სააკაშვილის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამის გამო, ხატია ბრაჭულს გული ატკინეს

სააკაშვილის ნაჩუქარი ოქროს ყელსაბამის გამო, ხატია ბრაჭულს გული ატკინეს

მსახიობ ხატია ბრაჭულს დედა მეათე კლასამდე ფრჩხილის ლაქის გამოყენების უფლებასაც არ აძლევდა. კოსმეტიკას ნელ-ნელა "მიეპარა", დღეს კი უმაკიაჟოდ იშვიათად ნახავთ. თავისუფალ დროს ქალაქგარეთ ატარებს. მოსწონს მეგობრებთან ერთად მოგზაურობა. უცხო ქალაქში ყოფნისას კულტურულ ძეგლებსაც სიამოვნებით ეცნობა და გასართობ ადგილებსაც სტუმრობს.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მაკიაჟის ყოველდღიურად გაკეთება მიყვარს და მგონი, კარგადაც გამომდის. განსაკუთრებულად საღამოს მაკიაჟი მომწონს. ახლა უკვე ჩემი სტილისტი მყავს - მას იმხელა ფანტაზია აქვს, რომ ბრმად ვენდობი.

- მაკიაჟის გასაკეთებლად ყოველდღე სალონში დადიხარ?

- კი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სულ ფორმაში ვიყო. რა თქმა უნდა, აუზზე უმაკიაჟოდ მივდივარ. გარდა ამისა, ზოგჯერ ისეთი განწყობილებაზე ვარ, რომ მინდა, მეც დავისვენო და ჩემმა სხეულმაც, ასეთ დროს კოსმეტიკაზე უარს ვამბობ.

- სახის კანს როგორ უვლი?

- ზოგადად, სახეზე პრობლემები არ მაქვს. დილით და საღამოს მხოლოდ მკვებავ კრემს ვისვამ.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- გასულ ზაფხულამდე ბუნებრივი ფერის თმა მქონდა, მერე გავრისკე და მელირება გავიკეთე. სარკეში რომ ჩავიხედე, თავდაპირველად - მეუცხოვა, მერე - თვალი მიეჩვია, მოვიხდინე, "ჩემი" გახდა. მგონი, ყველას მოეწონა. ახლახან თმის ქერად შეღებვაზე ვფიქრობდი. პარიკიც მოვირგე - მაინტერესებდა, მომიხდებოდა თუ არა. მაგრამ თმის ფერის შეცვლას ჯერ მაინც ვერ ვრისკავ.

- ორიგინალური ვარცხნილობები მოგწონს?

- დიახ, და ჩემი სტილისტი ამაზეც ზრუნავს. სხვათა შორის, ორიგინალური ვარცხნილობების გაკეთება, უბრალოდ სასადილოდ ან სავახშმოდ წასვლის დროსაც კი მიყვარს, წვეულებაზე - მით უმეტეს. თმა სწრაფად მეზრდება. მახსოვს, სერიალში - "დეტექტივები" ტყუპი გოგონების როლი უნდა მეთამაშა. როლის გამო თმა მოკლედ შევიჭერი, მაგრამ გული არ დამწყვეტია, რადგან საქმეს სჭირდებოდა. თან, ვიცოდი, მალე გამეზრდებოდა. იმიჯის ხშირად ცვლა მიყვარს.

- თმას როგორ უვლი?

- მას მერე, რაც მელირება გავიკეთე, თმას მეტი მოვლა სჭირდება. დამატენიანებელ, აღმდგენ საშუალებებს ვიყენებ.

ვარჯიში და დიეტა

- სამწუხაროდ, ტკბილეული და ზოგადად, ჭამა ძალიან მიყვარს. ახლა წონაში ცოტა მომატებული ვარ, მაგრამ "მატყუარა" ტანი მაქვს: ზოგ ტანსაცმელში გამხდარი ვჩანვარ, ზოგში - პირიქით, შედარებით მსუქანი... ცურვაზე ყოველთვის არ დავდივარ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, სხეულის გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩავიტარო. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ტრენაჟორებზე ვარჯიშისთვის ენერგია აღარ მყოფნის.

- ოდესმე დიეტა დაგიცავს?

- არასდროს! დედაჩემი ყოველთვის მკაცრად მიკონტროლებდა წონას. ერთხელ ბრინჯი მომიხარშა და მითხრა, რომ 3 დღის განმავლობაში მხოლოდ ბრინჯი უნდა მეჭამა. საღამოს მაცივართან მივიპარე, მერე კი დედას გავუმხილე, - დიეტა ცოტათი დავარღვიე-მეთქი. დიეტის დაცვა არ შემიძლია. მირჩევნია, საკვები ულუფა ნელ-ნელა შევამცირო. სუსტი ორგანიზმი მაქვს და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა მივიღო, მაგრამ - ზომიერად. ჩემს წონას არ ვუჩივი. ახლა სამეჯლისო ცეკვების შესწავლას ვაპირებ.

სამოსი

- შოპინგი ძალიან მიყვარს - დეპრესიიდან გამოვყავარ. ყოველ 3 დღეში ერთხელ რაღაცას ვყიდულობ, კვირაში ერთხელ კი დიდ შოპინგს ვაწყობ. მაგალითად, დღეს ფეხსაცმელი შევიძინე... მაღაზიებში სიარულისას, ვცდილობ, განსხვავებული სამოსი შევიძინო. ყოველდღიურად "ელასტიკებს", ჯინსის შარვალს ვიცვამ.

სამკაული და აქსესუარი

- სადა ტანსაცმელზე მბზინვარე, დიდი ყელსაბამების გაკეთება მომწონს. განსაკუთრებულად ოქროს სამკაულები მიყვარს.

- საყვარელი სამკაული თუ გაქვს?

- ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი ჩემთვის უმ­ნიშვნელოვანესია, რადგან დიდმა ადამიანმა მაჩუქა. ძოწის თვლით გა­ფორმებული ოქროს ყელსაბამია. ბიჟუტერიაც რომ ყოფილიყო, მაინც ძვირფასი იქნებოდა, რადგან ნაჩუქარია.

- ხშირად გიკეთია?

- განსაკუთრებულ შემთხვევებში ვატარებ... ასევე, რამდენიმე საყვარელი აქსესუარი მაქვს. მაგალითად, გვირილის ფორმის თვლიანი ყელსაბამი და კიდევ, რამდენიმე ბეჭედი და საყურე მაქვს ამოჩემებული... შოპინგს ისე არ დავასრულებ, სათვალე რომ არ ვიყიდო. სახლში უამრავი სათვალე მაქვს, მაგრამ მათი გაკეთება მავიწყდება ხოლმე (იცინის).

საქმე

- ამჟამად უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვარ. თამაზ ჭილაძის პიესაზე - "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" დავით ანდღულაძესთან ვმუშაობთ. სპექტაკლის პრემიერა თეატრალურ უნივერსიტეტში შედგება. ამჟამად ჩემი უმთავრესი საქმე ეს არის. პარალელურად, "ღამის შოუს" სტუდიის არხთან - "ტვ11"-თან აქტიურად ვთანამშრომლობ. ახლახან პროექტისთვის - "ხალხის აზრი" გადამიღეს, რომელშიც ჩემი გმირი მოდელია.

- ავთო ვარსიმაშვილის ფილმში - "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" ნინო ქათამაძესთან ერთად თამაშობ. თქვენი თანამშრომლობის შესახებ გვიამბე.

- ფილმში რეჟისორის ასისტენტის როლს ვასრულებ. ჩემს გმირს ძალზე უხეში ხასიათი აქვს, თავხედია. ნინოს დიდ პატივს ვცემ და ვამაყობ, რომ საქართველოში ასეთი შემოქმედი გვყავს. მიხარია, რომ მისი ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. მართალია, მსახიობი არ არის, მაგრამ მუშაობის პროცესში ისეთი ბუნებრივი იყო, რომ გადაღების პროცესი ძალზე გამარტივდა.

ოჯახი

- მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი და 26 წლის არის, ბანკირია. ჩემი 22 წლის ძმა კი, ოჯახურ ბიზნესშია ჩართული. ოჯახის წევრები ჩემს პროფესიას პატივს სცემენ და ყოველთვის მხარში მიდგანან. "შეკრული", ტკბილი ოჯახი გვაქვს. ერთად ვვახშმობთ, ვსადილობთ... შაბათი დედაჩემის დღეა - მისი მეგობრები გვსტუმრობენ და სხვადასხვა თემას განიხილავენ. დედის მეგობრები ძალიან მიყვარს. საერთოდ, სტუმრიანი ოჯახი მაქვს.

ჩემს პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება - თავისუფალი ვარ.

ჭორები

- ტელემაყურებლებმა სერიალიდან - "გოგონა გარეუბნიდან" გამიცნეს. თავდაპირველად, ჩემ შესახებ რაიმე გამაღიზიანებელი ჭორი არ გამიგონია, მაგრამ მერე ისეთი რაღაცები თქვეს, რამაც გული ცოტათი მატკინა.

- მიხეილ სააკაშვილთან ლანჩის მერე გავრცელებულ ჭორებს გულისხმობ?

- დიახ. ჩემს ინტერვიუზე კომენტარები რომ ვნახე და ჩემ მიმართ ხალხის დამოკიდებულებას გავეცანი, შევშინდი. ვთქვი კიდეც, - ინტერვიუს არასოდეს არავის მივცემ-მეთქი. დავითრგუნე. ოჯახი, მეგობრები მყავს. მართალია, ისინი მიცნობენ, მაგრამ უსიამოვნოა, როცა უცხო ადამიანები რაღაცებში ტყუილად გდებენ ბრალს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაძაბული ურთიერთობებია, ადამიანებს სწორად არ ვაფასებთ.

- მას შემდეგ ბატონ მიხეილს თუ შეხვედრიხარ?

- ამაზე ლაპარაკიც არ მინდოდა, რადგან ვიცი, ისევ ჭორები აგორდება. პრეზიდენტთან შეხვედრაში ცუდს ვერაფერს ვხედავ... დღეს ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუნდაც მისი პირადად გაცნობა ძალიან კარგი იქნებოდა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ბედნიერებაა... ლანჩის მერე, ბატონ მიხეილს კიდევ ერთხელ შევხვდი: თავის სასახლეში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა. იქ იყვნენ გოჩა ჩერტკოევი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეები...

- ახალ პრეზიდენტსაც ხომ არ შეხვედრიხარ?

- აპოლიტიკური ვარ. უბრალოდ, ერთხელ მომეცა შანსი და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი გავიცანი, მასთან ვისაუბრე... ახალ პრეზიდენტთან არანაირი შეხება არ მაქვს. ზოგადად, არც ტელეეკრანზე მომხვედრია თვალში. ქვეყანაში პრეზიდენტის ყოფნას ვერც ვგრძნობ... პოლიტიკაში არ ვერევი. მთავარია, ქვეყნისთვის კარგი გააკეთონ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება