ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, ნატო-ს მხარდაჭერის მაჩვენებელია იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს , - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის აეროპორტში განაცხადა.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, რომელსაც კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს, თბილისში 15.00 საათისთვის ჩამოვიდა. სამხედრო კომიტეტის დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დახვდნენ.
კნუდ ბარტელსმა ქართულ მხარეს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილი ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში.
"კომიტეტის თავმჯდომარის რანგში კიდევ ერთხელ მინდოდა გამომეხატა ჩემი მაღალი შეფასება და დაფასება იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცა საქართველოში ჩამოსვლის და იმისთვის, რომ პირველი ხელიდან ან პირველი წყაროდან მიმეღო ინფორმაცია თქვენს თავდაცვის რეფორმებზე და იმ პროგრესზე, რომელსაც განიცდის საქართველოს შეიარაღებული ძალები. ეს გახლავთ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტი საქართველოში და ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, ნათლად გამოკვეთილი ნატო-ს მხარდაჭერის მაჩვენებელია იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მინდა, ასევე მადლიერება გამოვთქვა იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი აღნიშნავს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, - განაცხადა კნუდ ბარტელსმა.
დღეს ნატო-ს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
12 თებერვალს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
იმავე დღეს, სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია", "28+1 ფორმატში" სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სესიაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
სხდომის შემდეგ, ნატო-ს წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.