რა დამცირებებს გაუძლო მარკუს მეტრეველმა - მარკუსი მარკუსზე ანუ ამბები "ამბებისთვის"

რა დამცირებებს გაუძლო მარკუს მეტრეველმა - მარკუსი მარკუსზე ანუ ამბები "ამბებისთვის"

მარკუს მეტრეველს მისი ცხოვრებიდან "ამბები.გე"-სთვის რაიმე მნიშვნელოვანი ამბის მოყოლა ვთხოვე. დავფიქრდებიო, - მითხრა და მერე ასე მხატვრულად დაიწყო თხობა:

- დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გამწვანებულ უბანში... თავიდანვე ექსცენტრიკულობით გამოირჩეოდა და უბნის ბავშვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ამიტომ ხშირად წინააღმდეგობების დაძლევა უწევდა. უყვარდა ყველა და ყველაფერი, მაგრამ განსაკუთრებულად - ერთი...

სკოლაშიც ხშირად ქაოსურ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. საზოგადოებისგან სულ სადღაც გარბოდა, პროტესტის გრძნობა აწუხებდა, თავისუფლება სწყუროდა... სილამაზის აღქმის საოცარი უნარით გამოირჩეოდა... ცოტა რომ წამოიზარდა, საქართველოში ომი დაიწყო. ამიტომ საბერძნეთში წაიყვანეს, მეგობრებს და იმ ადამიანებს მოსწყვიტეს, ვისგანაც ყოველდღიურად სითბოს იღებდა. ჩავიდა ქალაქში, სადაც არავინ იცნობდა. მათთვის ის უცხო იყო. ეუხეშებოდნენ, დასცინოდნენ. მეოთხეკლასელი 1-ელ კლასში დასვეს. ამან სულ გააგიჟა. მოსწავლეები ამცირებდნენ. ამ ყველაფრისგან დათრგუნვილმა ერთხელაც საკუთარ თავს უთხრა: სკოლაში ყველაზე წარმატებული მოსწავლე გავხდებიო! მართლაც 6 თვეში, გიმნაზიის დირექტორმა მე-3 კლასში გადასვა, ხოლო ახალ სეზონზე კი - მე-5-ში. მალე წარჩინებული მოსწავლეების დაფაზე მისი საპატიო ვარსკვლავი ჩამოკიდეს. იმის მერე ბავშვები, რომლებიც ჩაგრავდნენ, დაუმეგობრდნენ, ასწავლიდნენ ხატვას, ძერწვას, სიმღერას, ჩოგბურთს... გიმნაზიის დირექტორმა გიმნაზიის გასაღები ჩააბარა: დღეიდან გიმნაზიის კარს შენ გახსნი და დახურავ! თავდადებული შრომით სასწავლებელი 10-იანებზე დაამთავრა. შემდგომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის გადალახვა უნდა დაეწყო, მაგრამ მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს.

მაგრამ საქართველოში ერთი ჩვეულებრივი "უცხოელი" აღმოჩნდა, რომელსაც აქ უნივერსიტეტში უნდა ჩაებარებინა, ოღონდ, არ იცოდა, განათლების მიღება რა მიმართულებით უნდოდა. ამასთან, უთხრეს, თუ მშობლიურ ენაზე წერას და აზროვნებას ვერ ახერხებ, ვერ ჩაირიცხებიო. ეს მის ცხოვრებაში შექმნილი უკვე მეორე დაბრკოლება იყო. რას იზამდა? საგნებში საფუძვლიანი მომზადება საუკეთესო პედაგოგებთან დაიწყო. წელიწად-ნახევარში კი დედას უთხრა, გამოცდების ჩაბარება სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდოდა. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე (ბერძნული ენის განხრით) ჩაირიცხა. რადგან ხატვის ნიჭიც ჰქონდა და დედას თხოვნით მიმართა, - ახლა სამხატვრო აკადემიისკენ წავიდეთო. დაბნეულმა მშობელმა თხოვნა აუსრულა. ბიჭმა ლექტორს ჰკითხა, - დიზაინერი როგორ გავხდეო? აუხსნეს, რაც იყო ამისთვის საჭირო... ერთ კვირაში საჭირო საგნები მოამზადა და გამოცდებზე გავიდა. საოცარი შედეგი ჰქონდა, - მე-2 კურსზე დასვეს. მაგრამ რაც დრო გადიოდა, არსებულ სიტუაციაში სულ უფრო უცხოვდებოდა და თავისი ნოვატორული და განსხვავებული აზრებით მიუღებელი ხდებოდა...

თბილისის სამხატვრო აკადემია მეოთხე კურსიდან მიატოვა და ისევ საბერძნეთში წავიდა. ათენში გაემგზავრა, სადაც ერთი პატარა ოთახი იქირავა და იქ დაბინავდა. ბინა ისეთი პატარა იყო, მხოლოდ ერთი საწოლი ეტეოდა. მილიონობით ადამიანში ისევ მარტო აღმოჩნდა. ისევ დაბნეული, არეული, თავის იდეებთან განმარტოებული ... დედამ იქ იმ მიზნით ჩაიყვანა, რომ საბერძნეში პრესტიჟულ მუსიკალურ აკადემიაში ესწავლა. აღნიშნულ სასწავლებელში ყველა ვერ მოხვდებოდა და თან, მაღალი გადასახადიც იყო. ერთი სეზონი (3 თვე სწავლა) 1.500 ევრო ღირდა და სულ 4-წლიანი სწავლება იყო. მუსიკალურ აკადემიაში გამოცდებისთვის მოემზადა (12 გამოცდა) და ჩაირიცხა კიდეც. აკადემიაშიც გამოიჩეოდა, არაორიდინარული და განსხვავებული იმიჯი ჰქონდა (გრძელი თმა, უკან ნაწნავი, გვერდებში აპარსული, ჩაშავებული თვალები, მუხლამდე ჩექმა, უამრავი აქსესუარი). ნამდვილ უცხოპლანეტელს ჰგავდა.

მეორე წელს დერეფანში თვალსაჩინო ადგილას მისი სიდი, სინგლი დაკიდეს და 6000 სტუტენტში გამოარჩიეს. ხმით, მონაცემებით, იმიჯით და აკადემიის ხუთ ყველაზე წარმატებულ სტუტენტს შორის აღმოჩნდა და მის დიპლომს ბოლოს სამაგალითოდ დერეფანში მიუჩინეს ადგილი. ჰქონდა უამრავი გასტროლი, კონცერტი, ტელევიზიებში მისი მიწვევა ყველას უყვარდა. ლექტორები მისით ამაყობდნენ. კონცერტები ჰქონდა უცხოეთში, მაგრამ ყოველთვის აკლდა და ენატრებოდა სამშობლო. გავიდა დრო და სამშობლოში ისევ დაბრუნდა.

იგივე განმეორდა, - კრიტიკა, ცინიზმი, შურიანი, ბოღმიანი თვალები და ისევ უტაქტო კომენტარები... აკრიტიკებდნენ ყველაფერზე (ჩაცმა, იმიჯი, სიმღერის სტილი, გემოვნება, საუბარი). მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტა, კარიერა საქართველოში გაეგრძელებინა. შემოქმედებითად ზრდა დაიწყო, 3 ვიდეორგოლი გადაიღო, 12 ახალი სიმღერა ჩაწერა, მათ შორის, რამდენიმე წარმატებული დუეტიც. საქართველოს მასშტაბით უამრავი კონცერტი ჩაატარა, იყო უცხოეთშიც. ამ ყველაფრის შემდეგ ხალხის აგრესიაც მოიპოვა და სიყვარულიც. წარმატებას მიაღწია. დღეს კვლავაც შემდგომი შემოქმედებითი ზრდისთვის აგრძელებს მუშაობას, მაგრამ წუხს, რომ საქართველოში ადამიანობის დიდი დეფიციტია.

მეგობრებო, ეს მე ვარ - მარკუს მეტრეველი! სიყვარულით გეფერებით და გპირდებით, რომ მომავალშიც ბევრ ლამაზ სიმღერას გაჩუქებთ. გირჩევთ, არასდროს დანებდეთ თქვენს პრობლემებს, სატკივარს, იბრძოლეთ, იშრომეთ მიზნის მისაღწევად და მოგეცემათ!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება