რატომ აღარ დადის რამაზ ლაზარიშვილი კაზინოში

რატომ აღარ დადის რამაზ ლაზარიშვილი კაზინოში

ევროპული ცეკვების პროფესიონალი შემსრულებელი და პილოტი - რამაზ ლაზარიშვილი თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. მიაჩნია, რომ საქართველოში ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო თანხის შოვნა ძნელია. რამაზმა საუბრისას ისიც გაგვიმხილა, რომ შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

- ფულის შეგროვება თუ გიყვარს? ოდესმე ყულაბა გქონია?

- ფულის შეგროვება კი მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ამას იშვიათად ვახერხებ. ყულაბა ბავშვობაში მქონდა და როგორც მახსოვს, ერთხელ 105 ლარი მოვაგროვე... ცდუნებას დიდხანს ვერ ვუძლებდი, ამიტომ ყულაბას მანამდე ვტეხდი, ვიდრე გაივსებოდა.

- აზარტული ხარ?

- მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე აზარტული ადამიანი ვარ (იცინის).

- კაზინოს ხშირად სტუმრობ?

- აზარტული კი ვარ, მაგრამ კაზინოში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და არაფერი მომიგია, პირიქით - გარკვეული თანხა წავაგე. ჰოდა, ამ შემთხვევების შემდეგ კაზინოში შესვლის სურვილი აღარ გამჩენია. იქ თამაშს, რატომღაც, აზარტში ვერ შევყავარ. ვფიქრობ, კაზინოში თანხის მოგება ძალიან ძნელია. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ კლიენტმა უნდა წააგოს. თანაც, უშრომელად მოგებულ ფულს ისევ, საკუთარი შრომით მოპოვებული თანხის ხარჯვა მირჩევნია.

- ხელფასის მთელ თვეზე განაწილებას თუ ახერხებ?

- სხვათა შორის, ამას ვახერხებ, მაგრამ თვის ბოლოს ვხვდები, რომ მთლად კარგი მენეჯერი არ ვარ. თვის განმავლობაში რამდენიმე გაუთვალისწინებელი ხარჯი გეგმას მირევს.

- ანუ თვის ბოლოს უფულოდ ხშირად რჩები?

- უფულოდ თითქმის არასდროს ვარ, მაგრამ თუ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები, დედა მეხმარება. მიყვარს შრომა და საკუთარი პროფესიები.

- ფულის სესხება თუ გიწევს ხოლმე?

- ფულის გასესხება უფრო ხშირად მიწევს, ვიდრე სესხება. არ ვამბობ, რომ ვალი არასდროს ამიღია, მაგრამ ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიქცევი, როცა ეს ძალიან აუცილებელია. ვალის უბრალო რაღაცის გამო აღება არ მიყვარს. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლის იმედად ვიყო.

- ფულის ხარჯვა რაში არ გენანება?

- მოგზაურობაში. როგორც იცით, პილოტი ვარ და მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ამ სიამოვნებაში დახარჯულ ფულს არასოდეს მივტირი. სიმართლე გითხრათ, რესტორნებსა და ბარებში ფულის ხარჯვა არ მიყვარს. თანხა არც სამოსის შესაძენად მენანება.

- ტანსაცმელში ბევრ ფულს ხარჯავ?

- დიახ, ამ სიამოვნებაშიც საკმაოდ ბევრ ფულს ვხარჯავ. დედაჩემი იტალიაში ცხოვრობს და შესაბამისად, ამ ქვეყანაში ჩასვლა ხშირად მიწევს. განსაკუთრებით მიყვარს მილანში გამგზავრება - შეუძლებელია, იქ მყოფს ტანსაცმლის შეძენის სურვილი არ გაგიჩნდეს. თუმცა, რომ გითხრა, უპირატესობას ბრენდებს ვანიჭებ-მეთქი, მოგატყუებ. მთავარია, სამოსი მომეწონოს... ისე, "ზარას" ფირმის ტანსაცმელი ძალიან მომწონს.

- თუ შეგიძენია ისეთი ნივთი ან სამოსი, რომელიც ვერ გამოგიყენებია?

- ასეთი შემთხვევა ხშირად არ მქონია, მაგრამ რამდენჯერმე შევიძინე ისეთი რაღაც, რაც არ გამომადგა. მინდა გითხრათ, რომ ეს საშინელი შეგრძნებაა... ახლა ჭკუა ვისწავლე და ვიდრე რაიმეს შევიძენ, წინასწარ ბევრს ვფიქრობ.

- ფული დაგიკარგავს?

- ერთხელ დავკარგე და ის შემთხ­ვევა დღემდე მწარედ მახსოვს: დასასვენებლად ვიყავი წასული. ხომ იცით, ასეთ დროს წინასწარ გაქვს გათვლილი, რამდენი დღე უნდა დაისვენო და რა თანხა დაგჭირდება ამ სიამოვნებისთვის. მოკლედ, ერთხელ, როცა რამდენიმე დღე მქონდა დარჩენილი, საფულე დავკარგე და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. დავიბენი. უცებ ვერ გავიაზრე, რა უნდა მექნა. მადლობა ღმერთს, დაბნეულობამ მალევე გამიარა და პრობლემა როგორღაც მოვაგვარე, მაგრამ საკუთარ თავზე დღემდე ვბრაზობ, რადგან ვერაფრით ვიხსენებ, სად, როგორ და რა სიტუაციაში დავკარგე საფულე.

- ოდესმე ფული თუ გიპოვია?

- ფული არც არასოდეს მომიგია და არც - მიპოვია.

- როგორ ფიქრობ, ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარი შრომით მიღწეული წარმატება უფრო გემრიელია!

- გამდიდრებაზე ხშირად ოცნებობ?

- არ მჯერა, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ფულის შოვნაზე არ უოცნებია. მდიდარი რომ ვიყო, ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი, მაგრამ პირველ რიგში, საოცნებო მანქანას შევიძენდი.

- რომელი მანქანის ყოლაზე ოცნებობ?

- მომწონს ძველებური "მუსტანგი", "ლამბორჯინი", "ფერარი"... იმედია, ოდესმე ამ ოცნებას ავისრულებ.

- დანაზოგის გაკეთებას თუ ახერხებ მაგალითად იმისთვის, რომ ოდესმე საოცნებო ავტომობილების შეძენა შეძლო?

- ამხელა დანაზოგს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მაქვს ელექტრონული ყულაბა, რომელზეც ფული ავტომატურად გროვდება.

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- სხვათა შორის, კი. მიყვარს ჩემი ელექტრონული ანგარიშების მართვა, ამით ძალიან ვერთობი ხოლმე. თუმცა, სიმართლე გითხრათ, საქართველოში არსებული ბანკების მომსახურების ტარიფები მაოცებს; იმხელა პროცენტები აქვთ, მათთან ურთიერთობის სურვილი დაგეკარგება, მაგრამ რას ვიზამთ, დღეს შეუძლებელია, მათი მომსახურების გარეშე ცხოვრება შეძლო.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ამას იშვიათად ვაკეთებ. ჰოდა, ხშირად მიწევს იმაზე ფიქრი, თუ სად დავხარჯე ის კონკრეტული თანხა, რომელიც საფულეში მედო. სხვათა შორის, ეს ფაქტი დიდ დისკომფორტს მიქმნის.

- გაიხსენე ყველაზე ძვირად ღი­რებული საჩუქარი, რომელიც მოგართვეს...

- ეს გახლავთ საცეკვაო ფრაკი, რომელიც დღემდე მაქვს და ძალიან მიყვარს.

- ბავშვობის შემდეგ შენთვის ფული არავის უჩუქებია?

- როგორ არა! ახლობლებმა იციან, რომ ფული მიყვარს (იცინის). ჰოდა, როცა ოჯახის წევრებს ჩემი განწყობილების ამაღლების სურვილი უჩნდებათ, იციან, რომ ამისთვის მარტივი გზა არსებობს და ფულს მჩუქნიან.

- თუ გახსოვს, პირველი ჰონორარი რა ასაკში აიღე?

- ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ აღებულმა თანხამ ძალიან გამახარა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ცეკვით ფულს ვიშოვიდი.

- როცა ბარში ან რესტორანში მანდილოსანთან ერთად ხარ, დანახარჯს ყოველთვის თავად იხდი?

- აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია, რომ ასეთ სიტუაციაში მამაკაცმა ჯენტლმენობა გამოიჩინოს და ფული თავად გადაიხადოს. ისე, თუ ახლობელ ადამიანთან ერთად ხარ და თანხის გადახდას ის დაგასწრებს, ეს უხერხული სულაც არ არის. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, თუ ქალიც შეეცდება, პატივი გცეს.

- როგორ ფიქრობ, დღევანდელ სიტუაციაში საკუთარი შრომით მოპოვებული თანხით ოჯახის უზრუნველყოფა შესაძლებელია?

- სამწუხაროდ, ძა­ლიან რთულია, ის კონკ­რეტული თანხა გამოიმუშაო, რომლითაც ოჯახის მატერიალურ უზრუნვეყოფას შეძლებ. არადა, ადამიანს შრომა უნდა დაუფასდეს... გულწრფელად რომ გითხრათ, მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც მამაკაცზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ოჯახის ყველაფრით უზრუნველყოფა. ვფიქრობ, არა მარტო კაცს აქვს მუშაობის უფლება, არამედ ქალსაც უნდა ჰქონდეს საყვარელი საქმის კეთების საშუალება.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ...

- დიახ, შეყვარებული ვარ და შესაბამისად, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

- შეყვარებულს საჩუქრებით თუ ანებივრებ ხოლმე?

- შეძლებისდაგვარად ვცდილობ, საყვარელი ადამიანი საჩუქრებით გავანებივრო. საერთოდ კი, ძალიან მიყვარს ახლობლებისთვის საჩუქრების კეთება და როცა ამის საშუალება მაქვს, არც თავს ვზოგავ და არც - ფულს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება