ანრი ჯოხაძეს პარტნიორი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე აქებს - რა ხდება კულისებში

ანრი ჯოხაძეს პარტნიორი ქალბატონი, დალი ჩიტალაძე აქებს - რა ხდება კულისებში

დალი ჩიტალაძე თბილისში ცნობილი ქალბატონია. მას ზოგი მოდის ექსპერტსაც უწოდებს, ალბათ, იმიტომ, რომ წლების წინ ვერსაჩესთან მუშაობდა, თუმცა არც დღეს არის ამ საქმისგან შორს. ერთ-ერთი მოდური სალონის პიარ-მენეჯერია და ბევრი ცნობილი ქალბატონი მისგან მაგალითს იღებს, როგორ ჩაიცვას. ამასთან, მუსიკოსია, მღერის და არაერთი სიმღერის ავტორია. ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "ორი ვარსკვლავის" პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს ის პროექტში მიეწვია.

- წინადადება რომ მივიღე, ოჯახისთვის უნდა შემეთანხმებინა, მაშინვე ვერ დავთანხმდებოდი, კარგად უნდა დავფიქრებულიყავი, ამიტომ ნოეს ვთხოვე, დრო მომეცი, რომ მოვიფირო-მეთქი. ეს თემა ოჯახში გავარჩიეთ (მეუღლე, შვილი, მშობლები). საერთოდ, ასე ვართ, ერთმანეთს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, აზრს ვეკითხებით, გადაწყვეტლებას მარტო არასოდეს ვიღებთ.

- მერე ოჯახში მოეწონათ თქვენი იდეა?

- არავინ გაგიჟებულა, მაგრამ თუ ძალიან გინდა, კი ბატონო, იმღერეო...

- მით უმეტეს, რომ მუსიკოსი ხართ...

- დიახ, კონსერვატორია დავამთავრე, ხანდახან დუეტებში ვმღეროდი. საკუთარ ნამუშევრებსაც ვასრულებდი. მომღერლობაზე არ მიფიქრია, არ მქვს ისეთი ხმა, რომ ამ მიმართულებით მეფიქრა. ბავშვობიდან მუსიკა ჩემთვის ძალიან ორგანული რამ არის. დედა-მამა კარაგად მღერიან და სახლში სულ მესმოდა ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მელოდიები, რაზეც გავიზარდე კიდეც. მამას საოცრად ლამაზი, მოგუდული კრინი აქვს. თვითონაც ბავშვობიდან მუსიკას ვწერდი, სკოლაში რაღაც სპექტაკლებს ვდგამდი და მუსიკალურად ვაფორმებდი ხოლმე. მოკლედ, ეს ყველაფერი "ჩემია", უბრალოდ, 90-იან წლებში რთული სიტუაცია რომ შეიქმნა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემს შვილს მიეღო ნორმალური განათლება. მყავს ვაჟი ვახტანგ სუთიძე, რომელიც დღესდღეობით მწერალია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში 14 წლისა წავიყვანე, საბოლოოდ მაინც აქ ჩამოვიდა, ემიგრაციაში ცხოვრებით დავიღალეო და წერა დაიწყო. ასე რომ, შემოქმედებითი საქმიანობა შევწყვიტე.

- რას გვეტყვით თქვენს საკუთარ სიმღერბზე, რომლებსაც ადრე მღეროდით...

- 90-იან წლებამდე ვმღეროდი და "პირველი არხის" არქივში ახლაც არის ის ჩანაწერები შენახული. მაქვს დუეტი მერაბთან. ახლა მინდა, ის ნამუშევრები არქივიდან ამოვიღო და ახლებურად ავაჟღერო. რემიქსები გავაკეთო. როგორც ჩანს, მაშინ მათი სათანადო პოპულარიზაცია არ მოხდა. ერთი ძალიან კარგი სიმღერაა, რომელსაც ირაკლი უჩანეიშვილთან ერთად ვმღეროდი. გიზო ნიშნიანიძემ ლექსი მომიძღვნა, რომელზეც მერე მუსიკა დავწერე. მაშინ 20 წლის ვიყავი...

- "ორი ვარსკვლავის" რეპეტიციებზე რა ხდება?

- დავიწყეთ რეპეტიციები და სერიოზულად ვმეცადინეობ, რეპერტუარი შერჩეული მაქვს. რადგან დავთანხმდი, მინდა, რომ კარგად წარვდგე საზოგადოების წინაშე. საერთოდ, ყველაფრის ხარისხიანი გაკეთება მიყვარს.

- პარტნიორზე, ანრი ჯოხაძეზე რას გვტყვით?

- საოცარი მეწყვილე მყავს. მისგან მაგარი მუხტი მოდის, ისეთი შემართება აქვს, გამაოცა... ნოემ რომ მითხრა, ანრისთან იმღერებო, უკვე გამიხარდა, დადებითი რეაქცია მქონდა. ვგრძნობ, რომ ორიგინალური დუეტი გამოგვივა. ისე, ჩემი მაგ პროექტში ამღერების ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ანრისთან უნდა მემღერა. მოკლედ, ჩემს დათანხმებას, ხელი ამანაც შეუწყო. დამიჯერეთ, განსხვავებული და ორიგინალური დუეტი იქნება.

- ანრიმ იქ, მის სტილში "რაღაცები" რომ მოახდინოს, ამისთვის მზად ხართ?

- (სიცილით ამბობს) გაფრთხილებული მყავს, კარგად მოიქეცი-მეთქი... სხვათა შორის, მას რაც უფრო დავუახლოვდი, მივხვდი, რომ ზუსტად იცის, როდის, ვისთან, რა უნდა თქვას. სად უნდა იყოს ეპატაჟური და სად ღირსეული. ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანია.

- რეპეტიციებს რუსა მორჩილაძესთან გადიხართ?

- ეს კიდევ ცალკე თემაა. რომ გავიგე, ამ პროექტში რუსა მორჩილაძე უნდა ყოფილიყო, გამიხარდა. ის ჩემთვის "მალამო" ადამიანია, დიახ, სულის და გულის მალამო. მისი ასე თავდადება, შრომისმოყვარეობა მაგიჟებს, ნამდვილი ფუტკარია. ყველას თავს ევლება, ნებისმიერის თხოვნას ითვალისწინებს. მოგისმენს, გაიზიარებს შენს წინადადებას. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფრით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, მომავალშიც კარგად იქნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება