი: რატომ არ შეიძლება, უფრო გვიანობამდე გავერთო-მეთქი? მპასუხობდა: მე მინდა, რომ ჩემი შვილი ღამით სახლში იყოსო. ახლა, როცა გავიზარდე, მისი მესმის: შვილის გამო ნერვიულობდა. ეშინოდა, შეცდომა არ დამეშვა. ხომ იცით, მშობელი ყველაფერს სხვანაირად განიცდის, მაგრამ მაშინ ეს არ მესმოდა და ვაპროტესტებდი, - სხვებს თუ უშვებენ, იმათზე მეტი ან ნაკლები მე რით ვარ? სხვა მშობლებს ნაკლებად უყვართ საკუთარი შვილები-მეთქი?.. რომელიმე მეგობრის ოჯახში ღამე რომ გამეთია, ჩემი მეგობრები ერთი კვირით ადრე ურეკავდნენ დედაჩემს და სთხოვდნენ, - ამა და ამ დღეს სოფო ჩვენთან რომ დარჩეს, ხომ შეიძლებაო?..

- თავისუფალი, დამოუკიდებელი როდის გახდი?

- სიმართლე გითხრათ, მშობლებმა მხოლოდ მას მერე მომანიჭეს სრული თავისუფლება, რაც გავთხოვდი.

- მაგრამ არა მგონია, ქმარს მოეწონოს, სადმე დარჩენის სურვილი რომ გამოთქვა...

- ასეა (იცინის). მეგობრული ურთიერთობა მქონდა მშობლებთან და დედაც ყოველთვის იმას ცდილობდა, ჩემთვის გაეგო. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ მშობლისთვის ყველაფრის მოყოლაც არ შეიძლება და ზღვარს ვიცავდი... ჩემი და - გვანცა ჩემგან განსხვავებით, მშობლებს არაფერს უყვებოდა. თინეიჯერობის ასაკში ყოველთვის რაღაცას აპროტესტებდა და ცდილობდა, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეეძლო. ახლა ის 22 წლისაა და საზღვარგარეთ სწავლობს, სრული თავისუფლება აქვს.

- როგორი მოსწავლე იყავი?

- ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი მოს­წავლე ვიყავი. სიმღერის გამო სკოლას ხშირად ვაცდენდი. ზოგჯერ იმიტომ მიწერდნენ ნიშანს, რომ კარგად ვმღეროდი და ამის გამო, ცოტა არ იყოს, მრცხენია. სხვათა შორის, გამიმართლა, რომ მე-6 გერმანულ სკოლაში შემიყვანეს, რომელსაც მეგობრობის სასწავლებელს დავარქმევდი. მოსწავლეებსა და პედაგოგებს საოცრად კარგი ურთიერთობა გვქონდა, ექსკურსიების დროს არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. სამწუხაროდ, ამჟამად ეს სკოლა აღარ არსებობს... "შატალოებზეც" დავდიოდით და ცხადია, მერე ამის გამო ვისჯებოდით კიდეც - დირექტორის "ლექციების" მოსმენა გვიწევდა (იცინის).

- "შატალოზე" სად მიდიოდით ხოლმე?

- მეგობრების სახლში: ხან ერთ­თან, ხან - მეორესთან; ზოგჯერ ზოო­პარკშიც მივდიოდით და გზად ბევრს ვჭორაობდით. ეს ხომ ის პერიოდია, როცა ყველასა და ყველაფერზე ლაპარაკობ. კლასში "სასტავებად" ვიყავით დაყოფილები და ძალიან ახლო მეგობრები ვსტუმრობდით ერთმანეთს. სხვათა შორის, სკოლის დროინდელ მეგობრებთან დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ამით ბედნიერი ვარ... მუსიკას ვუსმენდით, სიმღერებს ვიზეპირებდით. მაშინ 2 PAC იყო მოდაში და ხშირად, მის რეპს ვუსმენდით, ვცეკვავდით, ცოტ-ცოტას ვსვამდით კიდეც.

- ამბობენ, - ბიჭები უფრო მეტს ჭორაობენ, ვიდრე გოგონებიო. ამ მოსაზრებას ეთანხმები?

- იმდენად არ მიყვარს ჭორიკანა კაცები, რომ მათთან ვერ ვურთიერთობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ გარშემო ასეთი მამაკაცები არ არიან... მაგრამ მეც მსმენია, რომ ბევრ მამაკაცს უყვარს ჭორაობა, ქალებზე მეტადაც კი...

- რომელიმე მასწავლებელმა გამორჩეულად თუ დაგამახსოვრა თავი?

- როგორ არა! გვყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი ნინო გორდელაძე, რომელმაც შემაყვარა ქართული ენა და ლიტერატურა. ის ყველა ჩემს კლასელს უყვარდა, მაგრამ მაინც ვაბრაზებდით და ამის გამო, ბევრჯერ უტირია; იმდენად ვუყვარდით და იმდენად განიცდიდა კლასში ქაოსი თუ იყო, რომ ოთახიდან გადიოდა. ის სიყვარულით გვასწავლიდა თავის საგანს. პატრიოტი ქალი გახლდათ. განსაკუთრებულად უყვარდა ყველაფერი ქართული და ცდილობდა, ჩვენც პატრიოტებად აღვეზარდეთ... ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და სკოლაში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაში მიწევდა მონაწილეობა. ვინმე თუ გვესტუმრებოდა, მისთვის აუცილებლად, გერმანულენოვანი სიმღერა უნდა შემესრულებინა.

- კლასგარეშე ლიტერატურას თუ კითხულობდი?

- ვკითხულობდი მაშინ, როცა ვიყა­ვი არდადეგებზე, სხვა დროს ამისთვის უბრალოდ, ვერ ვიცლიდი. მშობლებს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, განსაკუთრებით - მამას, რადგან ის ცდილობდა, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის წიგნები შეეყვარებინა. როცა დასასვენებლად მივდიოდით, წიგნებს გვატანდა და გვეუბნებოდა: შენ ეს წიგნი უნდა წაიკითხო, შენ - ის და როცა თქვენთან ჩამოვალ, ამ ყველაფერს ჩამაბარებთო. წიგნი მოგვწონდა თუ არა, ის მაინც უნდა წაგვეკითხა, თანაც - ყურადღებით, მერე მამას კითხვებზე რომ პასუხი გაგვეცა. მშობელმა შვილს წიგნის კითხვა თუ არ დააძალა და ნაწარმოების შერჩევაში არ დაეხმარა, შეიძლება, ბავშვმა წიგნი არასდროს წაიკითხოს. ლიტერატურის შეყვარება იოლი არ არის, ეს დროთა განმავლობაში უნდა მოხდეს.

- მაგრამ დაძალებით შეიძლება, უკუშედეგი მივიღოთ...

- კი, ასეც ხდება, მაგრამ არ მესმის, ბავშვს სხვანაირად როგორ უნდა წააკითხო წიგნი? არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ პატარებს წიგნის კითხვას თამაში ურჩევნიათ. მათ წიგნი მშობლებმა უნდა შეურჩიონ, რაღაცით დააინტერესონ. იყო შემთხვევა, როცა მამის შერჩეული წიგნი არ მომწონებია, მაგრამ მაინც წამიკითხავს. თუმცა, "დიდოსტატის მარჯვენაში" რაღაცები ვერ გავიგე და ამ წიგნის ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი. სამაგიეროდ, როცა გავიზარდე, მერე წავიკითხე... ბებიაჩემი რუსულენოვანი იყო. ის ცდილობდა, რუსული წიგნებიც წამეკითხა. მისი მადლობელი ვარ, რადგან ვფიქრობ, რუსული რომ ვიცი, ეს ბებიას დამსახურებაა.

- ახლა თუ გრჩება დრო წიგნის წასაკითხად?

- ძალიან იშვიათად... ბოლოს რა წავიკითხე? - ვერ ვიხსენებ. კომპიუტერში ვერაფერს წავიკითხავ. წიგნი ხელში უნდა მეჭიროს, სხვანაირად წარმოუდგენელია, რაიმე წავიკითხო. ახლა ენის შესწავლაზე გადავერთე: ძალიან მჭირდება ინგლისური ენის კარგად ცოდნა და ვცდილობ, საფუძვლიანად შევისწავლო (იღიმის).

- ზოგიერთი დედა ცდილობს, შვილი პატარა ასაკიდანვე მაქსიმალურად დატვირთოს...

- (მაწყვეტინებს) მე ყველაფერს დოზირებულად ვაწვდი. ვუკითხავ ლექსებს, ზღაპრებს...

- გამოდის, რომ ბოლოს ზღაპრები წაიკითხე.

- კი, ასე გამოდის...

- შენს თაობას რა სახელს შეურჩევდი?

- მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა წყალი, გაზი, შუქი და გაჭირვებაში ვიზრდებოდით, მაინც მხიარულად, ლაღად ვცხოვრობდით, სხვანაირი მეგობრობა ვიცოდით. დღეს კი უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ ფუფუნებაში იცხოვრო. მაშინ თუ ჭორაობდნენ იმაზე, თუ ვის როგორი ტანსაცმელი ეცვა, ახლა ბჭობენ იმაზე, თუ ვის როგორი მანქანა ჰყავს, როგორი კომპიუტერი ან მობილური აქვს და ა.შ. რეალურად, უფრო მეტად მატერიალისტები გავხდით. ადრე თითქოს, ყველაფერი მატერიალური უკანა პლანზე იდგა. ავიღებდით ხელში გიტარას ან დავჯდებოდით როიალთან და ვმღეროდით; თუ შუქი არ იყო, სანთლის შუქზე ვმეცადინეობდით, მაგრამ უფრო ძლიერი სიყვარული შეგვეძლო, ვიდრე ახალ თაობას შეუძლია. რეალური ურთიერთობა ვირტუალურმა შეცვალა და თითქოს, ყველაფერი გაცივდა... ჩემი თაობის მოზარდები უსუსურები, დაუცველები და ამავე დროს, რომანტიკოსები იყვნენ...

- როგორც ვიცი, შენც სარგებლობ სოციალური ქსელით...

- მინდა თუ არა, ძალაუნებურად მეც ჩავერთე ამ ყველაფერში. ბოლოს და ბოლოს, მეც საზოგადოების წევრი ვარ და ძირითადად, სოციალური ქსელის წყალობით ვუკავშირდები ახლობელ ადამიანებს, მაგრამ რეალური ურთიერთობების გარეშეც არ შემიძლია ცხოვრება. ჰოდა, შაბათ-კვირას მეგობრები სადმე ვიკრიბებით და ამით ვივსებთ მონატრებას, ძველი დროის ნოსტალგიას... დღევანდელი რეალობის დადებითი მხარეა ის, რომ ხალხი მიხვდა, უსაქმურობით თავს ვერ გაიტანენ და ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანია; ყველა ფუსფუსებს და რაღაცის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ მიზანს რომ მიაღწიონ, ამისთვის შეუძლიათ, ღირებულ რაღაცებს გადააბიჯონ... ამას წინათ ჩემი მეუღლის ერთ-ერთ ნათესავზე მიამბეს: თურმე, ქალმა, რომელსაც კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, თქვა, - რა დროს მუსიკოსობააო და ჩააბარა სამედიცინოზე. ისწავლა და როცა ექიმი გახდა, ჯიბე ამოიკერა, ფული არ ჩამიდონო. იმდენად უანგაროდ ემსახურებოდა ადამიანებს, რომ მისი საქციელით ყველა გაკვირვებული გახლდათ.

- რაიმე გატაცება, ჰობი თუ გქონდა?

- რა ვიცი (ფიქრობს)... საღეჭი რეზინი "ლოვე" რომ გამოვიდა, მახსოვს, ამ კევის "ნაკლეიკებს" ვაგროვებდი. ვაიმე, რა ბავშვობა მქონდა (იღიმის).

- კიდევ, რა განსხვავებაა შენი თაობის მოზარდებსა და დღევანდელ თინეიჯერებს შორის?

- ადრე მაგალითად, გოგოს გამო ბიჭები ერთმანეთს საქმეს ურჩევდნენ, ახლა ბავშვებში მსგავსი ბრძოლისუნარიანობა არ შეიმჩნევა. ბევრისგან გამი­გია: ავტობუსში რომ ავდივარ, ახალგაზრდები ადგილს არ მითმობენო. თითქოს ყველაფერი გაუფასურდა, გაუბრალოვდა.

- ნუთუ გირჩევნია, ისევ უშუქობაში ცხოვრობდე და კომპიუტერის ნაცვლად, ტელეეკრანიდან იგებდე ახალ ამბებს?..

- ბევრს კი ვლაპარაკობ, მაგრამ დღევანდელ რეალობას უკვე ისე შევეჩვიე, რომ მინდა ის, რასაც ადვილად მივაღწევ, უშუქობასაც ვეღარ ავიტან. მაგრამ მაინც, სულიერებისთვის ძველი დრო ჯობდა... დროთა განმავლობაში ქართული სუფრის ტრადიციაც დამახინჯდა და ღრეობაში გადაიზარდა. ქართული სუფრის ტრადიცია, სინამდვილეში, ზომიერი სმა და კარგი გართობა მგონია... ალბათ ძალიან ძველმოდური ვარ, არა? როცა ვისმენ ამბებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, მომნდომებია, რომ მეც იმ პერიოდში მეცხოვრა (იღიმის).

- ოდესმე ბიჭებს შენ გამო თუ უჩხუბიათ? ვიღაცაზე გაბრაზებულს საქმეში ძმა ან ახლობელი ბიჭი ხომ არ ჩაგირევია?

- არა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ასეთი რაღაცების ყოველთვის მეშინოდა და ჩემ გამო შარში არავის გავხვევდი.

- ოდესმე შენთვის წერილი (და არა მესიჯი) თუ მოუწერიათ?

- სხვათა შორის, მეგობრები ერთმანეთს წერილს მართლაც, ხშირად ვწერდით... მეუღლის კარადაში ძალიან ბევრი ძველი წერილი ვიპოვე, რომელსაც თანატოლები სხვადასხვა დროს უგზავნიდნენ. თითოეული ისეთი სიყვარულით იყო დაწერილი, რომ მათი კითხვისას გული ამიჩუყდა და ვიტირე...

- სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული თუ იყავი?

- სხვებისგან განსხვავებული არაფრით ვიყავი, მაგრამ ძალიან აქტიური კი გახლდით. მე ვცხოვრობდი იმ ეზოში, სადაც ფილმი - "ჩვენი ეზო" გადაიღეს. ჰოდა, ამ ეზოს ბავშვები ვაწყობდით სპექტაკლებს, კონცერტებს და ამ ყველაფრის ორგანიზატორი მე ვიყავი, თანატოლებს როლებს ვურიგებდი. ბილეთებს ვყიდდით და მერე, შეგროვებული ფულით "ვქეიფობდით" - ცხადია, ტკბილეულითა და ლიმონათით. მახსოვს, სკოლის ბუფეტში ძალიან გემრიელი ნამცხვარი "ენა" იყიდებოდა და ბავშვები დასვენებაზე ამ ტკბილეულის საჭმელად გავრბოდით. ზოგჯერ, როცა ფული არ გვქონდა, ერთი ფუნთუშა გვიყიდია და ოთხად გაგვიყვია (იცინის)... ერთი პერიოდი მოდაში დიდი ზომის "დუტი კურტკა" იყო, ყავისფერი ტყავით გაწყობილი. ასეთი ქურთუკი ჩემს მეგობარს ეცვა და მეც ძალიან მინდოდა, მქონოდა. ძვირი ღირდა და მის შესაძენად ფულს საგულდაგულოდ ვაგროვებდი... მერე მაღალყელიანი გეტრები და "შოტლანტკები" ამოვიჩემეთ; შემდეგ თმის შეღების სურვილიც გაჩნდა და მელირებას ვიკეთებდით - ხან წითლად, ხან ყვითლად... მოკლედ, ექსპერიმენტებს ვიტარებდით, მაგრამ ისეთი საღებავით, რომელიც ადვილად მოგვშორდებოდა.

- შეგიძლია სკოლის ბანკეტი გა­იხსენო?

- ბანკეტის სურათებს რომ ვუყურებ, ცუდ ხასიათზე ვდგები. იმ პე­რიოდში მეგონა, რომ ძალიან კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ ახლა ბანკეტზე გადაღებული ფოტოების ნახვაც არ მინდა. მეცვა გრძელი ოქ­როსფერი კაბა, რომელიც მამიდამ გერმანიიდან გამომიგზავნა და ყველას ძალიან მოეწონა. მქონდა უცნაურად ჩახვეული ვარცხნილობა, თანაც - "ნაჩოსით". იმ პერიოდში ყველას მოვეწონე, ბევრი კომპლიმენტი მივიღე და საკუთარი თავი მეც მომწონდა, მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ სასაცილოდ გამოვიყურებოდი.

- თინეიჯერი ვისი ფანი იყავი?

- ბევრ ჩემს თანატოლს და მათ შორის მეც მიყვარდა უიტნი ჰიუსტონი; ოთახში მისი დიდი პლაკატები მქონდა გაკრული. ასევე, ვგიჟდებოდით 2 PAC-ზე. ძალიან მიყვარდა ბარბრა სტრეიზანდი და მის პლაკატს ჩემს ოთ­ახში განსაკუთრებული ადგილი ეკავა... ქართველებიდან ერთი პერიოდი, "სახეზე" ვგიჟდებოდი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა მსახიობი კახი კავსაძე და მის გაცნობაზე ვოცნებობდი. პირველად, როცა ის ახლოდან დავინახე, ვერ მოვითმინე, მივედი და გავეცანი. ვუთხარი, რომ მისი თაყვანისმცემელი ვიყავი. საერთოდ, ასეთი რაღაცების მერიდება, მაგრამ მაშინ თავი ვერ შევიკავე. ბატონმა კახიმ ჩამიხუტა, თბილად მიმიღო.

- დაბოლოს, რას ურჩევ მოზარდებს?

- ვინაიდან ამ ასაკში რჩევები არ უყვართ და უფრო მეტიც - ეს აღიზიანებთ, მოდი, მათ უბრალოდ, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ვეტყვი, რომ განათლების მიღება აუცილებელია! ცოდნა არსად დაიკარგება. იყვნენ ნაკ­ლებად აგრესიულები და დატკბნენ სიცოცხლით, უყვარდეთ ერთმანეთი.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება