შაია ლაბეფი "ბერლინალეზე" თავზე ტომარაჩამოცმული მივიდა

შაია ლაბეფი "ბერლინალეზე" თავზე ტომარაჩამოცმული მივიდა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შაია ლაბეფი ბერლინის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე თავზე პაკეტჩამოცმული მივიდა. პაკეტი თვალების ადგილას ამოჭრილი იყო და ეწერა "ცნობილი ადამიანი აღარ ვარ".

ასე გამოწყობილი ლაბეფი ლარს ფონ ტრიერის ფილმის, "ნიმფომანის" ჩვენების წინ გამოჩნდა, რომლის სრული ვერსიაც პირველად ბერლინალეზე აჩვენეს. ლაბეფმა ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე პრესკონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა "ნიმფომანის" რეჟისორს ლარს ფონ ტრიერს არ მიუღია. იგი ფესტივალზე მაისურით მივიდა, რომელსაც ეწერა "კანის კინოფესტივალის პერსონა ნონ გრატა. ჟიურის ოფიციალური არჩევანი" და ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი თქვა. ტრიერის მაისურზე წარწერა 2011 წლის სკანდალს ეხება, როდესაც მან კანში, პრესკონფერენციაზე ჰიტლერისადმი სიმპატიის თემაზე იხუმრა და იგი ფესტივალზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

ლაბეფი პრესკონფერენციაში მონაწილეობდა, მაგრამ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას იგი საღეჭ რეზინს დემონსტაციულად ღეჭდა და მხოლოდ ერთ კითხვას უპასუხა - იმის შესახებ, როგორი იყო მისთვის "ნიმფომანში" სექსუალურ სცენებში მონაწილეობა. ლაბეფმა თქვა: " თოლიები სათევზაო ტრაილერს მხოლოდ იმიტომ მიჰყვებიან, რომ ფიქრობენ, თითქოს სარდინებს წყალში გადაყრიან. დიდი მადლობა". ამის შემდეგ მან პრესკონფერენცია შეწყვიტა და დარბაზიდან გავიდა.

ქაღალდის პაკეტზე წარწერას მსახიობის "ტვიტერის" პოსტს უკავშირებენ, რომელზეც 13 იანვრის შემდეგ ფრაზის - "ცნობილი ადამიანი აღარ ვარ" გარდა, სხვა კომენტარი არ გამოქვეყნებულა. იანვრის დასაწყისში მან განაცხადა, რომ "საჯარო ცხოვრებაზე" უარს ამბობს. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე შაია ლაბეფი დაადანაშაულეს, რომ საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტი კომიქსების ავტორ დენიელ კლოუზისთან ისესხა.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება