"სოფოს ყოფილი ქმარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს" - მიშა მესხი

"სოფოს ყოფილი ქმარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენს" - მიშა მესხი

სოფო ბედია, რომელიც ერთხელ უკვე იმყოფებოდა ქორწინებაში, სულ ახლახანს კიდევ ერთხელ გათხოვდა. ამჯერად მომღერლის რჩეული მიშა მესხია. წყვილის ჯვრისწერა სამების დიდ საკათედრო ტაძარში შედგა.

როგორ გაიცნეს ერთმანეთი სოფომ და მიშამ, იყო თუ არა სოფოს წინა ქორწინება შემაფერხებელი წყვილის ურთიერთობის განვითარებაში და აქვს თუ არა სოფოს ახლანდელ ქმარს მის ყოფილ ქმართან რაიმე კონტაქტი, ამის შესახებ მიშა მესხთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც "ამბები.გე-ს" ჯერ კიდევ მაშინ მისცა, როდესაც წყვილი ურთიერთობას იწყებდა.

- მიშა, როდის გაიცანი სოფო?

- სოფო ბედიას შორიდან წლებია ვიცნობ, ყოველთვის დადებითად ვიყავი განწყობილი მის მიმართ. მომწონდა როგორც მომღერალი და პატივს ვცემდი, მაგრამ პირადად ოქტომბერში გავიცანი. ჩვენი საერთო მეგობრის ქორწილში შევხვდით. არ ვიცოდი მეუღლეს დაშორებული თუ იყო, ამიტომ პირველივე დღეს არ გამომიჩენია მის მიმართ არაფერი. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობა არასდროს მიცდია და არც ქმრიან ქალებთან მქონია ურთიერთობა.

- საკმაოდ მცირე პერიოდი იყო გასული სოფოს ოჯახის დანგრევიდან, როცა თქვენი ურთიერთობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ეს შემაფერხებელი არ იყო ურთიერთობის დასაწყებად?

- არ იყო შემაფერხებელი, რადგან დანაშაულს არ ვიდენდი ამით. ერთადერთი შეფერხება სოფოს წინააღმდეგობა იყო, ორი დღით დავშორდით კიდეც, სოფომ მითხრა სულ რაღაც სამი თვის დანგრეული მაქვს ოჯახი და ხალხი რას იტყვისო. მე მოვინდომე და ისევ შევრიგდით. ფარ-ხმალი რომ დამეყარა და მეთქვა, სოფო აბა შენ იცი კარგად იყავი-თქო, დღეს ერთად არ ვიქნებოდით, მაგრამ ვიბრძოლე იმიტომ რომ ამ ადამიანს შეეძლო, მასთან ვყოფილიყავი ბედნიერი.

- მის ქმართან კონტაქტი გქონია? მან ერთ-ერთ გამოცემაში კომენტარიც გააკეთა შენზე...

- მე არ ვკითხულობ არავის ინტერვიუებს, არანაირი შეხება არ მქონია მის ყოფილ მეუღლესთან, სოფოს წარსულზე კი არა, ჩემს წარსულზე არ ვლაპარაკობ. მით უმეტეს იმ ხალხზე, ვინც ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.

- გინდა თქვა, რომ სოფოს ყოფილი ქმარი შენთვის არაფერს წარმოადგენს?

- ჩემთვის არავინ არაფერს წარმოადგენს, თუ მე არ მიყვარს და ჩემი მეგობარი არ არის.

- სოფოს ბავშვის გამო ხომ მაინც მოუწევს ყოფილ ქმართან ურთიერთობა, ეს შენთვის სასიამოვნო იქნება?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის მისი შვილია. ბევრ ჩემს მეგობარს აქვს დანგრეული ოჯახი, მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ შვილებთან. მისი შვილია და როგორც უნდა ისე მოექცევა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. სოფოს საკითხს რაც შეეხება, ის ჩემი მომავალი ცოლია. ბედნიერები ვართ და ამით ვტკბებით. ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ვცხოვრობ, დაივიწყე წარსული და იფიქრე მომავალზე. წარსულს ვაფასებთ, მაგრამ წარსულით რომ ვიცხოვროთ, წინ ვერ წავალთ.

- რა გააკეთე სოფოს გულის მოსაგებად?

- სოფო არ არის ის ადამიანი რომელსაც ძვირადღირებული ნივთებით მოხიბლავ. მისი გულის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე, რაც ღირსეულმა ვაჟკაცმა უნდა გააკეთოს.

- რა უნდა გააკეთოს ღირსეულმა ვაჟკაცმა ქალის მოსახიბლად?

- პირველ რიგში ქალი თუ გინდა მოხიბლო, რომანტიკოსი, ყურადღებიანი უნდა იყო. უნდა დაანახო, რომ გიყვარს და ყველაფერს გააკეთებ მისთვის. მეც მაქვს ამბიცია, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, გიყვარს და ფიქრობ, მასთან ბედნიერი იქნები, გვერდზე უნდა გადადო ამბიციები და ყველაფერი გააკეთო ამ ბედნიერებისთვის. ყველაფერი გვერდზე გადავდე სოფო ბედიას გულის მოსაგებად.

- ვიცი, რომ ყველგან სოფოს დაყვები და ამ ბოლო დროს მისი ცხოვრებით უფრო ცხოვრობ, ვიდრე შენი საქმით?

- არა, რატომ? საქმიანობაშიც აქტიური ვარ, უბრალოდ ადრე უფრო აქტიური ვიყავი პოლიტიკურად. დღეს არაფერი არ მაქვს გასაპროტესტებელი, მშვიდად ვცხოვრობ და მომწონს ამ მთავრობის მუშაობა. სოფოს ყველგან იმიტომ დავყვები, რომ ერთად ყოფნა გვიხარია. ყოფილა შემთხვევები, როცა საქმე მქონია და წავსულვარ. ყოველი წამით და წუთით ვტკბები, რომელსაც სოფო ბედიასთან ერთად ვატარებ.

- ოჯახებმა როგორ მიგიღეს?

- კარგად მიგვიღეს. ჯერ მე გავიცანი სოფოს ოჯახი, კარგი ურთიერთობა მაქვს დედამისთან, მის ძმასთან, ვმეგობრობ სოფოს შვილთან. ახლა ბორია, სოფოს ძმა უკრაინაშია, სისტემატიურად მირეკავს და ერთმანეთს ვუყვებით ამბებს. ჩემმა ოჯახმაც კარგად მიიღო სოფო ბედია, დედაჩემს დედას ეძახის სოფო, ჩემი ძმისშვილები კი სოფოს ბიცოლათი მიმართავენ.

- შენ როგორ მიმართავ სოფოს დედას?

- მე ქალბატონო ნანათი მივმართავ. არც მეწყინებოდა სოფოც ქალბატონოთი თუ მიმართავს დედაჩემს, მაგრამ მათ ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ. ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანია სოფოს დედა, თითქმის ყოველდღე ვხედავ. სოფოს ნათესაობამ თბილად მიმიღო და ამით ბედნიერი ვარ. მისაღები ვარ მისი მეგობრებისთვის. მთავარია სოფოსთვის ვიყო მისაღები, მაგრამ ორჯერ უფრო სასიამოვნოა, როცა მის გარშემო მყოფი ადამიანებიც კარგად მიგიღებენ.

- როგორია ცნობილი ქალის სიყვარული?

- სასიამოვნოა ეს ყველაფერი, ვუგებთ ერთმანეთს რადგან ერთნაირები ვართ. ჩემთვის საამაყოა ჩემი მომავალი მეუღლე ძალიან ცნობილი, საყვარელი ადამიანია. როცა მასთან მიდის ხალხი და სითბოს გამოხატავს, სიამაყის შეგრძნება მეუფლება.

- სად დადიხართ განსამარტოვებლად შენ და სოფო?

- ჩვენ მარტო ყოფნა არ გვიყვარს. მეგობრებთან ერთად დავდივართ კლუბებში, რესტორნებში.

- ცნობილია, რომ ხმაურიანი ცხოვრება გქონდა, ყოველთვის სხვადასხვა გოგონას ხედავდნენ შენს გვერდით, როგორ დათმე ეს ყველაფერი?

- რა დასათმობი ეგ იყო? მაგ სტილით რომ გააგრძელო ცხოვრება, სულ "ტაშ ფანდური", "დვიჟენიები" იქნება და ვერ დაამთავრებ ასე ცხოვრებას. მე დავიღალე ასეთი ცხოვრებით, მყოლია შეყვარებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბავშვური გატაცება იყო. ასეთი სიყვარული არასდროს მწვევია. ბედნიერი ვარ, სოფოს რომ შევხვდი. ჯობია გიყვარდეს ადამიანი, ბედნიერი იყო მასთან და არა "იგულავო".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება