კიევში შინაგანი ჯარი მომიტინგეებს დაუპირისპირდა

კიევში შინაგანი ჯარი მომიტინგეებს დაუპირისპირდა

კიევში, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე შინაგან ჯარსა  და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტებმა ძალოვანებს ქვები დაუშინეს, რაზეც საპასუხოდ ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

ამასთან, აქტივისტები ძალოვანების კორდონის გარღვევას და უკრაინის უმაღლესი რადას შენობასთან მიახლოებას ცდილობენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრომაიდანის აქტივისტები უკრაინის უმაღლესი რადას შენობისკენ დაიძრნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 20 000-მდე მომიტინგე ინსტიტუტსკის ქუჩისკენ გაემართა, სადაც უკრაინის პარლამენტის შენობა მდებარეობს.  კოლონას ოპოზიციური ფრაქცია "ბატკივშინას" ლიდერი არსენი იაცენიუკი მიუძღვოდა.

უკრაინულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრუშევსკის ქუჩაზე კვლავ საბურავებს წვავენ და კოლონებს აგებენ. გრუშევის ქუჩაზე ამ დროისთვის დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი.

ასევე, როგორც ცნობილი ხდება, უკრაინის ოპოზიციამ უმაღლესი რადას ტრიბუნა და პარლამენტის პრეზიდიუმი დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნების თაობაზე დადგენილების რეგისტრაცია. თუმცა, უმაღლესი რადას აპარატი უარს ამბობს ოპოზიციის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერები – ოლეგ ტიაგნიბოკი და არსენი იაცენიუკი - პარლამენტის სპიკერ ვლადიმერ რიბაკთან პირად შეხვედრას გამართავენ, რათა დაარწმუნონ ის, მოახდინოს დადგენილების რეგისტრაცია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა