კაბუ: "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"

კაბუ: "თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი არ არსებობდნენ"

პოლიტიკაზე სასაუბროდ ყველა რესპონდენტი არ გვთანხმდება. მით უმეტეს, თუ ის ხელოვნების სფეროდანაა და თავად არაა ჩართული მიმდინარე პროცესებში. თუმცა, ბევრი ხელოვანი შესაძლოა, ზოგიერთ პოლიტიკოსზე უკეთაც კი ერკვეოდეს ამა თუ იმ საკითხში და არც თავისი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას მოერიდოს. როდესაც მსახიობსა და რეპერს, კაბუს, იმავე კახა აბუაშვილს დავუკავშირდი და ჩვენი საუბრის თემა გავაცანი, აღშფოთდა და მითხრა:

- პოლიტიკაზე უნდა მესაუბრო? რომელ პოლიტიკაზე, დაიკო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს?

- შენი აზრით, აპოლიტიკური ქვეყანა ვართ?

- ჩვენთან არც პოლიტიკა, არც დემოკრატია, არც ეთიკა და საერთოდ, მთავრობის მოსახლეობისადმი დამოკიდებულება არ არსებობს. ჩვენთან არც სიყვარული და არც ელემენტარული პატივისცემა არის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, ხალხი ავად რომ არის და თან - კრიმინალია. ჩვენს ქვეყანაში ძაღლის უფლებები მეტადაა დაცული, ვიდრე - ადამიანების. რა რუსეთი, რა ოლიმპიადა, ხალხნო? ისეთი პრობლემები გვაქვს, რომ ვერც ეს მთავრობა დაალაგებს და ვერც წინა მთავრობამ დაალაგა, რადგან ჩვეულებრივად "ავად" იყო ჩვენი პრეზიდენტი. ახლა კი, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი, არც ვიცი. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა არ არსებობდა, არ არსებობს და ვერც ვხედავ იმის შანსს, რომ ოდესმე იარსებებს. ეს ძალიან მაწუხებს. არ ვიცი, ვის ვუთხრა ეს ყველაფერი, სად გამოვიდე, რა ვქნა? არ შეიძლება, რომელიმე მთავრობის წევრს თავისი სამშობლო უყვარდეს? პატივს არ უნდა სცემდნენ იმ მიწას, რომელზეც დადიან? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა მანიაკალიზმია? ახალი ხელისუფლება "ფარით და მახვილით" მოვარდა, გავიმარჯვეთო, კიოდნენ და პარლამენტის პირველივე მოწვევაზე პრეზერვატივის "ფოჩების" "ყოფნა-არყოფნა" განიხილეს. საათ-ნახევარი ცხელ ხაზზე ვრეკავდი და ვკითხულობდი, პირველი აპრილია-მეთქი? მეგონა, ხუმრობდნენ, რადგან რომელი პრეზერვატივის "ფოჩი" მადარდებს, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა?

- შენ ყველაზე მეტად რა გადარდებს?

- ჩემი ქვეყნისა და ხალხის ბედი, რომელსაც ყოველდღე იჭერენ და ძალის გამოყენებით აშარდვინებენ, რომ მათი ნარკოტიკისადმი დამოკიდებულება განსაზღვრონ. პოლიციელების ადამიანებისადმი რაღაცნაირი დამოკიდებულებაც მაწუხებს. კიდევ გამოდიან და უტიფრად აცხადებენ, დემოკრატიული ქვეყანა ვართო. ჯერ საერთოდ ის არის გასარკვევი, ვართ თუ არა ქვეყანა, რადგან ყოველ საათ-ნახევარში რუსი საზღვარს წინ გვიწევს, რაზეც მთავრობა გვეუბნება, არა უშავს, უკან გადასწევენო. ამის შემდეგ, რომელ პოლიტიკაზე უნდა გესაუბროთ? კაცი პრემიერ-მინისტრია და საკუთარ თავსაც კი არ უსმენს, არათუ - ოპონენტს. ამ ყველაფრის გამო, ძალიან მინდა, რომ ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის, ან სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე გავხდე, რადგან ელემენტარულად მართვის მოწმობა ავიღო და ავტომობილით ვიარო.

- საქართველოში მართვის მოწმობის აღება რთულია?

- მქონდა მართვის უფლება, მაგრამ ჩამომართვეს, რადგან მეტადონის პროგრამას გავდივარ. მთავრობას კი მიაჩნია, რომ რადგან ადამიანი მე­ტადონის პროგრამას გადის, ის ადამიანი აღარ არის და ნულია მისი ფასი. მთვრალ მძღოლებს კი მხოლოდ 150 ლარს უწერენ ჯარიმას. ეს რა კანონებია? "ვაფშე" სადა ვართ? რა დემოკრატია, რა კაცთმოყვარე ერი? ამ მთავრობის წარმომადგენლებს არავინ უყვართ, ხალხნო...

- წინა მთავრობის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო?

- მაშინ საერთოდ გარეთ გასვლის მეშინოდა. თუმცა ამისი ახლაც მეშინია. ჩვენს ქვეყანას 9 წელი "ავადმყოფი" კაცი მართავდა და ჩვენ ვისხედით და გვჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ამის თქმის გამო, გინდა, და­მი­ჭირ­­ონ ახლა და გინდა - ყურებით დამკიდონ. ვთვლი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან სა­ნამ საზოგადოება ჩუმად იქნება, არაფერი გვეშველება. რა ოლიმპიადა აუტყდათ, როცა ორ ნაბიჯში ვიღაცები დგანან და საზღვარს თავიანთი სურვილის მი­ხედვით ავლებენ?! არ ვარ ამ ოლიმპიადის მომხრე. უპრინციპო მთავრობა და უპრინციპო ერი ვართ. ამიტომ მგონია, რომ თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი მოგონილია და ისინი რეალურად არც არსებობდნენ...

- გამოსავალს ხედავ ამ მდგომარეობიდან?

- ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ჩვენც და ჩვენი მთავრობაც გონს უნდა მოვეგოთ. გავიღვიძოთ და ვნახოთ, რა ხდება. სკოლის მოსწავლე ბიჭებზე აღარაფერს ვამბობ, მოსწავლე გოგონებმა დაიწყეს წამლის გაკეთება. ამის ფონზე კი დგას ამხელა კაცი და მსჯე­ლობს, პრეზერვატივს "ფოჩი" უნდა ჰქონდეს თუ - არა. რა დროს ეს არის? იმაზე იმსჯელონ, რომ ფსიქოტროპული წამლის გაყიდვა აკრძალონ, მაგრამ ვის აძლევს ეს ხელს? აქაც დიდი ფული კეთდება. დგანან და ამ იაფფასიანი წამლით გაბრუებულ ახალგაზრდებს ჯარიმას კი აღარ ახდევინებენ, პირდაპირ იჭერენ და სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ავადმყოფი ადამიანის დაჭერას, ამ წამლების შემომტანი და გამყიდველი დაიჭირონ, აჯობებს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება