სოფო ბედია: "მე და მამუკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ"

სოფო ბედია: "მე და მამუკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ"

შოუში "ორ ვარსკვლავი" ასეთი პრინციპია: მომღერლები მთელი კვირის განმავლობაში თავის მეწყვილეებს შერჩეული სიმღერების შესწავლასა და დამუშავებაში ეხმარებიან. ყოველ ორშაბათს კი მათ მიერ ცოცხლად შესრულებულ დუეტებს წარადგენენ. ნომრებს ჟიური აფასებს.

მომღერალი სოფო ბედია მოუთმენლად ელოდება პროექტის დაწყებას, ვინაიდან პაროდისტის, მამუკა ლომაშვილის პარტნიორობა უწევს. მასთან ერთად არაერთი სიმღერა უნდა წარმოაჩინოს და ორივე ერთად ბევრ სახალისო ნომრსაც გეგმავს.

- მუსიკალური პროექტში მონაწილეობა შენთვის ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ რას იტყვი, "ორ ვარსკვლავზე", რომელშიც ცოტა ხანში უნდა ჩაერთო?

- საერთოდ, ძალიან მომწონდა ეს პროექტი. უცხოეთში მაქვს ნანახი და რაღაც ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. ახლა კი ჩვენთანაც იწყება და საშუალება მეძლევა, ესტრადაზე კიდევ სხვა კუთხით წარმოვჩინდე. ეს ყველაფერი საინტერესოა. პრექტში უნდა გამომჟღავნდეს ადამიანის არტისტიზმი, ცეკვა, ანუ ქორეოგრაფიული ნიჭი. ძალიან საინტერესო უნდა იყოს ეს პროექტი იმითაც, რომ მუსიკოსებს მასში მეორეხარისხოვანი როლი გვაქვს და ჩვენს წყვილებს ვეხმარებით. ყველანაირად შევეცდები, ჩემს პარტნიორს ნიჭის წარმოჩენაში დავეხმარო. მას შეუძლია სიმღერა, კარგი სმენა აქვს. მგონი, საინტერესო იქნება ჩვენი დუეტი.

- მოდი, გავხსნათ ბრჭყალები და ვთქვათ, რომ ლაპარაკია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტ მამუკა ლომაშვილზე. როგორც მუსიკოსი ამბობ, რომ კარგად მღერის, კარგი სმენა აქვს და ისეთ ძლიერ ვოკალისტს, როგორიც შენ ხარ, შესაფერის პარტნიორობას გაგიწევს?

- ძალიან კარგად მღერის. რეპეტიციებზე მონდომებულია და ისეთი შემართებული, რომ მისი მჯერა. ზოგადად მონდომებული და მიზანდასახული ადამიანია. ვფიქრობ, რომ მასთან მუშაობა არ გამიჭირდება. თვითონაც ძალიან მშრომელი ვარ, მუშაობისას მინდა, რომ ბოლომდე დავიხარჯო. მიუხედვად იმისა, რომ არასდროს ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. მეტი და მეტი მინდა. ვოკალში მამუკას არასდროს უმეცადინია, პედაგოგი არ ჰყოლია, ამიტომ ჩემი მხრიდან მინდა, კარგი რჩევები მივცე, ყველაფერს მარტივად რომ მოერგოს. ამასთან, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ყველაფერს აკეთებს, რასაც ვეუბნები. ითვალისწინებს ჩემს რჩევებს და მიხარია, რომ ასეთი კარგი პარტნიორი შემხვდა...

- მოკლედ, ორი "ფუტკარი" შეხვდით...

- ნამდვილად (სიცილით მეთანხმება). საოცარი მშრომელია, იმ დონეზეა მონდომებული, რომ ხანდახან შოკში ვარ მეც და ის პედაგოგებიც, ვინც გვამეცადინებენ. საერთოდ, ადამიანი რაც უნდა ნიჭიერი იყოს, შრომისა და მონდომების გარეშე წინ ვერ წავა.

- სოფო, როგორც ვიცი, პროექტში ჟანრობრივი მრავალფეროვნება იქნება. მამუკა რამდენად აუღებს ამ ყველაფერს ალღოს?

- ყველანაირად ვცდილობთ, რომ მას შესაფერისი სტილის სიმღერები მოვარგოთ. მისი შესაძლებლობები არ უნდა დაიჩრდილოს და წინა პლანზე წამოიწიოს. საკმაოდ მაღალი ხმა აქვს და ერთმანეთს რეგისტრალურადაც ვუგებთ. რა თქმა უნდა, ბევრი მუშაობა დაგვჭირდება, მაგრამ არა მარტო მას, მეც და იმიტომ, რომ მამუკას უნდა ვუსმინო და მივყვე. ეს ხომ უპირველესად მისი კონკურსია.

- მამუკას ამ პროექტამდე ახლოს თუ იცნობდი?

- ჩვენ "იუმორინიდან" ვიცნობთ ერთმანეთს და ერთი სამეგობრო წრე გვყავდა. კონცერტებზეც ერთად ხშირად გამოვსულვართ. მამუკასთან ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანური ურთიერთობა მაქვს. კარგი პიროვნებაა და კარგად ვუგებთ.

- ვინაიდან მამუკა იუმორისტია. ნომრის მომზადებისას თუ გაითვალისწინებთ ამას და იუმორის ელემენტებით თუ დატვირთავთ ნომერს?

- კი, აუცილებლად და ეს ძალიან საინტერესო იქნება. ისე იუმორთან არც მე ვარ მწყრალად და მეც გამომდის ეს საქმე, რაც მაყურებელმა ალბათ, არ იცის და როგორც მომღერალს, ისე მიცნობს. სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ იუმორიც შემოვიდეს და შოუ შედგეს.

- გამარჯვების შანსი გაქვთ?

- ამ კონკურსში ძალიან კარგი ადამიანები არიან შერჩეულები. ყველანი თავიანთ სფეროებში ძალიან მაგრები არიან. სერიოზული კონკურენცია წავა და ასეთ შემთხვევაში, კონკურსი მეტად საინტერესო იქნება. არ მიმაჩნია, რომ ლიდერები ვართ, ასე არც არასდროს ჩამითვლია. ვიცი, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენი შესაძლებლობები კარგად წარმოვაჩინოთ.

- როგორ მიიღებს მაყურებელი თქვენს დუეტს და რას დაუტოვებს მას?

- მამუკა, როგორც ვიცი, ხალხს ძალიან უყვარს. მაყურებლის კეთილგანწყობას მეც ვგრძნობ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ორი ადამიანი, რაღაც ლამაზს, კარგს გააკეთებს და შესთავაზებს ხალხს. ყველას თავი უნდა მოვაწონოთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "მბები.გე"-სთვის

იხილეთ შოუ "ორი ვარსკვლავი" Facebook-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება