კეტრინ ეშტონი - არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები

 კეტრინ ეშტონი - არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები

ისტორია და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარე ზეწოლა არათუ მიუღებელია, არამედ ხელს უშლის გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღებას და ვილნიუსის სამიტის დროს ჩვენ ამ აზრზე ვიდექით საქართველოსთან და მოლდოვასთან ჩვენი ურთიერთობების კონტექსტშიც. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის მიერ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებულ საავტორო წერილში, რომელიც ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობებს ეხება.

"რუსეთს არაფრის უნდა ეშინოდეს. მეზობლებთან მის ისტორიულ, ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს არაფერი ემუქრება. დამოუკიდებელი კვლევები ამტკიცებს, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ნეგატიურად არ აისახება რუსეთ-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობაზე", - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი "კომერსანტში" გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წერილის საპასუხოდ გამოაქვეყნა.

ამასთან, როგორც კეტრინ ეშტონი წერს, ევროკავშირი მოითხოვს, რომ აუცილებელია ყველა ქვეყნის სტრატეგიული გადაწყვეტილების პატივისცემა.

"იმ ქვეყნებმა, რომლებიც შესაძლოა მომავალში საბაჟო კავშირს შეუერთდნენ, ეს არჩევანი საკუთარი ნებით უნდა გააკეთონ", - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

ამასთან, კეტრინ ეშტონი წერს, რომ ევროკავშირი და რუსეთი იზიარებენ ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის კონცეფციას. მისივე თქმით, ეს კონცეფცია შეიძლება გახდეს რეალური, თუ მისი რეალიზება საერთო ფასულობებზე დაყრდნობით მოხდება, მათ შორის მეზობლების დამოუკიდებლობის პატივისცემაზე და მათი უფლების დაიცვან საკუთარი განვითარების გზა.

კეტრინ ეშტონი ასევე ეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მიისწრაფვის დაეხმაროს უკრაინას შექმნილი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაში. მისივე თქმით, ის მიესალმება უკრაინაში, სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ ამავდროულად საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრი.

"არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისთვის, თუ რატომ არ უნდა იყვნენ ევროკავშირი და რუსეთი უახლოესი პარტნიორები. მოდით, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას სტაბილურობის აღდგენის საქმეში. ევროკავშირისთვის საქმე ეხება არა ინტერესთა სფეროს შექმნას, არამედ უკრაინელი ხალხის არჩევანის პატივისცემას, რომელიც ევროკავშირთან ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნაში მდგომარეობს ტრადიციული კავშირების გაწყვეტის გარეშე", - წერს კეტრინ ეშტონი და დასძენს, რომ საკმარისია გავლენის სფეროებზე საუბარი.

რამდენიმე დღის წინ რუსულ გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სტატია, სადაც ის ეხებოდა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და იმას, თუ როგორ აისახა მათ ურთიერთობაზე უკრაინის კრიზისი.

მომზადებულია Коммерсантъ-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა