უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის "კაცობის თეზისები"

უკომპრომისო თემურ ყვითელაშვილის "კაცობის თეზისები"

გამორჩეულად შრომისმოყვარე, შესაშურად მოწესრიგებული და მეტისმეტად თვითკრიტიკული ადამიანია. საქართველოს ყველა სახელგანთქმულ და ლეგენდად ქცეულ ანსამბლში უკრავდა და შიგადაშიგ მღეროდა კიდეც. მუშაობდა და მუშაობს ყველა პროფესიონალ ქართველ მომღერალთან ერთად. ღიმილით მეუბნება: საქართველოს მხოლოდ ორ პოპულარულ ანსამბლში არ დამიკრავს - "მზიურსა" და "ნერგებში", სამაგიეროდ მოგვიანებით, უკვე გაზრდილ "მზიურელებთან" - მაია ჯაბუასთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან, თამრიკო გვერდწითელთან ვმეგობრობდი და ვთანამშრომლობდიო. იცვლებოდა ანსამბლები, საკონცერტო დარბაზები, შემდეგ - გეოგრაფიული არეალი და მასშტაბები, შესაბამისად კი იხვეწებოდა შემოქმედება და შემოქმედიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში... და მაინც, სახელგანთქმული მუსიკოსის, გიტარისტის, ბევრი საინტერესო კომპოზიციის ავტორისა და მომღერლისთვის - თემურ ყვითელაშვილისთვის ყველაფერი თბილისური გამოსვლებით დაიწყო.

- ჩემი ცხოვრება, ბევრისგან განსხვავებით, სხვაგვარად წარიმართა. ბუნებითაც ბევრისგან განვსხვავდები - დისციპლინის კაცი ვარ და ის გარემო მიყვარს, სადაც წესრიგია, სადაც სიტყვა - სიტყვაა, სადაც არავინ აგვიანებს და ყველას თავისი ადგილი აქვს; სადაც ერთგულებაა - მოკლედ, ვიდრე სცენამდე მივალთ, ჯერ სხვა პრინციპებს ვითვალისწინებ და მერე ვლაპარაკობ მუსიკაზე; ჯერ თემური ვარ და მერე - გიტარისტი. სწორედ ამ პრინციპების გამო უამრავი ადამიანი დავკარგე და კიდევ იმდენს დავკარგავ, რამდენიც საჭირო იქნება. რა ვქნა, ვერავის ახირებებს ვერ ავიტან! ვაკონტროლებ საკუთარ თავს და ვცდილობ, მიცემული სიტყვა არ დავარღვიო, ვინმეს არაფერი გავუფუჭო და დისკომფორტი არ შევუქმნა. ჰოდა, არ მესმის, სხვამ რატომ უნდა გამიფუჭოს რამე? იმას არ ვამბობ, - გვერდით არავინ დამდგომია-მეთქი, - ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და არიან ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ რასაც მივაღწიე, მაინც საკუთარი შრომითა და შესაძლებლობით. მამა 1977 წელს გარდამეცვალა. "ძლიერი ზურგი" არასდროს მქონია და არც არავის წაუკრავს ჩემთვის ხელი. თანაც, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ვერავის ვერაფერს ვთხოვდი. ამიტომ ჩემი პრობლემა ყოველთვის მხოლოდ ჩემი იყო და არავის ვახვევდი თავს. საკუთარი წარმატებებით კი ძალიან ვამაყობ და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველაფერს მივაღწიე, რისი მიღწევაც შეიძლებოდა, დღესაც ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობ. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ფასეულია, საკუთარი შრომით, წესიერი ცხოვრებითა და პრინციპების დაცვით ამდენს რომ მიაღწევ, მაგრამ შენმა პრინციპებმა არავის უნდა ავნოს. თუ რამეს აკეთებ, კარგად უნდა გააკეთო, თუ არა და, საერთოდ არ უნდა გააკეთო. მაგალითად, თუ ვთქვათ, ჟურნალისტს ან სხვას ხვდები და თან იცი, წამდაუწუმ საათზე მოგიწევს ყურება, ჯობია, საერთოდ არ შეხვდე. ჩემთან რეპეტიციაზე ვინმემ საათს რომ დაუწყოს ყურება, იქაურობას დავატოვებინებ! საქართველოსა თუ მსოფლიოს მასშტაბით, ვისთანაც მიმუშავია სოლო კარიერის პარალელურად, ყოველთვის იმ ხალხის ინტერესებით ვცხოვრობდი ანუ არასდროს ვიყურებოდი საათზე და საკუთარ თავზეც არ ვფიქრობდი; ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე, რა სარგებლის მოტანა შემეძლო იმ ადამიანებისთვის. ასე ვცხოვრობ და სხვისგანაც ამავეს მოვითხოვ.

- 2013 წლის ბოლოს მერვე ალბომი - "ჩემი თბილისი" გამოეცით, ცოტა ხნის წინ კი სიმღერაზე - "შორეული გზები", რომლის მუსიკაც კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილს ეკუთვნის, თავად მერაბის რეჟისორობითა და თქვენი შესრულებით კლიპიც გადაიღეთ. ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ წლის ან ბოლო წლების ნამუშევარი შეაჯამეთ. მაინც როგორი იყო თქვენთვის 2013 წელი?

- არც ჰოროსკოპით ვინტერესდები და არც ცრუმორწმუნე ვარ, ამიტომ ბევრისგან განსხვავებით, არც რიცხვი "13" მიმაჩნია თარსად. ასე რომ, რიცხვიც მშვენიერია და 2013 წელიც ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული მქონდა გასტროლების, მასტერკლასებისა და საერთოდ, შემოქმედებითი თვალსაზრისით. რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გამოვყოფ: ციმბირში ჩავატარე საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც ეკლესიის მშენებლობას მიეძღვნა. ვამაყობ, რომ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს - ილია მეორეს ძალიან უყვარს ჩემი შემოქმედება. მან ციმბირში მშენებარე ეკლესიისთვის საჩუქარიც გამატანა. როდესაც უწმინდესის სახელით ეს საჩუქარი ეკლესიის წინამძღვარსა და ირკუტსკის ოლქის გუბერნატორს სახალხოდ გადავეცი, იქვე გამოვაცხადე: ამჯერად თანამიმდევრობას დავარღვევ და კონცერტს პატრიარქის უსაყვარლესი ნაწარმოებით დავიწყებ-მეთქი. და დავიწყე შუბერტის "ავე მარია"... ძალიან ამაღელვებელი და ამაღლებული კონცერტი გამოვიდა.

შემდეგ მონაკოში გახლდით, მერე მოსკოვში უკვე მეცხრამეტედ - მუსიკალური ინსტრუმენტების გამოფენაზე, რომელიც ტრადიციულად, სახელწოდებით "მუზიკა მოსკვა" იმართება, მაგრამ ამჯერად უჩვეულო ფორმატით მოეწყო: ამერიკის შეერთებული შტატების "ნამ შოუმ", გერმანიის "მუზიკ მესამ" და "მუზიკა მოსკვამ" ერთობლივად ჩაატარეს, საპატიო სტუმრად მიმიწვიეს, რადგან მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ბრენდის სახე გახლავართ. რასაკვირველია, იმ გამოფენაზე დავუკარი და რამდენიმე მასტერკლასიც ჩავატარე. შემდეგ ჩერეპოვეცის საერთაშორისო როკფესტივალშიც საქართველოს სახელით დიდი წარმატებით გამოვედი და 2013 წელსვე გადმომცეს სახელობითი გიტარა - ამერიკაში მოღვაწე მსოფლიო მასშტაბის გიტარების ოსტატს, არმენ ბულბულიანს ერევანში საღამო მიუძღვნეს, მე კი სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს და ერთი განყოფილება ჩემს შემოქმედებას დაუთმეს. დავუკარი ჩემი სახელისა და გვარის ინიციალებით დამშვენებულ ბატონი არმენის გიტარაზე, საღამოს ბოლოს კი ეს გიტარა მისახსოვრეს... აქვე გავიხსენებ ახალციხეში შარშანწინ ჩატარებულ კონცერტს, სადაც იმდენი მაყურებელი მოვიდა, სცენაზეც კი იჯდა ხალხი. აცრემლებული ვუკრავდი, რადგან ცხონებული ჩემი მშობლები მედგნენ თვალწინ. ისინი წარმოშობით ახალციხიდან იყვნენ. მამამ მხოლოდ 55 წელიწადს იცხოვრა და აქედან 40 წელი ახალციხეში გაატარა. მათ იქვე იქორწინეს, მაგრამ მე თბილისში დავიბადე. ახლაც ჟრუანტელი მივლის, ამ ამბავს რომ ვიხსენებ: იმ კონცერტიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, 2013 წლის 30 ივნისს "ახალციხელობაზე" ახალციხის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს. წარმოგიდგენიათ?.. წლები გავიდა და სწორედ იმ ქალაქის საპატიო მოქალაქე გავხდი, რომელიც ჩემს მშობლებს ასე გამორჩეულად უყვარდათ!.. კიდევ ცოტა ხანი გავიდა და დამირეკეს, 6 ოქტომბერს, "თბილისობას" აუცილებლად უნდა დაესწროთ, თბილისის საპატიო მოქალაქედ აგირჩიესო. ეს ჩემთვის შოკი იყო! ხაზგასმით ვამბობ: რა მიღწევა არ მქონია, 37 წლისა ღირსების ორდენის კავალერიც კი გავხდი, მაგრამ თბილისის საპატიო მოქალაქეობა ჩემთვის უმაღლესი ჯილდო აღმოჩნდა. ეს ჯილდო მანამდეც მქონდა, ვიდრე ბატონი გიგი უგულავა საქვეყნოდ გადმომცემდა, რადგან თბილისში უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი, მაგრამ ამჯერად კიდევ ერთხელ, ოფიციალურად დამიდასტურეს ეს აღიარება. 6 რიცხვში დამაჯილდოეს "ქარვასლაში", 7 ოქტომბერს კი დიდ საკონცერტო დარბაზში ახალი ალბომის - "ჩემი თბილისის" პრეზენტაცია და სოლო კონცერტი მოვაწყვე. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ბატონებს გიგი უგულავასა და მამუკა ქაცარავას, ქალბატონ ნეკა სებისკვერაძეს და ბატონ ონისე მეტრეველს...

- ბატონო თემურ, მაინც როგორია თქვენი თბილისი?

- ჩემი თბილისი განუმეორებელია, ჩემი თბილისი ყველაზე მაგარი ქალაქია. ჩემი ახალი ალბომის ბუკლეტის უკანა მხარეს, თბილისის ფოტოს თავზე წარწერაა: "ვუძღვნი ჩემთვის მსოფლიოში ნომერ პირველ ქალაქს - ჩემს თბილისს". უამრავი ჯილდო მიმიღია, მაგრამ არც ერთ მათგანს ჩემი ცხოვრება ფინანსურად არ შეუცვლია - როგორც აქამდე ვცხოვრობდი, დღესაც ზუსტად ისე ვცხოვრობ, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - ეს პროფესია კი არ არის, ჩემი ცხოვრებაა, რომელსაც მთელი სიცოცხლე მივუძღვენი.

- მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში დაგიკრავთ. ყველაზე მნიშვნელოვნად რომელი გამოსვლა მიგაჩნიათ?

- არ გაგიკვირდეთ, რასაც ვიტყვი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ: ხომ ზედარბაზებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ახლა 2013 წლის სექტემბერში, ქარელში მოწყობილ კონცერტს გავიხსენებ. ქარელიდან დამირეკეს და მთხოვეს, მათი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კონცერტი ჩამეტარებინა. დავთანხმდი და ორგანიზატორს ერთადერთი რამ ვთხოვე: გამომიგზავნეთ მანქანა, სადაც უკან თავისუფლად დავჯდები-მეთქი. გაუკვირდათ, მაგრამ შემისრულეს და მხოლოდ ბოლოს, ქარელში შეიტყვეს მძღოლისგან, რომ მთელი გზა, საათ-ნახევრის განმავლობაში ქარელელებთან შესახვედრად ვრეპეტიციობდი. თქვენს კითხვას ასე ვუპასუხებ: თუ წესიერი და ნორმალური ადამიანი ხარ და შენს მოსასმენად მოსულ მაყურებელს პატივს სცემ, ყველა გამოსვლა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ხოლო თუ შემოქმედებითი ზრდის, ახლის აღმოჩენის მხრივ მნიშვნელოვან, გამორჩეულ გამოსვლას ვიგულისხმებთ, იმდენი მქონია, მართლაც შემიძლია დავიტრაბახო - მსოფლიოს ლეგენდებთან ერთად დამიკრავს, რომელთა ნაწილი უკვე ცოცხალიც აღარ არის. მათ კონცერტებზე სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოვსულვარ. რამდენი ცდუნებაა ცხოვრებაში და არაფერს გავუგიჟებივარ, სამაგიეროდ იცით, რა მივიღე? ბავშვობიდან მოყოლებული, რაც და ვისზეც ენციკლოპედიებში წამიკითხავს და მათთან შეხვედრა არარეალურად, მიუწვდომლად მიმიჩნევია, ჩემს ცხოვრებაში განხორციელებულა! მაგალითად, თუნდაც ლეგენდურ ლეს პოლს მოვიყვან, ვის მიერ გამოგონილ გიტარაზეც მთელი მსოფლიო უკრავს. სწორედ მან მიმიწვია ნიუ-იორკში და 91 წლის ლეგენდამ ტაიმს-სქვერის გულში, 51-ე ქუჩაზე თვითონვე გამომაცხადა, - დღეს ჩვენთან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი იმყოფება და ახლა მას ვთხოვ სცენაზეო! ასეთ მომენტში ხომ შეიძლება, ინფარქტი დაგემართოს ადამიანს? ეს რომ გავიგონე, მახსოვს, ცივმა ოფლმა დამასხა. კიდევ ბევრმა ლეგენდამ მიმიწვია სცენაზე, უამრავ დარბაზშიც დამიკრავს, "კარნეგი-ჰოლით" დაწყებული, სადაც ჩემ გარდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან არც ერთ გიტარისტს არ ჩაუტარებია სოლო კონცერტი; ასევე, მსოფლიოს რამდენი სახელგანთქმული ბრენდის სახე ვიყავი და ვარ.

- გინესის რეკორდსმენობის ამბავიც გაიხსენეთ...

- ამაზე იშვიათად ვსაუბრობ - რასაც მივაღწიე, იმ წარმატებების ფონზე გინესი რა მოსატანია?! თუმცა ამ რეკორდმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩემი დისციპლინა, ფიზიკური მომზადება, იმპროვიზაციის უნარი, მუსიკალური განათლებისა და ცოდნის მარაგი და სხვა. ეს სპორტული შეჯიბრება არ იყო, ეს იყო მარათონი, რომელსაც ციმბირის ქალაქ ანგარსკში მცხოვრებმა ჩემმა დიდმა მეგობარმა - დავით ტატულაშვილმა "გინესის" სახე მისცა - მანვე დააფინანსა და ინგლისიდან დამკვირვებლებიც ჩამოიყვანა (სხვათა შორის, დავითმა დააფინანსა ჩემი ახალი ალბომიც "ჩემი თბილისი"). 30 საათზე მეტხანს ვუკრავდი და საათში მხოლოდ 3 წუთს შემეძლო შემესვენა, ამ დროში კი ვერაფერს მოასწრებდი ადამიანი. 4 საათის განმავლობაში ერთი მუსიკალური ფრაზაც კი არ უნდა გამეორებულიყო. მე ეს შევძელი და თანაც - მაღალ დონეზე. დავამტკიცე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მთელი დარბაზი ფეხზე ამდგარი მიკრავდა ტაშს, ერთმა კომპანიამ სახელობითი გიტარაც გადმომცა, გუბერნატორმა კი ჩემს პატივსაცემად დიდი წვეულება გამართა. მეორე დილით, ვითომ 33 საათის განმავლობაში არც დამიკრავს, ჩვეულებისამებრ, დილის 6 საათზე გავიღვიძე და ამითაც ყველა გავაოგნე, ხოლო ირკუტსკიდან საქართველოში რომ მოვფრინავდი, მთელი 6 საათის განმავლობაში თვითმფრინავის მგზავრები ავტოგრაფს მართმევდნენ (იცინის).

- თქვენს ახალ კლიპში გიტარაზე თემურ ყვითელაშვილი-უმცროსი ანუ თქვენი ვაჟიც უკრავს. თქვენს ოჯახზე მიამბეთ..

- ჩემი მეუღლე - ლანა ყოფილი ბალერინაა. ცოლად რომ შევირთე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა იყო. ლანამ კარგად იცის ხელოვნების ფასი; იცის, ეს რა შრომას მოითხოვს და ჩემთვის ხელი რომ შეეწყო, საკუთარი კარიერა დათმო. ახლა დიასახლისია და მეც და შვილებსაც ძალიან გვეხმარება. ორი შვილი გვყავს - მაია და თემური. ვოცნებობდი, ბავშვები უპირველესად, კარგი ადამიანები, პიროვნებები გამოსულიყვნენ. მაიამ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს. დარწმუნებული ვარ, კარგი ადვოკატი გამოვა, თემური კი... კარატისტია და მე რომ ახალციხის საპატიო მოქალაქეობა მომანიჭეს, სწორედ მაშინ, მან იერუსალიმიდან, მაკაბიადის ოლიმპიური თამაშებიდან ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოუტანა საქართველოს. რაც შეეხება მუსიკას, მართალია, ჩემი ვაჟი 15 წლისაა, ჯერ სკოლაში სწავლობს, მაგრამ ფაქტობრივად, მუსიკით ცხოვრობს და თავისი ასაკიდან გამომდინარე, ფანტასტიკურად უკრავს. პირველად 11 წლისა გამოვიყვანე ფილარმონიაში, ჩემს ერთ-ერთ კონცერტზე და მაყურებელს ძალიან მოაწონა თავი. 7 ოქტომბრის კონცერტზეც დაუკრა და მაყურებლის სიმპათია კვლავ დაიმსახურა. ვნახოთ, რას იზამს მომავალში უმცროსი თემურ ყვითელაშვილი.

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება