აჩიკო სოლოღაშვილი: ''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''

აჩიკო სოლოღაშვილი: ''არც ერთ მეუღლეს არ ვურჩევ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას''

მსახიობ აჩიკო სოლოღაშვილს მუსიკისა და დრამის თეატრში ''ლურჯი ფრინველის'' თეატრალური პრემიერის დღეს შევხვდით... გარდა მსახიობობისა, ამ სპექტაკლში აჩიკო მომღერლის რანგში მოგვევლინება, უნდა შეასრულოს ის სიმღერა, რომელიც ლუკა ზაქარიაძემ და ქეთი ორჯონიკიძემ ამავე სახელწოდების ტელემიუზიკლში იმღერეს. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, პრემიერის წინ სიტყვაძუნწობით გამოირჩევა, თუმცა ეს ინტერვიუს საერთოდ არ ეტყობა და მისთვის საყვარელ საქმეზე გახსნილად გვესაუბრა. გეტყვით იმასაც, რომ აჩიკოს მეუღლე ჟურნალისტი და ''იმედის'' საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნუცა ქავთარაძე გახლავთ.

- საუბარი პროფესიული არჩევანით დავიწყოთ, ''ბერიკები'' ამ მხრივ გადამწყვეტი იყო?

- ''ბერიკებმა'' ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიაში, მაგრამ როცა იქ მივედი, ზუსტად ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით. სანამ სტუდიაში სიარულს დავიწყებდი, ტელევიზიით ვნახე სიუჟეტი ''ბერიკებზე'', მოვიხიბლე და მივხვდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მივსულიყავი. 90-იანი წლები გახლდათ, ოჯახში არავინ მუშაობდა და ეს გასაკვირი არ არის. ჩემი ცეკვის მასწავლებელი, ბატონი იგორ გითოლენდია, ''ბერიკებში'' ასწავლიდა, მან ბატონ გოგი თოდაძეს უთხრა, რომ არსებობდა ბიჭი, რომელიც ძალიან კარგად ცეკვავდა, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო. ''ბერიკებმა'' მომცა იმის ფუფუნება, რომ უფასოდ მესწავლა და ამას ვერასდროს დავუკარგავ.

- როგორია აჩიკო, თუნდაც დღეს, პრემიერის წინ?

- ძალიან ვნერვიულობ და ვარ ჩუმად, სიტყვაძუნწი ვხდები, თუმცა იმავდროულად ვარ კონტაქტური. მშვიდად ვემზადები იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მაყურებლის წინაშე მაქვს.

- გმირზე მუშაობის რა ხერხი და ტაქტიკა გაქვს?

- ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი თავი ჩემი პერსონაჟის მდგომარეობაში ჩავაყენო, ვმოქმედებ იქიდან გამომდინარე, როგორი იქნებოდა აჩიკო ამა თუ იმ სიტუაციაში. ეს კი მინარჩუნებს იმ სიმართლეს, რითაც კარგად ვატყუებთ მაყურებელს, ეს პროფესია ხომ ტყუილია, ამიტომ ვცდილობ, ვიყო მართალი, რომ შეძლებისდაგვარად კარგად მოვიტყუო.

გმირის განსახიერების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოსტიუმს. რაც უნდა გააკეთო, თუ კოსტიუმი არ ერგება შენს პერსონაჟს, შედეგს ვერ მიაღწევ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან მუშაობს ანანო მოსიძე, შესანიშნავი კოსტიუმების მხატვარი.

- სპექტაკლ ''მარკიზა დე სადში'' თამაშობ მეძავ ქალ კონტესას, რომელიც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დგას მაღალ ქუსლებზე...

- 11-სანტიმეტრიანი ქუსლი მეცვა, როგორ? არ ვიცი... მოგეხსენებათ, ამ სპექტაკლში კაცები ვთამაშობდით ქალებს, ყველა გმირი განსხვავებული იყო, მაგრამ ჩემი გმირი ამ ქალბატონებისგან რაღაცით უნდა გამომეყო. ჩავთვალე, რომ ქუსლზე ასული, გამხდარი და გველივით მოქნილი მეძავი კარგად ასახავდა კონტესას ხასიათს. არასდროს დამავიწყდება რეპეტიციები, რადგან ქუსლებზე შემდგარი ბიჭები ერთმანეთს ვეყუდებოდით. ეს პროფესია საინტერესო სწორედ ამითაა, არ იცი, ხვალ რისი გაკეთება მოგიწევს.

- 2013 წელს მოგანიჭეს თეატრალური პრემია ''დურუჯი'' სპექტაკლისთვის ''(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი'', სადაც ორ გმირს ასახიერებ. ელოდი ამ ჯილდოს?

- მოულოდნელი არაფერია, როცა დოისთან მუშაობ, მასთან თანამშრომლობა არის საკუთარი თავის მუდმივი გამოცდა. როცა დოიმ ორი როლის შესრულება შემომთავაზა, დავთანხმდი, ბევრი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს, იქვე გავეცი პასუხი, დავფიქრდი, ვიმუშავე და საბოლოო ჯამში ამ გმირებმა მომიტანა ძალიან დიდი წარმატება - ''დურუჯი''. საქართველოში მსახიობებისთვის სხვა არაფერი კეთდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი ''ოსკარია''.

- რაც შეეხება კინოროლებს, მხოლოდ სანდრო მახსენდება ''ოცნების ქალაქიდან''...

- მეტი არ გაგახსენდება. ამას გარდა იყო გიგა ლორთქიფანიძის ოთხსერიიანი ფილმი, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით, სადაც ერთ-ერთ სერიაში ეპიზოდური როლი მქონდა. ვერ ვხსნი, რატომ არ ვარ კინოში, არ გამოვრიცხავ, ეს იყოს ტელევიზიის ბრალი, რომელიც ცვეთს მსახიობს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება