მალე! "ჯინსების თაობის" რეჟისორი "ექვთიმე თაყაიშვილზე" მხატვრულ ფილმს გადაიღებს

მალე! "ჯინსების თაობის" რეჟისორი "ექვთიმე თაყაიშვილზე" მხატვრულ ფილმს გადაიღებს

სანამ ნიკოლოზ ხომასურიძე "ჯინსების" გადაღებას შეუდგება, მანამდე ქართული ისტორიული ფილმის - "ექვთიმე თაყაიშვილის" გადასაღებად ემზადება. ამისთვის საქპატენტში პროექტი უკვე დაარეგისტრირა. ცოტა ხანში საფრანგეთში მიემგზავრება, რომ მოინახულოს ადგილები, სადაც ჩვენი ეროვნული გმირი - ექვთიმე თაყაიშვილი ცხოვრობდა და წლების განმავლობაში ქართულ განძს დარაჯად ედგა.

- დაახლოებით ორი წელია მე და ლაშა კანკავა ვმუშაობთ ამ პროექტზე და მასალებს ვიძიებთ. საკმაოდ ვრცელი და ბევრი ინფორმაცია (არქივებიდან, ხელნაწერებიდან) დაგვიგროვდა... რატომ ექვთიმე? იმიტომ, რომ ცხოვრებაში რამდენიმე ქართველი, სამაგალითო ადამიანი მყავს, რომელიც შეიძლებოდა, ნებისმიერი ერის საამაყო შვილი ყოფილიყო. მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილია. ის ყველაზე დიდ ცდუნებაზე (მატერიალური) ამაღლდა. ქართულ საგანძურს კიდევ არაერთი უძველესი ექსპონატი შეჰმატა და გაამდიდრა განძი, რომელსაც უცხოეთში დარაჯობდა. არადა, ცნობილია, რომ გაჭირვებაში ცხოვრობდა, ყველაფერს იკლებდა, მეუღლე ნინო პოლტარაცკაიასთან ერთად და განძს მფარველობდა მაშინ, როცა რამდენიმე ქვეყანა (ამერიკა, ინგლისი, რუსეთი) ცდილობდა, იქიდან სარგებელი მიეღო.

ეს ყველაფერი ლამაზად და კარგად არის ასახული ჩვენს სცენარში, რომელიც სტრუქტურულად უკვე შეკრულია. მხოლოდ დიალოგების დამუშავებაღა დაგვრჩა. მარტის ბოლოს საფრანგეთში, ლევილის დასათვალიერებლად წავალთ. ის ქუჩები და ადგილები უნდა მოვინახულოთ, სადაც ექვთიმეს ყოფნა უხდებოდა. იმის შემდეგ ალბათ, სცენარში გარკვეული ცვლილებებიც შევა და ის საბოლოო სახეს აპრილში მიიღებს. ზაფხულში კი პროექტის განხორციელება იგეგმება.

- მისი გადაღება ფილმის "ჯინსების თაობა" ეკრანიზებას ხელს არ შეუშლის?

- არა, "ჯინსები" თავისი მიმართულებით მიდის. გრაფიკი ისეთია, რომ შემოდგომისთვის უნდა დავიწყოთ გადაღება.

- "ექვთიმე თაყაიშვილზე" იგივე ჯგუფი იმუშავებს?

- ფაქტობრივად, ის გადამღები ჯგუფი იქნება, რომელიც "ჯინსებს" გადაიღებს. "ექვთიმე" 5 ენაზე იქნება (ქართული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული) გადაღებული.

- ტიტრები არ ექნება ფილმს?

- კი, როგორ არა. უბრალოდ ვიგულისხმე, რომ ყველა ეროვნების ადამიანს, ვისაც ექვთიმესთან ჰქონდა ურთიერთობა, კონტაქტი, ფილმში იმ ქვეყანის ენაზე დაელაპარაკებიან, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენენ. მოგეხსენებათ, ექვთიმე ბევრ ენას ფლობდა. ხოლო ფილმის ძირითადი ენა კი ქართულია. პროექტში უცხოელი მსახიობებიც დაკავდებიან და გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში გვექნება. მადლობა უნდა ვუთხრა ეკა სირაძეს, ჩვენს ელჩს საფრანგეთში. დიახ, პარიზში რომ ჩავალთ, საელჩო საკითხების გარკვევაში დაგვეხმარება. მოკლედ, "ექვთიმე" ქართული მხატვრული პროდუქტი უნდა იყოს. მასში ქართველებიც ითამაშებენ.

- ექვთიმეს როლის შემსრულებელი ცნობილია?

- კი, მაგრამ მისი გამჟღავნებისგან ჯერ თავს შევიკავებ. ვიტყვი, რომ სერიოზული ქასთინგი გვექნება ნინო პოლტარაცკაიას როლის შემსრულებელ მსახიობზე...

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, პროექტი საქპატენტში დაარეგისტრირეთ...

- კი, მაგარი ფაქტი მოხდა: საქპატენტს მცხეთაში ჩავაკითხეთ (იქ არის მისი შენობა) და იმის გამო, რომ თურმე ახალი ბაზა კეთდება, პირველი ონლაინ ვებგვერდის სახით, "ექვთიმე" პირველი პროექტი აღმოჩნდა, რომელიც იქ დარეგისტრირდა. დამეთანხმებით, თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, რომ ონლაინრეგისტრაცია პირველმა ამ პროექტმა გაიარა.

- შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ნიკა სამუშაოდ ყოველთვის ხმაურიან თემებს ირჩევს, რითიც პოპულარული ხდებაო...

- სიამოვნებით გავხდები "ექვთიმეს" თემით პოპულარული. თუ ნებისმიერი ადამიანი ჩემს რჩევას გაითვალისწინებს, კარგია, ასეთ თემებს პირიქით, ხელი უნდა მოჰკიდოს... ისტორიული ამბები ბავშვობიდან მიზიდავს...

- კი, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს საქმე, "ექვთიმე" მარტივად გასახორციელებელი პროექტი არ მგონია...

- კი, გეთანხმებით, მთელი პერიოდი გვაქვს შესაქმნელი და მინდა, რომ ეს ყველაფერი კარგად და ხარისხიანად განხორციელდეს... მინდა გითხრათ, რომ ლაშა კანკავა (სცენარის თანაავტორი) გალაკტიონ ტაბიძის როლს ითამაშებს. საკმაოდ კარგი სცენა იქნება. ლაშა ძალიან ჰგავს გალაკტიონს.

მოკლედ, ფილმში ერთმანეთს ნინო პოლტარაცკაიასა და ექვთიმე თაყაიშვილის სიყვარულისა და ქართული განძის ამბავი ერთმანეთს გადაეჯაჭვება. საკმაოდ საინტერესოდ იკვეთება ეს ყველაფერი.

- გალაკტიონის გარდა, კიდევ რომელი ცნობილი ადამიანები გამოჩნდებიან ფილმში?

- მაყურებელი იხილავს ქაქუცა ჩოლოყაშვილს, ნოე ჟორდანიას, სტალინს.

- ცნობილია, რომ ექვთიმეს ემიგრაციაში ერთი თხა ჰყავდა, რომელიც მისი ერთადერთი იმედი იყო, შეიძლება ითქვას, რომ ის ინახავდა მას...

- კი და იმ თხამ მერე ფეხიც კი მოსტეხა. ბავშვობაში ერთი ფეხი კი ისედაც მოტეხილი ჰქონდა და ამის გამო ხეიბარი იყო. მერე კი იმ თახამ  მეორეც მოსტეხა (ბაწარი გამოედო და წააქცია). ამ ყველაფრის გამო ექვთიმეს "კოჭლაბუხას" ეძახდნენ. ახალგაზრდობაში კი, სანამ ნინო პოლტარაცკაიას ცოლად მოიყვანდა, ნინოს მამას, როგორც ჩანს, ამ ნაკლის გამო სიძედ არ უნდოდა და უთქვამს: თუ ჩემს გოგოს თავს არ დაანებებ, მეორე ფეხასაც მოგტეხავო... ისიც ცნობილი ფაქტია, რომ მათი გაცნობა-დაახლოება ილია ჭავჭავაძის მეშვეობით მოხდა. მოკლედ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფილმში კარგი და ღირსეული ადამიანები გაცოცხლდებიან. პროექტს ფესტივალებზე მოუწევს გაგზავნა, რადგანაც ასეთი ადამიანის ისტორიაა, რომელმაც ამდენი დაითმინა და ასე უკლებლივ დაუბრუნა ქვეყანას განძი.

- ნიკოლოზ, ამერიკის კინოსკოლიდან განსაკუთრებულად რა მოგყვება, რაც მუშაობაში გეხმარება?

- ეს არის ცოდნა, განათლება და კონტაქტები. ამ ყველაფერს უდიდეს ყურადღებას ვანიჭებ. ადამიანები, რომელბიც ჩემს პროექტებზე მუშაობენ, კვალიფიციურები უნდა იყვნენ. რაც უფრო კარგი კადრები გყავს, უეკთესი პროექტი გამოდის. როდესაც ამა თუ იმ პროექტზე მუშაობას ვიწყებ, ჯგუფის წევრებს ვთხოვ, შენიშვნა გამოთქვან და იმ შენიშვნების გათვალისწინებით, ვაკეთებ საბოლოო პროდუქტს. პროფესიონალი კადრის რჩევის მიღება, მნიშვნელოვანია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება