20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში (+LIVE)

20-მდე გარდაცვლილი, დაჭრილებით სავსე საავადმყოფოები და განახლებული შეტაკებები - ტრაგიკული ღამე კიევში (+LIVE)

მაიდანზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიევის ცენტრში "ბერკუტის" და შინაგანი ჯარის ათასობით წარმომადგენელია მობილიზებული. მომიტინგეების რაოდენობა კი დაახლოებით 10 000-ია.

ძალოვანები მაიდანზე მოწყობილ ბარიკადებს ევროპის მოედნიდან და ინსტიტუტსკის ქუჩიდან მიუახლოვდნენ.

"ბერკუტი" მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვან ყუმბარებს ისროდნენ, გამოიყენეს წყლის ჭავლიც. თავის მხრივ, მაიდანზე შეკრებილები ძალოვანებს ქვებს უშენდენ და ცეცხლს უკიდებდენ სხვადასხვა საგნებს.

მაიდანზე დარბევისას დაჭრილი ჟურნალისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც უკრაინული მედია წერს, გარდაცვლილია გაზეთ "ვესტის" კორესპონდენტი ვიაჩესლავ ვერემი.

როგორც გამოცემაში აცხადებენ, ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

"ვიაჩესლავ ვერემის მიხაილოვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა", - აცხადებენ გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგები.

არსებული ინფორმაციით, წუხანდელი დარბევის დროს 27 ჟურნალისტია დაშავებული. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულია 18-მდე ადამიანი. მაიდანის ექიმთა განცხადებით, ჰოსპიტიზირებულია 1000-მდე ადამიანი. უკრაინის საავადმყოფოებში საოპერაციო განყოფილებებთან რიგებია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქირურგები ოპერაციების ჩატარებას ვერ ასწრებენ. ჰოსპიტალიზებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვთ, რამდენიმე დაშავებულს ამოვარდნილი აქვს თვალი, რამდენიმეს კი კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. საავადმყოფოები დაჭრილებს ვერ იტევს. როგორც უკრაინული მედია წერს, პაციენტები, ვისაც ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ანესთეზიიდან საავადმყოფოს კორპუსის წინ გამოდიან. სასწრაფო დახმარების ბრიგადებს კი საავადმყოფოებში პერიოდულად დაშავებულთა ახალი ნაკადი მიჰყავთ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა , ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს. "იანუკოვიჩი ამბობს, რომ მომიტინგეები უბრალოდ უნდა დაიშალონ და მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ჩავთვალეთ, რომ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და წამოვედით. თითოეული წუთი, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაჯდეს", - განაცხადა კლიჩკომ.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, კიევის პატრიარქი ფილარეტი უკრაინის პრეზიდენტს, ოპოზიციის ლიდერებსა და საზოგადოებრივ აქტივისტებს ბრალდებებისგან თავშეკავებას და დადებითი შედეგის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნათქვამია პატრიარქ ფილარეტის განცხადებაში, რომელიც კიევის საპატრიარქომ დღეს საღამოს გაავრცელა.

"კიევის ცენტრში სისხლი იღვრება, არიან მძიმედ დაჭრილები და მოკლულები. ეკლესიამ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ გაიმეორა კრიზისიდან გამოსვლის სამი გზა - ძალადობის შეწყვეტა, მხარეების შედეგიანი დიალოგი და პოლიტიკური კომპრომისი. ამის ნაცვლად მიმდინარეობს ესკალაცია და ძალადობა, დიალოგს არ მოაქვს დადებითი შედეგები, განვითარებული მოვლენები ცხადყოფს ურთიერთგაგების არარსებობას", - აცხადებს კიევის პატრიარქი. როგორც პატრიარქი ფილარეტი აღნიშნავს, ეკლესია პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეების ნაცვლად ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. "ჩვენ იძულებული ვართ, გავიმეოროთ - დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ძალადობა. გახსოვდეთ, ყოველ დაღუპულზე, დაჭრილზე, უსაფუძვლოდ დევნილზე პასუხს ღვთის წინაშე აგებთ. ვიმეორებ სიტყვებს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ვუთხარი პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს ხელისუფალს და პოლიტიკური ძალის ლიდერს, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს - კანონით და დაკავებული თანამდებობით თქვენ დიდი ძალაუფლება და უფლებამოსილება მოგენიჭათ, შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობის ხარისხიც უაღრესად მაღალია. მოგიწოდებთ, აირჩიოთ მშვიდობიანი გზა და არა ძალადობის გზა. ყველას, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, ვისაც ბევრი დაევალა, მეტი მოეკითხება", - აცხადებს პატრიარქი ფილარეტი.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა