ეკო ფანგანის ჯარიმები და ტანსაცმლით სავსე სალონი

ეკო ფანგანის ჯარიმები და ტანსაცმლით სავსე სალონი

ეკატერინა ფანგანმა ავტომობილის მართვა თინეიჯერობის ასაკში ისწავლა. სისწრაფის მოყვარულია და ამის გამო, ხშირადაც აჯარიმებენ. თუმცა, ეკო აღნიშნავს, რომ პატრულის მიმართ მაინც კეთილგანწყობილია და შევარდნაძის დროინდელი მილიციისგან განსხვავებით, მათი იმედიც აქვს.

- როდის ისწავლეთ მანქანის მართვა და ამჟამად რა მარკის ავტომობილი გყავთ?

- საჭის მართვა დიდი ხნის წინ ვისწავლე და სხვათა შორის, ამისთვის მასწავლებელთან სიარული არ დამჭირვებია. მამა და ჩემი მეგობრები ხშირად მსვამდნენ საჭესთან და მართვის მოწმობაც ადვილად ავიღე. პირველად BMW-ს მარკის "ტროიკა" მყავდა, ახლა - Audi A4 მყავს. სისწრაფე მიყვარს, რაშიც ჩემი ახლანდელი ავტომობილი მიწყობს ხელს.

- ავტომობილის მოვლა თუ გეხერხებათ? მის ნაწილებში ერკვევით?

- სხვათა შორის, ავტომობილის მოვლა ბევრ ბიჭზე უკეთესადაც შემიძლია. როცა რაიმე გამოდის მწყობრიდან, შეკეთება თავადაც შემიძლია. მაგალითად, ზეთის ჩასამატებლად და ანტიფრიზის ჩასასხმელად ხელოსანთან არ წავალ.

- თუ აღმოჩენილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა საბურავის შეცვლა თავად მოგიხდათ?

- მე თვითონ არასდროს შემიცვლია, მაგრამ ვიცი, რომ ძნელი არ არის. უბრალოდ, ძალა უნდა, ფიზიკური სამუშაოა და როცა ქუსლიანი ფეხსაცმლით, გაპრანჭული სადღაც მიდიხარ, ცოტა მოუხერხებელია. ასეთ შემთხვევაში, ტაქსი გამიჩერებია ან დასახმარებლად ვინმე მოსულა.

- ხშირად დაუჯარიმებიხართ?

- მრავალფეროვანი საპატრულო ჯარიმები მომდის ხოლმე. მაგალითად, საჭესთან ტელეფონზე საუბრისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და ა.შ. მას შემდეგ, რაც გზებზე ვიდეოთვალი დააყენეს, უკვე იმდენი ჯარიმა მომივიდა, რომ ვცდილობ, წესები აღარ დავარღვიო. რამდენიმე დღის წინ ჩემი მანქანა "სითი პარკის" თანამშრომლებმა წაიყვანეს და ამის გამო ძალიან გავბრაზდი... ერთხელ, დაახლოებით რვა წლის წინ, პატრული თვითონ დამეჯახა, მაგრამ მე დამადანაშაულეს და ავარიისთვის ჯარიმა გადავიხადე.

- არ გააპროტესტეთ?

- კი, მაგრამ მაშინ პატრული ახალი ხილი იყო, სამაგალითო უნდა ყოფილიყო და მე ვინ რას დამითმობდა? თანაც, წესი ცოტათი მეც დავარღვიე, ალბათ. ცალმხრივი მოძრაობა იყო, ჩემს გზაზე მივდიოდი, მათ კი მანქანა უცებ მოატრიალეს ისე, რომ მე არც შემომხედეს... ჰოდა, რა ვიცი, ავარია ვისი ბრალი იყო (იცინის)?

- ამა თუ იმ საგზაო ნიშნის მნიშ­ვნელობა თუ აგრევიათ ან დაგვიწყებიათ?

- როგორ არა! ხომ არის ადგილები, სადაც მუდმივად დადიხარ და უკვე "გამჯდარი" გაქვს, საიდან უნდა შეუხვიო და ა.შ. ამიტომ იქ საგზაო ნიშნებს აღარ ვუყურებ და როცა ცვლიან, ამას არ ვაკვირდები. ჰოდა, პატრულიც აუცილებლად მაჯარიმებს. ძირითადად, გზას ვუყურებ და არა - საგზაო ნიშნებს.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ პატრულთან?

- პატრული ძალიან მიყვარს და პირადად მე, მათდამი კარგი დამოკიდებულება მაქვს. მაინც 90-იანი წლებიდან მოვდივარ და კარგად მახსოვს მაშინდელი მილიცია. როცა ვიცი, რომ ქალაქში პატრული ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, იმედიანად ვარ. შეიძლება, უბრალო დარღვევების გამო მოსული ჯარიმების გამო გავბრაზებულვარ, მაგრამ საერთო ჯამში, მათდამი დადებითად ვარ განწყობილი. პატრულის მხრიდან ჩემ მიმართ აგრესია არასდროს მიგრძნია.

- ღვედს ყოველთვის იკეთებთ?

- თავიდან სულ ვიკეთებდი, ახლა ცოტა გავზარმაცდი... იმედია, ამ ინტერვიუს პატრულის რომელიმე თანამშრომელი არ წაიკითხავს და არ გამაკონტროლებს (იცინის). უბრალოდ, ზოგჯერ მავიწყდება ღვედის გაკეთება... მიკვირს, ზოგ გოგონას ქუსლიანი ფეხსაცმლით ავტომობილის მართვა რომ უძნელდება. "პედლებს" ხომ ფეხის წინა ნაწილით ეხები და ქუსლმა ხელი როგორ უნდა შეგიშალოს?

- მანქანის სალონს როგორ უვ­ლით? ხშირად აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ავტომობილი ბევრად უფრო მოვლილია, ვიდრე - ქალის.

- კი, ჩემიც ასეა. მანქანის სალონში, ისევე, როგორც საბარგულში, ბევრი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ქალისთვის საჭირო სხვა ნივთები დევს და როცა მაგალითად, გადაღებაზე მივდივარ, სამოსს მანქანაშივე ვიცვლი.

- რას ურჩევთ ქალბატონ მძღოლებს?

- ამ ქვეყანაში ქალბატონებიც და ვაჟბატონებიც საშინლად დადიან! მანქანის ნორმალურად მართვა არავინ იცის, რიგებში უწესრიგობაა და კარგი იქნება, ამას თუ ყურადღებას მიაქცევენ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება