როგორ დაიკარგა ჩინეთში ქართველი მოდელი

როგორ დაიკარგა ჩინეთში ქართველი მოდელი

ნია წივწივაძის სამოდელო კარიერა სულ ცოტა ხნის წინ, ნინო ცქიტიშვილის სააგენტო "ლუქ მოდელსში" დაიწყო. საიდანაც ჩინეთში მიიწვიეს სამუშაოდ.

-  სამოდელო სააგენტოები ყოველთვის მთავაზობდნენ თანამშრომლობას, ია კიწმარიშვილმა "ფეისბუქზე" ნახა ჩემი ფოტოები და შემომთავაზა "მის საქართველოში" ან "ელიტ მოდელ ლუქში" მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ კონკურსების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ამიტომ უარი ვუთხარი და ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მივედი. მოდელობის დაწყებიდან თვე-ნახევარში მივიღე მოწვევა შანხაიდან, სამოდელო სააგენტო "მოდელ ფოკუსმა" მე, მაგდა მელიქიშვილი და კიდევ ერთი ქართველი მოდელი ბიჭი მიგვიწვია სათანამშრომლოდ.

-  საკმაოდ პატარა იყავი, როცა ჩინეთში წასვლამ მოგიწია. ოჯახი როგორ შეხვდა ამ შემოთავაზებას?

-  ნინო ცქიტიშვილს სამოდელო სამყაროში ენდობიან, ის ძირითადად უცხოურ სააგენტოებში გზავნის გოგონებს, რომლებიც წარმატებას აღწევენ ევროპისა და აზიის სააგენტოებში. ამიტომ ოჯახი დათანხმდა ამ წინადადებას და ჩინეთში გამიშვეს სამუშაოდ. შანხაიში ჩასულს, თავდაპირველად გამიჭირდა საქართველოსა და ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა, ამას ისიც დაემატა, რომ არ მომეწონა მათი კერძები, ამიტომ ღამით "მაკდონალდსში" დავდიოდით მე და მაგდა, ახლოს იყო, ჩვენი სახლიდან ათი წუთის სავალზე. ხანდახან გვეზარებოდა გასვლა და კურიერს ვთხოვდით კერძების მოტანას, ინგლისური არ იცოდნენ და ჩინურად ვუმარცვლავდით რა გვინდოდა და სად უნდა მოსულიყო. ბევრჯერ სხვაგან წასულა და მერე ღამით ქუჩაში ვეძებდით. ერთხელ მაღაზიაში მივდიოდით და დავიკარგეთ, დავურეკეთ მენეჯერს, რომელმაც ტაქსის მძღოლს უთხრა, სასწრაფოდ დავებრუნებინეთ სახლში. იმ დღეს ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარით... ჩინეთს და საქართველოს შორის 4 საათია სხვაობა, ამიტომ დროშიც არეულები ვიყავით. ბოლოს ისე შევეჩვიე იქაურ ცხოვრებას, თბილისში ჩამოსული ვხვდები, რომ ისევ მენატრება შანხაი.

-  როგორ რეჟიმში გიწევთ ცხოვრება მოდელებს?

-  ჩვენი სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება. დღის განმავლობაში უამრავი კასტინგია დაგეგმილი. თუ სხვა ქალაქში გვაქვს ჩვენება, თვითმფრინავით მივფრინავთ ან ტაქსით მივდივართ. გოგონები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსული, უმეტესად ბრაზილიელები, რუსები და უკრაინელები ჰყავთ მოწვეული. ყველა სააგენტოს აქვს საკუთარი საცხოვრებელი, სახლში გვაქვს ტრენაჟორი, ყოველი კვირის ბოლოს ვიღებთ ჰონორარს. შაბათ-კვირას ვისვენებთ, ამ დროს შანხაის ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებთ. ძალიან ლამაზი ქალაქია, უსაფრთხო, ყველგან დგას დაცვა. უცხოელი მოდელები დიდი ხნით ჩამოდიან სამუშაოდ, მე და მაგდა კი რამდენიმეთვიან კონტრაქტს ვდებთ. როცა ვამბობთ, რომ უნივერსიტეტში სწავლის გამო არ ვრჩებით დიდხანს, უკვირთ, რადგან მოდელების უმეტესობა სკოლის დამთავრების შემდეგ არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, ბევრი მოდელი კი იქაურ უნივერსიტეტებში აბარებს.

-  კონკურენციის გამო ალბათ ცოტა დაძაბული ურთიერთობა გაქვთ გოგონებს?

-  ქართველები არანაირ ინტრიგებში არ ვერეოდით. იქ მთავარია კარგი დამოკიდებულება გქონდეს მოდელებთან და ყველანაირი ინტრიგისგან დაცული ხარ. ერთ-ერთი მოდელი დიზაინერებს არ მოსწონდათ და არც სააგენტო იყო კმაყოფილი მისი მუშაობით, ეს გოგო ერთ დილით გაიპარა სახლიდან, საქმეში მთელი სააგენტო ჩაერთო, ბოლოს სხვა ქალაქში იპოვეს, სხვა სააგენტოსთან ჰქონდა დადებული კონტრაქტი.

-  რომელი ჩვენება დაგამახსოვრდა განსაკუთრებით?

-  განსაკუთრებით დამამახსოვრდა საქორწინო კაბების ჩვენება. პოდიუმზე სხვადასხვა საქორწინო კაბით გამოვედი, ჩემზე უფრო მძიმე კაბები იყო. ისე დავიღალე, ვამბობდი, არასდროს გავთხოვდები-მეთქი.

-  სათანადო ანაზღაურება გაქვთ?

-  მოდელის საქმიანობა აზიასა და ჩინეთში უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანაში.

-  როგორ მოდელებზეა მოთხოვნა ჩინეთში?

-  არ მოსწონთ ძალიან გამხდარი გოგონები, უნდა აკმაყოფილებდე იმ წონას, რაც განსაზღვრულია. თუ დაარღვევ, 100 ან 200 ჩინური იენით გაჯარიმებენ. 1 ლარი 7 ჩინური იენია.

-  ენა ისწავლე?

-  თავდაპირველად ვისწავლე "გამარჯობა", "ნახვამდის" და "მადლობა". კასტინგის დასრულების შემდეგ მადლობას რომ ვუხდიდით ჩინელებს, გიჟდებოდნენ, ისე უხაროდათ, უკვირდათ ჩვენი თავაზიანობა. ქუჩაში როცა გავდიოდით, ჩინელი კაცები გაოგნებული გვიყურებდნენ, თავი ვარსკვლავი მეგონა. ერთხელ ერთმა კაცმა ტაქსიდან გადმოგვიყვანა და გვითხრა, თქვენთან ფოტოს გადაღება მინდაო. ფოტოებს ხშირად იღებდნენ ჩვენთან. უკვირდათ, ღია ფერის და მაღალ გოგონებს რომ ხედავდნენ.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება