ლევან ჯავახიშვილი: "ვინც ნინისთან დამაწყვილა, მას მადლობას ვუხდი"

ლევან ჯავახიშვილი: "ვინც ნინისთან დამაწყვილა, მას მადლობას ვუხდი"

10 მარტიდან, ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე, ტელეკომპანია "იმედის" არხზე მუსიკალურ-გასართობი შოუ "ორი ვარსკვლავი" იწყება. ის ბრიტანული პროექტის ანალოგია და ბევრ ქვეყანაში მაღალრეიტინგული შოუა.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე ჟურნალისტი, "ქრონიკის" წამყვანი ლევან ჯავახიშვილი გახლავთ. ლევანი მუსიკალური ოჯახიდან არის და ბავშვობიდან მღერის. ამიტომ მისთვის ამ პროექტში მონაწილეობა რთული არ უნდა იყოს.

- გამიხარდა, ნოემ "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობა რომ შემომთავაზა. თავიდან მეუბნებოდა, იქნებ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოგესინჯა ძალებიო, მაგრამ სად მე და სად ცეკვა? მიუხედავად იმისა, რომ მამა სუხიშვილების მოცეკვავე იყო. მე ცეკვის ნიჭი არ გამომყვა.

- ე.ი. პლასტიკური არ ხარ?

- არა, უბრალოდ, მამა მე და ჩემს ძმას ცეკვის სწავლას არ გვირჩევდა, შრომა არ დაგიფასდებათო (სიცილით ამბობს). ჰოდა, ზოგი ჭირი მარგებელია, სამაგიეროდ, ძმები ავმღერდით...

-  შენი ძმა ანსამბლ "შავნაბადას" სოლისტია...

- ის საერთოდ, სიმღერის "ასტრალშია" გასული. მოკლედ, ნოესთვის პროექტში მონაწილეობაზე დათანხმება არ გამჭირებია და არც მიფიქრია, რომ ამ ნაბიჯს თუ გადავდგამ, ეჭვის ქვეშ ხომ არ დავაყენებ ჩემს იმიჯს-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, ტელეწამყვანებში ყველაზე კარგად ვმღერი...

ოღონდ, ამ ყველაფერს ახლა თავისებური სპეციფიკა აქვს და ვნახოთ. წყვილში მომღერალ ნინი წიკლაურთან ერთად ვარ, კარგი მომღერალია და უპირველესად, კარგი ადამიანი. იმედი მაქვს, რომ დუეტი შედგება და გაამართლებს. არ ვლაპარაკობ იმას, რომ უნდა გავიმარჯვო. ეს ჩემთვის დიდ სცენაზე ძალების მოსინჯვაა...

- პარტნიორი თვითონ აირჩიე?

- არა, მითხრეს, რომ შენ და ნინი დუეტში იმღერებთო. არ ვიცი, ვინ შეარჩია ეს, ამ არჩევანისთვის მადლობას ვუხდი. ისე კი პროფესიონალი მომღერლებია შერჩეული, რომელიმეზე თუნდაც ხუმრობით რამე რომ ვთქვა, უნამუსობა იქნება, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ვფიქრობ, ძალიან კარგები არიან და თავის სიტყვას არა მარტო ამ კონკურსში, ქართულ სცენაზეც ბევრჯერ, ხმამღლა იტყვიან. ამ შემთხვევაში ანრი ჯოხაძეს არ ვგულისხმობ, რადგანაც მან თავის სიტყვა უკვე თქვა.

ალბათ, არ არსებობს კონკურსანტი, რომელსაც "პროგრამა მინიმუმი" და "პროგრამა მაქსიმუმი" არ ჰქონდეს. ჩემი "პროგრამა მინიმუმი" ნახევარფინალია და "პროგრამა მაქსიმუმი" - ფინალი! რა როგორ გამოვა, არ ვიცი. რაც ვიცი, ის არის, რომ მართლა კარგი კონკურსანტები არიან და მაყურებელი ბევრი სიურპრიზის მომსწრე გახდება... მე თუ მკითხავთ, მაგ კონკურსანტებისგან ერთ პატარა გუნდს ჩამოვაყალიბებდი.

- ჰოდა, ნოემ ხომ შეგკრიბათ კიდეც...

- ნოე გენიოსია!

- ე.ი. პარტნიორით კმაყოფილი ხარ?..

- კი და მუსიკალური ხელმძღვანელებითაც: რუსა მორჩილაძე, ქეთი გაბისიანი საოცარი ადამიანია და არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

- შენი მუსიკალური ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?

- მამაჩემი მომხრეა. ყველაზე მეტად ბავშვებს აიტერესებთ და უხარიათ. დარწმუნებული ვარ, სადამდეც გავქაჩავთ, ღმერთმა ქნას, ფინალამდე მივიდეთ, არ გამოტოვებენ, ამის მჯერა.

- შენი ეს ამღერება ხელს არ შეუშლის საინფორმაციო გადაცემის წაყვანას?

- ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა მეუბნება, რომ -  არა. ხელს შეგიწყობთო (სიცილით ამბობს).

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება