"შეიარაღების რბოლა" - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე

"შეიარაღების რბოლა" - მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე

2009 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა არაერთი ქვეყნის სამხედროს ბიუჯეტს მიაყენა. ქვეყნის თავდაცვისთვის განკუთვნილ ხარჯების შემცირებასთან ერთად, ბევრმა სახელმწიფომ სხვადასხვა პერსპექტიულ სამხედრო პროექტზეც თქვა უარი.

ბოლო დროს ვითარება შეიცვალა და უკანასკნელი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მსოფლიოში თავდაცვითი ხარჯების ზრდაზე ალაპარაკედნენ და ახალი "შეიარაღების რბოლის" დაწყებასაც პროგნოზირებენ. მათ შორისაა კომპანია IHS (Jane's Annual Defence Budgets Review). მისი ანგარიშით, სამხედრო ხარჯების ზრდაში ლომის წილი ჩინეთსა და რუსეთზე მოდის. ამ გარემოებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ყველაზე მსხვილი თავდაცვითი ბიუჯეტის მქონე ქვეყნების სიაში, რუსეთმა მე–5 პოზიციიდან მესამეზე გადმოინაცვლა. NATO-ს ექსპერტები ამ საკითხზე შეშფოთებას უკვე დიდი ხანია გამოხატავენ. რუსი ანალიტიკოსების თქმით, ქვეყანა მხოლოდ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაკარგული პოტენციალის აღდგენას ცდილობს. IHS-ის თქმით, უახლოეს მომავალში თავდაცვით ხარჯებს რუსეთი 44 %-ით გაზრდის. თუ 2013 წელს ამ სფეროში 68,9 მლრდ დოლარი დაიხარჯა, 2016 წლისთვის ეს ციფრი 98 მლრდ-მდე გაიზრდება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის მქონე ქვეყნების ხუთეულში, შუა პოზიციაზე მოხვედრილმა რუსეთმა უკან დიდი ბრიტანეთი და იაპონია ჩამოიტოვა. წინ - აშშ და ჩინეთი არიან.

რუსეთისა და ჩინეთის გარდა, დასავლეთს სპარსეთის ყურეში მიმდინარე "სამხედრო რბოლაც" აფიქრებს. "დამნაშავედ" ამაში ირანი ითვლება. ომანი და საუდის არაბეთი, თეირანთან შესაძლო ომისთვის იარაღდებიან. თავდაცვაზე ხარჯებს არც ამავე რეგიონში მდებარე ისრაელი იშურებს, რომლის მტრული დამოკიდებულება იარანისადმი ყველასთვის ცნობილია. თავად ისლამური რესპუბლიკა კი ყოველმხრივი სამხედრო სანქციების პირობებში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სამამულო წარმოების ხარჯზე ცდილობს.

სხვადასხვა ქვეყნებში, თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, შეიარაღების შესყიდვაზე გაღებული თანხების მხრივ, აბსოლუტურ ლიდერად კვლავ აშშ რჩება. ბიუჯეტის 1,3 %-ით შემცირების მიუხედავად, წელს თავდაცვაზე ამერიკა 578 მლრდ დოლარს დახარჯავს. გარკვეულ წილად ხარჯების შემცირება, ავღანეთში სამხედრო კამპანიის დასრულებას უკავშირდება.

ხუთეულის დანარჩენ წევრებს, აშშ-ს დაწევა, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდებათ. შედარებისთვის, ჩინეთის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 139,2 მლრდ, რუსეთის კი - 68,9 მლრდ დოლარია.

მილიტარიზაციისკენ პატარა ქვეყნებს დიდი თანამოძმეები უბიძგებენ. ამერიკის ხელშეწყობით, პირველად 10 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯები იაპონიამაც გაზარდა. ამომავალი მზის ქვეყნის შემთხვევაში, მილიტარიზაციის მიზეზი კომუნისტური კორეა და დინამიურად განვითარებადი ჩინეთია. წლიური 56,8 მლრდ-ით, IHS-ის სიაში იაპონია მეხუთე ადგილზე მოხვდა და უკან ბირთვული იარაღის მფლობელი საფრანგეთიც ჩამოიტოვა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე