ქართველი რეჟისორის შეხვედრა შარლიზ ტერონთან ანუ ნიკა ხომასურიძის ამბები "ამბებისთვის"

ქართველი რეჟისორის შეხვედრა შარლიზ ტერონთან ანუ ნიკა ხომასურიძის ამბები "ამბებისთვის"

რეჟისორმა ნიკა ხომასურიძემ, რომელიც ლოს-ანჯელესის კინოსკოლის კურსდამთავრებულია, თავისი საინტერესო გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ გაგვიმხილა: 2014 წელს ბევრი პროექტის განხორციელებას აპირებს, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი მაინც "ჯინსების თაობა" და "ექვთიმე თაყაიშვილია", რისთვისაც აქტიურად და მიზანმიმართულად მუშაობს.

ახლა კი სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის თავისი ცხოვრებიდან ამბებს გვიყვება:

- როდესაც 7 წლის წინ, პირველად ლოს-ანჯელესში ჩავედი, სანამ კინოსკოლაში სწავლას შევუდგებოდი, გადავწყვიტე, რამდენიმე კინოსკოლა მომენახულებინა და დამეთვალიერებინა. იმ პერიოდში ერთ-ერთ პრესკონფერენციასაც დავესწარი, მოგვიანებით კი იმ ღონისძიების ბანკეტზეც მოვხვდი, რომელიც "ჰოლივუდის" ცენტრში, იმ დარბაზის სიახლოვეს არის, სადაც "ოსკარების" დაჯილდოება მიმდინარეობს ხოლმე. მერე გარეთ გამოვედი, ვარსკვლავების "დიდების ხეივნის" სიახლოვეს აღმოვჩნდი. ძალიან მომწონს მსახიობი შარლიზ ტერონი და მისი ვარსკვლავის ნახვა მინდოდა. ცენტრალურ შესასვლელთან ვიდექი და ჩემ წინ, მიწაზე გაფანტულ ათასობით ვარსკვლავს გავცქეროდი (ძალიან ბევრია და თუ ზუსტად არ იცი, რომელი სად არის, შეიძლება, ვერც იპოვო). ის იყო გულგატეხილი უკან შებრუნებას ვაპირებდი და უეცრად აღმოვაჩინე, რომ შარლიზ ტერონის ვარსკვლავთან ვიდექი. მაგარი მომენტი იყო და მაშინვე ფოტო გადავიღე...

ლოს-ანჯელესში ცოტა ხნის წინაც (2013 წელი) ვიყავი. იქ რამდენიმე ადამიანია, ვისთანაც შეიძლება, მომავალში ვითანამშრომლო და მათთან შეხვედრა მქონდა. ამასთან, პრემიერებსაც ვესწრებოდი. ერთ-ერთ პრემიერის შემდეგ ფართიზეც მოვხვდი, სადაც 1000 კაცი მაინც იყო თავმოყრილი. "რუზველტის სასტუმროში" რომ შევედი, ყაზახი მეგობარი შემხვდა, ისიც იქ იყო ჩამოსული და მასთან საუბარი გავაბი. მერე მეგობარმა მითხრა, ხომ იცი, შარლიზ ტერონიც აქ არისო. აი, სულ ახლოს, დარბაზში დგასო. რომ გავხედე, ზურგით იდგა და ვერ ვიცანი. მეგობარმა მითხრა, - მოდი, წინ წავიწიოთო. ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიხდა, წინ რაღაც სკამები იდგა... რომ მივუახლოვდით, დავრწმუნდი, რომ მართლაც შარლიზი იყო. იმ დროს რობინ ჯონამ, ჩემმა პროდიუსერმა დამინახა, რომელიც ჩემს საოცნებო მსახიობს ელაპარაკებოდა: ნიკოლოზ მოდი, ნახე, ვინ უნდა გაგცნო? - ეს შარლიზ ტერონია, ეს კი ნიკოლოზი, ჩემი მეგობარიო, - თქვა პროდიუსერმა. - გამარჯობა ნიკოლოზ, მე შარლიზი მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა, - მითხრა მან. მეც თბილად მივესალმე. იქ მისი პარტნიორი პროდიუსერი ქალიც იყო... იმ წუთებში საოცარი განცდა დამეუფლა... შეიძლება ითქვას, რომ ოცნება 7 წლის შემდეგ ამიხდა და მივხვდი, რომ ოცნება, რომლის ახდენაც წარმოუდგენელი მეგონა,მიუღწეველი არ ყოფილა. როდესაც რაღაცას ჩაიფიქრებ და მისთვის მიზანმიმართულად იმუშავებ, სიძნელეებს არ დანებდები და შეუშინდები, ყოველთვის მიაღწევ და ახდება...

მოკლედ, ახლა არის რაღაც პროექტები და არანაირი პრობლემა არ არის იმისთვის, რომ შარლიზი მათში ჩაერთოს. მოკლედ, ამჟამად საკმაოდ კარგ საფეხურზე ვართ, ეს მნიშვნელოვანია. როდესაც მიდიხარ გზაზე და ისეთი ამბები ხდება, რომ ამ გზის მართებულობაში დაგარწმუნებს და მოტივაციასაც გაგიძლიერებს, რა თქმა უნდა, კარგია! ისე, ერთიც არის, თუ სწორი გზით მიდიხარ, ასეთი რაღაცები მეტწილად მაშინ ხდება... ნებისმიერი ცნობილი და გამოცდილი მსახიობის რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ.

არასოდეს დამავიწყდება ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთი ეპიზოდი: როდესაც "დიდგორს", ჩემს სტუდენტურ ფილმს ვიღებდით, იქ ერთ-ერთ ქართველს, ნიკა საყვარელიძეს შევხვდი. ფილმი რომ გადავიღეთ, მან ლოს-ანჯელესში, რესტორანში დაგვპატიჟა, რომელიც "ჰოლივუდის" თავზეა (იქიდან ლოს-ანჯელესის საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება). იმ ადამიანს საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი და თავის საქმიანობაში წარმატებულია. მან ასეთი რამ მითხრა: გიყურებ და ვხედავ, რომ სწორი გზით მიდიხარ. დაჟინებულად ისწრაფი წინ, რაც იშვიათია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, "არასოდეს დანებდე" და ყველაფერს მიაღწევ. დაიმახსოვრე, შენზე რაც არ უნდა თქვან, ცხოვრებაში ეს ფრაზა სულ გახსოვდეს! ოცნება, როგორიც უნდა იყოს, თუ მისკენ არ დაიძარი, არაფერი გამოვა. მასთან მხოლოდ მოძრაობა და აქტიურობა დაგაახლოვებს.

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება