ნოდიკო ტატიშვილი კონკურენტებზე, ასტროლოგიასა და გამხელილ სიყვარულზე - ვინ არის მომღერლის პარტნიორი

ნოდიკო ტატიშვილი კონკურენტებზე, ასტროლოგიასა და გამხელილ სიყვარულზე - ვინ არის მომღერლის პარტნიორი

"ის ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან. უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს - ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი. ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები. ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს. ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს. მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი, - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვიდრე შენს ასტრო-პორტრეტზე ვილაპარაკებთ, იქნებ იმ პროექტზე მითხრა რამე, რომელშიც პარტნიორობას მსახიობი გოგოლა კალანდაძე გაგიწევს.

- ძალიან მიხარია, რომ ასეთი პარტნიორი მყავს. წლებია, გოგოლას ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ. ის ნიჭიერი ადამიანია. არა მხოლოდ კარგი მსახიობია, საოცრად მუსიკალურია, კარგი სმენა აქვს. გოგოლა პუნქტუალური და მოწესრიგებულია, რაც საქმის კეთების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან მუშაობა კომფორტულია. პროექტში სულ 12 წყვილია - მომღერლებთან დაწყვილებული ცნობილი ადამიანები ერთმანეთს სიმღერაში შეეჯიბრებიან. გოგოლას წარმატებას გულით ვუსურვებ!

- ძლიერი კონკურენტები გყავთ?

- მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს და შანსებზე ლაპარაკი ნაადრევია.

- ასტროლოგიის რამდენად გჯერა?

- ვერ ვიტყვი, რომ ამით ვცხოვრობ და მუდმივად ვინტერესდები, თუ რას მიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები. როცა პირველად მორიელის დახასიათება წავიკითხე, ჩემი თავი "ვიცანი".

- ამბობენ, - ვეფხვის წელში დაბადებული ადამიანები ამაყები და დაუმორჩილებლები არიანო. მართლია?

- კი. ყველა ბარიერი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია, დამოუკიდებლად გადამილახავს. წინააღმდეგობები არ მთრგუნავს, ბრძოლა მაძლიერებს.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას".

- ვერ ვიტან და ვერ ვურიგდები მდგომარეობას, როცა ადამიანს, როგორც მონას, ისე ეპყრობიან. თუ სადმე მიმუშავია და ისეთი უფროსი მყოლია, რომლის მართვის მექანიზმი, თანამშრომლებისადმი დამოკიდებულება არ მომწონებია, ის გარემო დამიტოვებია.

- მიზეზი გითქვამს?

- რა თქმა უნდა! პაპუასები ხომ არ ვართ?! მგონია, რომ ლაპარაკით ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლება. თავადაც არ მიყვარს სხვაზე უფროსობა და არც ის, როცა ვინმე მეუფროსება.

- ბევრჯერ გაგირისკავს?

- საკმაოდ ხშირად ვრისკავ. ზოგჯერ დაუფიქრებლად, ბრმადაც გამირისკავს. შინაგანად ვგრძნობ, რომელი ნაბიჯი როდის უნდა გადავდგა. ზოგადად, რისკის მოყვარული ადამიანი არ ვარ.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს - ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- აბსოლუტური სიმართლეა.

- ლიდერად სხვები თუ გაღიარებენ?

- კონკრეტულ მომენტში, როცა რაღაც საქმეს საკუთარ თავზე ვიღებ, იციან, რომ სწორად ვიქცევი და მაღიარებენ.

- "მას შესწევს ძალა, საყვარელ საქმეს ბოლომდე მიუძღვნას თავი, მაქსიმალურად დაიხარჯოს".

- შემიძლია, ყველანაირი სიამოვნება დავთმო, მაგრამ სცენას, სიმღერას ვერასდროს მივატოვებ. მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა სამუშაო მაქვს, ამ სიამოვნებაზეც უარს ვამბობ. მეგობრების ნაწილი ამას გაგებით ეკიდება, ნაწილი - აპროტესტებს, მსაყვედურობს. ამის გამო მათთან ბევრჯერ მიკამათია.

- ვინმეს უთქვამს, - პოპულარობა თავში აგივარდაო?

- რამდენჯერმე მითხრეს, - შენზე ამბობდნენ, ამბიციური ხარო. ჩემი აზრით, როგორი მაგარიც უნდა იყო, ეს თავში არ უნდა აგივარდეს...

- ადამიანებს ხშირად უჭირთ გამიჯნონ, სად გადის ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ ამბიციას შორის.

- მე მაქვს ამბიცია, რომ კარგი მომღერალი ვარ. ჰოდა, ზოგჯერ ამა თუ იმ კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმაც მიწევს.

- ეს რა დროს ხდება?

- ასე ხდება მაშინ, როცა არ მომწონს ორგანიზება და ჰონორარი, რომელსაც მთავაზობენ. სხვათა შორის, ამას ყოველთვის ვაკონტროლებ და თუ ვინმე ზედმეტ ამბიციად ჩამითვლის, დაე, ასე იფიქროს.

- კორპორაციულ საღამოზე ნოდიკოს მიწვევა ძვირად ღირებული სიამოვნებაა?

- ამაში ისეთ ჰონორარს ვიღებ, რომ თავი სრულყოფილ მომღერლად ვიგრძნო. ყოველთვის "ცოცხლად" ვმღე­რი, ბოლომდე ვიხარჯები და ასეთი მიწვევა საკმაოდ ხშირად მაქვს.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- დედაჩემისთვის რომ დაგერეკა და ჩემს სიჯიუტეზე გეკითხა, საოცარ ამბებს მოგიყვებოდა. ვაღიარებ, სახლშიც და გარეთაც ჯიუტი ვარ. მაქვს პრინციპები, მოსაზრებები, შეხედულებები, რომლებსაც არასდროს ვცვლი. კამათიც მიყვარს.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუ­დ­ვები, აკრძალვები".

- ყველაფერში რომ გეთანხმები, ატყობ?!

- ასტროლოგები გირჩევენ, - კარგი იქნება, თუ კომპრომისის ხელოვნებას ისწავლიო.

- უკვე ნასწავლი მაქვს.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- ასეა. საქართველოში ხელოვანებს აღიარება უფრო მეტად გვაქვს, ვიდრე მატერიალური უზრუნველყოფა.

- "ექსტრიმით სავსე, დრამატული ცხოვრება აქვს".

- მგონი, ყველას ცხოვრებაშია ექსტრიმი და დრამატიზმი.

- ზოგიერთის ცხოვრება ძალიან ლაღია.

- ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ცხოვრებას დრამატიზმიც თან სდევს, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც ჩვენ გვერდით უამრავი შეჭირვებული ცხოვრობს. დღეში ალბათ, 5 ადამიანი მაინც მირეკავს და მთხოვს, საქველმოქმედო კონცერტზე ვიმღერო. თუ თბილისში ვარ, ამაზე უარს არც ერთ შემთხვევაში არ ვამბობ, რადგან ვიცი, რომ შეგროვებული თანხით მძიმე დაავადების მქონე ადამიანს დაეხმარებიან. თვეში 10 საქველმოქმედო კონცერტზე მაინც გამოვდივარ. ბევრი ფული არ მაქვს, რომ ვინმეს თანხით დავეხმარო და სიმღერით მდგომარეობას ოდნავ მაინც თუ შევუმსუბუქებ, უარი რატომ უნდა ვთქვა? მიხარია, რომ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში მცირე წვლილის შეტანას მაინც ვახერხებ. ქუჩაში ფეხით სიარული მიყვარს. გზად უამრავი გაჭირვებული ადამიანი მხვდება. ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა, თანხა ბარათზე მაქვს და "ქეშად" - არა. ჰოდა, მსაყვედურობენ, - რა მოხდა, ასე როგორ გაგიჭირდა, რომ ვერ გვეხმარებიო? ახსნა ძნელია, ყველას ბოდიშს ვუხდი.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი - ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- ასეა, არ უნდა გამამწარო.

- რომ გაგამწარო, რას იზამ?

- არ ვიცი, ძალიან გატკენ. მართლმადიდებელი ვარ, მოძღვარი მყავს, აღსარებას ვამბობ და ვიცი, რომ მსგავსი რამ თავში აზრადაც არ უნდა გავივლო, მაგრამ თუ ჩემს თავმოყვარეობას ცუდად შეეხები, მერე ოოო!!!

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვს. მის მზერას ხალხი თავს არიდებს".

- ეს არაერთხელ უთქვამთ. იმასაც აღნიშნავენ, რომ ადამიანების დაყოლიების უნარი მაქვს.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც პატივისცემით ეპყრობა".

- ისეთ სფეროში მიწევს საქმიანობა, სადაც ბევრი გიღიმის, მაგრამ ზურგს უკან შენზე საშინელებას ლაპარაკობს.

- შოუბიზნესში ინტრიგა ხშირია...

- (მაწყვეტინებს) და არაჯანსაღი დამოკიდებულებაც, მაგრამ ეს ყველას არ ეხება. უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობის გარკვევას ვცდილობ.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- იმდენად თვითკრიტიკული ვარ, ხშირად საკუთარ თავსაც ვთრგუნავ, ვგესლავ. ვხვდები, სად რა შეცდომა დავუშვი და რა როგორ გავაკეთე, ეს კი პროფესიულ და პიროვნულ ზრდაში მეხმარება.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე, შეურაცხყოფა..."

- მართალია. შეურაცხყოფას როცა მაყენებენ, სამაგიეროს მეც იმ წუთშივე ვუხდი.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე და ისეთ დარტყმას აყენებს, მოწინააღმდეგეს საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- თუ იცი, რომ ადამიანი შენი მტერია, მასზე ჯავრი უნდა იყარო, აბა, რა უნდა ქნა?

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას მეტყვი?

- მხოლოდ ერთი სიტყვა? (ფიქრობს) "გაწონასწორებული".

- ასტროლოგები "უძლეველს" გიწოდებენ.

- მართლა? ეს რომ მეთქვა, უხერხული ხომ იქნებოდა? უსამართლობას ვერ ვიტან. პატივს ვცემ ადამიანებს და თბილი ვარ, მაგრამ როცა ვინმე ცუდად მეხება, მეომარი და შეურაცხადი ვხდები. ჩხუბი არ მიყვარს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ვიჩხუბებ.

- ბოლოს როდის იჩხუბე?

- დაახლოებით 5 წლის წინ მეგობრის გამო ისეთი მუშტი-კრივი მქონდა, რომ რაც ეცვა, ყველაფერი თავზე დავახიე.

- ფულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- 14 წლიდან მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ. ჩემი შემოსავალი ოჯახს, მეგობრებს ხმარდება. ფულს არ ვხარჯავ კლუბებში, სასმელში და ა.შ.

- "მორიელი ნაწილობრივ ჯადოქარია (მეექვსე გრძნობის წყალობით) და გულის სწორს დანახვისთანავე ცნობს".

- ჰო, ჩემში რაღაცები იწყება ხოლმე. მიჭირს, ეს "რაღაც" სიტყვებით როგორ აგიხსნა.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ყველაფერი კარგადაა. ერთ ადამიანთან ურთიერთობა ახალი დაწყებული მაქვს.

- ამ ურთიერთობას რა ჰქვია?

- (პაუზის შემდეგ) სიყვარული. თავს კარგად ვგრძნობთ. იმდენად სუფთა და კარგი ურთიერთობაა, ჯერ არ მინდა, ვილაპარაკო. მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე, ისე კარგად არ ვიცნობდი, როგორც მეგონა.

- მის ხსენებაზე თვალები გიბრ­წყინავს...

- ბედნიერი ვარ!

- "გარეგნულად მარმარილოსავით ცივია, მაგრამ უჩვეულოდ ვნებიანი".

- უთქვამთ, - ეკრანიდან ძალიან ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, რეალურად კი სხვანაირი ყოფილხარო. უცხო ადამიანებთანაც ისე ვლაპარაკობ, როგორც ახლა - შენთან. ჰოდა, მკითხველმა განსაჯოს, როგორი ვარ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება