მსახიობმა ეკა ანდრონიკაშვილმა საზოგადოებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდით ამცნო, რომ ექს-პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობებს დაფინანსება მოუხსნა. ის იქვე მადლობას უხდიდა მას გაწეული ღვაწლისთვის, თუმცა წუხილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ ეს ფაქტი, მის კოლეგებს პრობლემებს შეუქმნიოდა, რადგანაც ეს ყველაფერი შემზადების გარეშე მოხდა, ადამიანები იმ თანხით ხომ კრედიტებს იხდიდნენო...
Ambebi.ge მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ როლანდ ოქროპირიძეს დაუკავშირდა.
- გაიგეთ, ბიძინა ივანიშვილს მსახიობებისთვის დაფინანსება შეუწყვეტია.
- არ ვიცი, პირველად მესმის. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობის მეტი რა გვეთქმის, ამდენი წელი ხომ გვეხმარებოდა, ახლა თუ შეწვიტა, რა უნდა ვთქვა, რატომ აღარ მაძლევს ფულს-მეთქი და ჩხუბი დავიწყო?
- როგორც თქვენი კოლეგა, ეკა ანდრონიკაშვილი ამბობს, იმ ხელფასის წყალობით, მსახიობები საკუთარ პრობლემებს აგვარებდნენ, ზოგი ბანკის კრედიტებს იხდიდა... საერთოდ, როდიდან იღებდით ამ ჰონორარს?
- 2005 წლიდან, ყოველი თვის ბოლოს ვიღებდით მაგ თანხას.
- თქვენც სხვებივით მაგ თანხაზე იყავით დამოკიდებული?
- რა თქმა უნდა,ფული რომ გაქვს ადამიანს, იმას დანიშნულემისამებრ იყენებ.
ბესო ბარათაშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი:
- თქვენც იმ მსახიობების სიაში ხართ, ვინც ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდა?
- კი, ბატონო, მეც ვარ, მაგრამ ვიღებდი თუ ისევ ვიღებ, ჯერ არ ვიცი. კი, ეკა ანდრონიკაშვილის სტატუსი მეც წავიკითხე, მაგრამ ვერ ვხვდები, ეკამ საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია, როცა გივი ბერიკაშვილმა არაფერი იცის. ვიმეორებ, კი წავიკითხე ეკას სტატუსი, მაგრამ რამდენად სანდოა, ეს არ ვიცი.
- როდიდან იღებდით ამ დამხარებას?
- მგონი, უკვე 12 წელია.
- ეკა წერდა, მსახიობებს ახლა პრობლემები შეექმნებათო. თქვენ რა პრობლემას შეგიქმნით ეს?
- საერთოდ, პრობლემაა საქართველოში ცხოვრება მით უმეტეს, ჩემი პროფესიის ადამინისთვის. რომ გითხრათ, ზედმეტი ფული მაწყენს-მეთქი, ნამდვილად არ მაწყენს. დახმარება თუ შეგვიწყვიტეს, რას ვიზამთ, დიდ მადლობას გადავიხდი იმისთვის, რომ გვეხმარებოდა. თუ არადა, მაინც მადლობელი ვარ. მძიმე ცხოვრება კია, მაგრამ მშიერი დღესდღეობით არავინ კვდება. თუმცა ვნახოთ.
- დღესვე ფონდმა "ქართუმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსახიობებისა და სპორტსმენების დასაფინანსებლად, განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სამინისტროებს გრანტს გამოუყოფს და ამ სფეროს წარმომადგენლებს ამიერიდან შესაბამისი სამინისტროების მეშვეობით დააფინანსებს. იცოდით ამის შესახებ?
- მეც მგონია, რომ ასე იქნება. ისე, ჩვენი რაღაც მონაცემები "ქართუში" ცოტა ხნის წინ კი წაიღეს. დახმარებას საერთოდ რომ გვიხსნიდნენ, არ გვეტყოდნენ? როგორც ჩანს, ჩვენს ხელფასებთან დაკავშირებით, უბრალოდ რაღაც ცვლილებებია.
ლალი ფაცია
სპეციალურად Ambebi.ge-სთვის
ასევე იხილეთ: ივანიშვილის "ჯადოსნური სიის" მსახიობები და "ქართუს" პასუხი