ხელმარჯვე და საქმიანი მსახიობი

ხელმარჯვე და საქმიანი მსახიობი

თითქმის 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ქალბატონი ასმათ ტყაბლაძე მსახიობის კარიერას წარმატებით განაგრძობს: მის მიერ შესრულებული თუნდაც, პატარა როლი მაყურებლებისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესოა. მსახიობობის გარდა, ხელმარჯვე, საქმიანი ქალბატონი თბილისში 2 ცნობილ ბარს უძღვება და ჰპატრონობს. ერთი შეხედვით, მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში კი უბრალოდ, შრომისმოყვარე, გულთბილი და მოწესრიგებულია. მისი სუსტი წერტილი შვილიშვილი - ბარბარე გახლავთ. პატარა ბარბარეს ხსენებაზე ქალბატონ ასმათს სახე ებადრება.

- უსაქმური ადამიანები არ მიყვარს, "ყვარყვარეებს" ვერ ვიტან. სხვის მიერ მოპოვებულის ლოდინი სამარცხვინო საქციელია. ქონებისა თუ სარჩო-საბადებლისთვის თავად უნდა ვიშრომო. ჩემი დედიკოც ასეთი იყო. მამას ქეიფი და დროს ტარება კი უყვარდა, მაგრამ უსაქმური არ ყოფილა - განათლებული კაცი, მეტყევე-ინჟინერი გახლდათ. ჩემი გამზრდელი პაპა (დედის მამა) ყველა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. ჩემმა ოჯახმა ბევრი რამ გადაიტანა: მსოფლიო ომი, რეპრესიები... სტალინის ეპოქაში პაპაჩემი დაიჭირეს, ციხიდან გამოსულს კი მუშაობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა - შინ უნდა მჯდარიყო. წარმოშობით ხევსური გახლდათ. ხევსურეთში ჩადიოდა და ცხვრისა თუ თხის ტყავისგან ტულუპებს კერავდა. წარმოიდგინეთ, რა ნიჭიერი ადამიანი იყო, რომ უცბად მოიფიქრა, თუ როგორ ერჩინა ოჯახი. ერთი პერიოდი, მეც ვკერავდი, ვქსოვდი და ნამუშევრების გაყიდვით აღებული ფულით, სახლში რემონტი გავაკეთე. მაღაზია არ მქონდა - მაშინ არ შეიძლებოდა, საკუთარი მაღაზია გქონოდა. მაგალითად, სესილია თაყაიშვილი ხომ ჩემი მეგობარი იყო? ჰოდა, მე ქუდებს და კაშნეებს ვქსოვდი, ის კი გაყიდვაში მეხმარებოდა. დამირეკავდა ხოლმე: გოგო, ახლა გვინდა 2 მწვანე, 2 - შავი და სასწრაფოდ მოქსოვეო. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ყველაფერში მეხმარებოდა... ჩემს საქმეში ყველა მეგობარი ჩართული იყო. მათ საჩუქრებსაც ვუძღვნიდი: ზურაბ ლაფერაძესა და კოტე მახარაძეს ჯემპრები მოვუქსოვე. ისეთი ლამაზი იყო, ყველას საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი ეგონა.

- ქსოვა და კერვა თქვენი შემოსავლის წყარო ცხოვრების რომელ ეტაპზე იყო?

- ქსოვა სტუდენტობისას დავიწყე. ლენინის სტიპენდიით ბინის ქირას ვიხდიდი, მაგრამ საარსებო წყაროც ხომ მინდოდა? ქსოვა დამოუკიდებლად ვისწავლე. სხვათა შორის, კარგად ჩაცმა ისე მიყვარდა, რომ რაღაცებს ბავშვობიდან ვკერავდი. მეექვსე კლასის მოსწავლე გახლდით, როცა მეზობელმა კაბის შეკერვა მთხოვა. ზომების აღებაც არ ვიცოდი - თვალის ზომით ვკერავდი. კაბის სახელო კარგად ვერ შევკერე, რის გამოც მეზობელი მეჩხუბა.

- კაბის შეკერვაში გასამრჯელო აიღეთ?

- როგორ გეკადრებათ? - მსიამოვნებდა და ამას იმიტომ ვაკეთებდი. დედამ იმ ქალს უსაყვედურა, - მეექვსე­კლასელ ბავშვს კაბის შეკერვა სთხოვე, ახლა რაღაც არ მოგეწონა და ეჩხუბები, ნორმალური ხარო? მერე მითხრა, - კერვას თავი დაანებეო, მაგრამ პაპა შეეპასუხა, - ბავშვისთვის ხელის შეშლა არ გაბედო, ისწავლოს და იცოდესო... შემდეგ ისე კარგად ვკერავდი, რომ სტუდენტობისას ჩემ მიერ შეკერილი პიჯაკები და კაბები ახლა ჩემს შვილს აცვია... ყოველთვის ვშრომობდი. სახლში რემონტს რომ აკეთებდნენ, ხელოსანს ვეხმარებოდი, რჩევებს ვაძლევდი. კერძების მომზადებაც კარგად ვიცი. ახლა ბარი მაქვს, სადაც ჩემს შენიშვნებს ითვალისწინებენ, რადგან ყველაზე უკეთ ვიცი, რა როგორ მზადდება, კერძის გაფორმება როგორ სჯობს და ა.შ.

- საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- 14 წლიდან ხელფასი მქონდა: როცა მუსიკალური სკოლა დავამთავრე, მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარებამდე პედაგოგმა მოწაფეების მომზადება შემომთავაზა. ბავშვებს მუსიკაში ვამზადებდი და გასამრჯელოსაც ვიღებდი. შემდეგ, მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად დამნიშნეს. პარალელურად, ტექნიკუმის სტუდენტი გახლდით. მოწაფეები თბილისში სწავლის პერიოდშიც ავიყვანე - მათთან სახლში დავდიოდი და მუსიკაში ვამეცადინებდი. ინსტიტუტში ყოფნისას ამას ვეღარ ვახერხებდი, ამიტომ ქსოვაზე გადავერთე... შრომას ისე შევეჩვიე, ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ხელის შემყურე ვიყო. არავითარ "ივანიშვილებს" არ ვიღებ: დახმარება არავისთვის მითხოვია და ამის სურვილი არც მათ გამოუთქვამთ... სხვათა შორის, საჩუქრებიც არ მიყვარს: არ მომწონს, როცა ადამიანები ჩემ გამო ირჯებიან და იხარჯებიან. რადგან დაბადების დღეზე ხელცარიელი მოსვლა არ შეუძლიათ, ვეუბნები, რომ იების პატარა კონა მომიტანონ. თებერვალში ვარ დაბადებული და ამ დროს იები უკვე არის...

- ბარის გახსნის იდეა როგორ გაგიჩნდათ?

- წლების წინ, თეატრში მომხდარ უზნეო ამბავზე ლაპარაკი აღარ მინდა - ეს ისედაც, ყველამ იცის. თან, ის ადამიანი ამქვეყნად აღარ არის... მოკლედ, თეატრის გარეთ დარჩენილს, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამ დროს ახლობელმა შემომთავაზა, - ბარს ვაკეთებთ და ხომ არ შემოგვიამხანაგდებიო? ჯერ უარი ვუთხარი. სხვათა შორის, მაშინ, როცა მატერიალურად მიჭირდა, ერთ-ორჯერ საზღვარგარეთაც წავედი; სხვებთან ერთად, რაღაცები მეც ჩამოვიტანე და გასაყიდად მაღაზიაში ჩავაბარე. ამის თქმის არ მრცხვენია - მათხოვრობას შრომა ჯობია!.. მერე კიდევ ერთმა ადამიანმა შემომთავაზა, - მოდი, ბარი გავხსნათო. თავდაპირველად, ვერ წარმომედგინა, ბარში რა უნდა მეკეთებინა, შემდეგ დავფიქრდი: თუკი ღრიანცელი არ იქნება და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე კარგ შეხვედრებს მოვაწყობთ, რატომაც არა-მეთქი? საზღვარგარეთ სიარულის წყალობით დაგროვებული ცოტაოდენი თანხა ბარის გაკეთებას მოვახმარე. ფულის სესხებაც დაგვჭირდა. მოკლედ, გავრისკე, მაგრამ ისე არა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ქუჩაში დავრჩენილიყავი. თუ საქმე არ გამოგვივიდოდა, ჩემი ქონების რაღაც ნაწილს გავყიდდი და ვალს გადავიხდიდი. პირველი ბარი 16 წლის წინ გავხსენით. მერე მეორე ბარის მოწყობის სურვილიც გაგვიჩნდა, რომელიც უკვე 4 წელია, ფუნქციონირებს. ბარის წარმატება ჩვენი ბარმენის - დიმას დამსახურებაც არის: ადამიანს Kკარის ზღურბლზე დაინახავს თუ არა, უკვე იცის, როგორი მუსიკა მოეწონება. ახლა თბილისში უამრავი ბარია: უცხოელებმა აღარ იციან, სად წავიდნენ, მაგრამ ჩვენი ბარი უკვე ბრენდია, ინდივიდუალურობას ინარჩუნებს. ვცდილობთ, არაფერი შეგვეშალოს.

- ხელმარჯვე მსახიობი ქალბატონი ახალ სამუშაო სფეროში თანამშრომლებს როგორ არჩევდით?

- საქმეს ალღო ადვილად ავუღე. 1 "მინუსი" მაქვს: სამსახურიდან გასაგდებად ყველა მებრალება. ადამიანს ჯერ შენიშვნას ვაძლევ, მაგრამ ზოგს არ ესმის. ბოლოს თავად ხვდებიან, რომ სამსახურიდან უნდა წავიდნენ. ადამიანის ქუჩაში გაშვება ცოტა რთულია. ვცდილობ, ამას თავი ავარიდო.

- ახალი თანამშრომლის მისაღებად გასაუბრებას როგორ წარმართავთ, ყურადღებას რაზე ამახვილებთ?

- თვალებში ვუყურებ. თვალებში ადამიანის წესიერება კარგად ჩანს. ვინმეს რეკომენდაციით, სამსახურში უცხოც მიმიღია. მაგალითად, ბარმენად ახალგაზრდა ყმაწვილი მივიღე (სასწავლებლად), რომელიც თურმე, მანამდე ბარში საერთოდ არ იყო ნამყოფი და აქ ჩართული მუსიკაც პირველად მოისმინა. 1 თვეში მისგან საოცრად კარგი ბარმენი დადგა. 4-5 წელი იმუშავა,N მერე კი ოჯახური მდგომარეობის გამო, დიდი ბოდიშის მოხდით წავიდა, მაგრამ დღემდე ვმეგობრობთ. რეკომენდაციით სხვაც მივიღე: მითხრეს - ყოჩაღიაო... მიმტანად კარგი, წესიერი გოგონა ავიყვანე, რომელსაც მატერიალურად უჭირს. ყველანაირად მხარში ვუდგავარ. აქ ყველა მიცნობს და ზედმეტს ვერავის გაუბედავენ. იშვიათად თუ მაინც გაბედეს, ვეუბნები, - აქედან მიბრძანდით, ჩვენი ღირსი არ ხართ-მეთქი.

- თქვენი ბარიდან რა მიზეზით მიდიან?

- უკეთესი ხელფასის გამო. ჰგონიათ, სხვაგან ყველაფერი კარგად ექნებათ... სხვათა შორის, უცხოელები სასმლის ნაირსახეობით გაოცებულები რჩებიან. აღნიშნავენ, - ასეთი ლამაზი ბარი იშვიათობააო. ამას წინათ, ტურისტებმა მკითხეს, - ასეთი გემოვნებიანი მუსიკა ვინ შეარჩიაო? ისიც გაუკვირდათ, რომ მეც ბარში ვიყავი და კლიენტებს ვესაუბრებოდი...

- ქალბატონო ასმათ, არასამთავრობო ორგანიზაცია - "თემიდა" როდის და რა მიზნით შექმენით?

- როცა დეპუტატობაზე კენჭს ვიყრიდი, მაშინ შევქმენი. პირადად ჩემ მიმართ ბევრ უსამართლობას ვხედავდი: 9 სასამართლო პროცესი მოვიგე, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებაში ბოლოს მაინც მაშინდელი პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე ჩაერია... არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც ისეთ გრანტებს იღებენ, რასაც მე ვერ ვიკადრებ: იეღოველებისა და სექსუალური უმცირესობების დამცველი ვერ გავხდები. საკუთარ საქმეს თავად მიხედონ, ჩემი დასაცავი არაფერი სჭირთ, მით უმეტეს, არსად მინახავს, რომ მათი უფლება დარღვეულიყოს. სხვათა შორის, იეღოველები ძალზე ცუდად იქცევიან: ოჯახებში მიდიან - გინდა თუ არა, ჩვენი ლიტერატურა წაიკითხეთო. უამრავ ფულს ხარჯავენ... არავისთან მივსულვარ და არ მითქვამს, - იეღოველი ხარ და მართლმადიდებელი გახდი-მეთქი. ჩემი წინაპრები მიყვარს. ამ ადამიანებმა საკუთარი რწმე­ნით ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანეს. მოძალადეებს ვერ ვიტან. "სოროსების" ფულს ხელს არასოდეს მოვკიდებ. ფულის გამო, სული და გული არ უნდა გაყიდო. ნახეთ, როგორი ხელები მაქვს (ხელებს მიჩვენებს. - ავტ.). ხომ ეტყობა, რომ ნაშრომია? გრძელფრჩხილიან, ლაქწასმულ ხელებს, რომელთა პატრონები სოროსის ფულს იღებენ, ეს მირჩევნია...

- გრანტი არასოდეს მიგიღიათ?

- არა და არც მითხოვია. ვფიქრობ, საქმეს გრანტის გარეშეც გავაკეთებ: ასფალტის დაგებასა თუ მშენებლობაში მონაწილეობა მიმიღია, სასამართლო პროცესზე მივსულვარ - ვიღაცას დავხმარებივარ, შუამავლის როლი შემისრულებია... მოკლედ, საზოგადოებრივ საქმიანობას ვეწევი.

- თქვენი ქალიშვილი მატერიალურად რამდენად დამოუკიდებელია?

- ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მაგრამ მინდა, უკეთესი სამსახური ჰქონდეს. ის ჭკვიანი, გ­ანათლებული, ნაკითხი გოგონაა. გა­რეგნობითაც კარგია და ბუნებითაც. 4 უცხო ენა - გერმანული, ინგლისური, რუსული და იტალიური იცის.

- დაბოლოს, რას ურჩევთ საქმიან ქალბატონებს?

- დილით რომ ადგები, აუცილებლად უნდა იფიქრო, - რა გავაკეთო? ახლობელს თუ თანამშრომელს რა მოვაწონო? ყოველთვის საინტერესოდ უნდა იცხოვრო. მაგალითად, თუნდაც გადაღებისას, მთელ შემოქმედებით ჯგუფთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ყველა ძალიან მიყვარს. როცა გადაღებაზე მიწვევენ, სიხარულით კი არ მივდივარ, მივქრი - მსახიობობა მაინც "ჩემია", ეს საქმე უფრო მნიშვნელოვანი მგონია. მინდა, კიდევ დიდხანს მქონდეს საშუალება, რომ ფეხზე ვიდგე და საქმე ვაკეთო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება