რა პირობებში იმსახურებენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

რა პირობებში იმსახურებენ ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული კიდევ ერთ საერთაშორისო მისიაში ჩაერთვება. ქართველი სამხედროები მაისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრებიან.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6 თვიანი სამშვიდობო მისია, რომელშიც ქართული ასეული უნდა ჩაერთოს, გაეროს მანდატით ხორციელდება. EUFOR RCA მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით საქართველოს ევროკავშირმა მიმართა. ოფიციალური მოწვევა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოაგზავნა.

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა, პარლამენტში აღნიშნული საკითხის ინიცირება მოახდინოს.

"ეს არის ჰუმანიტარული, მორალურად გამართლებული მისია. მისიას ევროკავშირი ახორციელებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად. დეტალებზე განხორციელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. მისია 6 თვიანი იქნება, რომელიც მაისში დაიწყება. სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული. ჩვენი შეიარაღებული ძალები პროფესიონალიზმით, საბრძოლო მზადყოფნით, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თავსებადობით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისია, ისევე როგორც სხვა მისიები, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის იქნება წარმატებული. ჩვენი სამხედროები წარმატებით შეასრულებენ თავის ამოცანებს და დაუბრუნდებიან ქვეყანას. კონკრეტული დეტალები უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება ცნობილი", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მისია საბრძოლო არ არის და ქართველი სამხედროები ევროკავშირის ჯართან ერთად შეეცდებიან ქვეყანაში ვითარების დამშვიდებას. მისიის ძირითადი მიზანია ცენტრალური აფრიკის დედაქალაქ ბანგის არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროკავშირის ჯარი ბანგის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას შექმნის. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელიც 5 დეკემბერს მიიღო, გაერო აძლევს მანდატს უცხო ქვეყნის ჯარებს, გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. უშიშრობის საბჭომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1200 ფრანგი სამხედრო მოსამსახურის და აფრიკული კავშირის 3600 ჯარისკაცის განთავსების შესახებ სანქცია გასცა.

სამხედრო ჩარევა აუცილებლი მას შემდეგ გახდა, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო სისხლისმღვრელი შეტაკებები მუსულმან ამბოხებულთა ორგანიზაცია "სელეკას" მებრძოლებსა და ქრისტიანულ პოლიციას შორის.

კრიზისის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დახმარება ესაჭიროება მოსახლეობის 50%-ზე მეტს. 825 000 ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია ქვეყნის შიგნით, 245 000 პირმა კი მეზობელ ქვეყნებს სთხოვა თავშესაფარი.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაცია საფრანგეთმა დაიწყო. "ჩვენი სამხედრო კონტიგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ქუჩებში პატრულირებას შეუდგა", - განაცხადა 6 დეკემბერს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ აქციის მიზანია - ჰუმანიტარული კატასტროფის აღკვეთა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

მისიის წამყვანი ქვეყანაა საფრანგეთი. ევროკავშირის ოპერაციის მეთაური საფრანგეთიდან გენერალ-მაიორი ფილიპ პონტიეა.

"მზადყოფნის მომენტიდან ევროკავშირის ძალებს მხოლოდ ექვსი თვე ექნებათ უსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის, ამიტომ "ხელშესახებ" შედეგებს ძალიან მალე უნდა მიაღწიონ, - განაცხადა ფილიპ პონტიემ, - ჩვენი მიზანია, ჩვენს სამოქმედო არეალში შევქმნათ ერთგვარი უსაფრთხო სამოთხე ბანგის შეზღუდულ არეალში, სადაც ადამიანები თავს დაცულად იგრძნობენ".

რაც შეეხება კლიმატურ პირობებს, კლიმატი ტროპიკულია. ტემპერატურა საშუალოდ 30 გრადუსია. თბილი სეზონი 23 იანვრიდან 18 მარტამდე გრძელდება, ხოლო ცივი სეზონი ივნისიდან სექტემბრამდეა, ეს პერიოდი ძირითადად წვიმიანია. ხშირია წვიმა ელჭექით.

სამშვიდობო მისიის განხორციელება 1600 ჯარისკაცით დაიწყო საფრანგეთმა 2013 წლის დეკემბერში. 2014 წლის იანვარში კი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ფრანგებს სხვებიც შეუერთდებიან და ევროკავშირის ჯარი დედაქალაქ ბანგის მოსახლეობის უსაფრთხოებას დაიცავს და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას შექმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამატებით 400 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს საფრანგეთი, 55 ჯარისკაცს გაგზავნის ესტონეთი, ხოლო, გერმანია და დიდი ბრიტანეთი მისიის ლოგისტიკური დახმარებით შემოიფარგლებიან.

ნათია ლეშკაშელი

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე