დრედებიანი ქართველი მორაგბისა და მისი პარტნიორის გეგმები

დრედებიანი ქართველი მორაგბისა და მისი პარტნიორის გეგმები

როგორც კონკურსის, "ორი ვარსკვლავის" ორგანიზატორები ამბობენ, წესების თანახმად, ჟიურის ქულებისა და "ესემესების" შედეგების შეჯამების შემდეგ, აუტსაიდერი წყვილი გამოვლინდება, რომელიც პროექტს დატოვებს. თუმცა მაყურებელი ეპიზოდიდან ეპიზოდამდე მოწმე გახდება, როგორ გაიზარდა კონკურსის თითოეული მონაწილე... შეგახსენებთ, რომ მუსიკალური თემები განსხვავებულია: დისკო, როკი, რეტრო, ფოლკლორი, სოული, ჯაზი და ა.შ.

ამ ყველაფერს ალღოს როგორ აუღებს მორიგი წყვილი, ვის წარდგენასაც ახლა ვაპირებ, ამას შოუს დაწყების შემდეგ ვნახავთ. ისინი "ახალი ხმის" მონაწილე, მაკო კვიტაიშვილი და მორაგბე, საქართველოს ნაკრების წევრი გივი ბერიშვილი არიან.

მაკო კვიტაიშვილი:

- ბავშვობიდან ვმღერი, რადგან თავიდანვე ძალიან მიყვარდა სიმღერა...

- ვინ გასწავლა სიმღერა? მასწავლებელი არ გყოლია?

- პედაგოგი არ მყოლია, უფრო ჩემით ვსწავლობდი რაღაცებს. ბავშვობაში ცოტა ხანს ქართულ სიმღერებზე კი დავდიოდი...

- თვითნაბადი ნიჭი გქონია...

- ჰო, რა ვიცი...

- "ახალ ხმაში" მონაწილეობა რას ნიშნავდა შენთვის?

- ალბათ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე წარმატებას და სცენაზე ყოფნის გამოცდილებას. თან, მაყურებელმა გამიცნო.

- სიმღერის გარდა, კიდევ რას საქმიანობ?

- სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობ. ვაპირებ სამსახიობო ფაკულტეტზე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარო.

- ახლა პროექტში "ორი ვარსკვლავი" რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?

- ჩემს მეწყვილეზე ვარ დამოკიდებული. გივი მორაგბეა, სპორტსმენი. კარგი ბიჭია. ჩემზეა მონდობილი, რადგან სცენაზე არასდროს უმღერია, ამ კუთხით გამოუცდელია და ამიტომ უნდა დავეხმარო იმაში, რომ ფინალამდე გავიყვანო.

- შენს მეწყვილეს სპორტული ჟინი კი ექნება.

- კი და ისეთი სიმღერები უნდა შევურჩიოთ, რომ სანახავადაც კარგი იყოს და მოსასმენად.

- კარგად მღერის?

- ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს. ვეუბნები, აქამდე სად იყავი-მეთქი და იცინის... 26 წლის არის... სპორტულად კი არის განწყობილი, მაგრამ ძალიან ნერვიულობს. თუმცა საოცრად დამჯერი და მონდომებულია, რასაც ვეუბნები, ყველაფერში მომყვება.

- რა სიმღერებს შეურჩევთ?

- თვითონ ქალაქური სიმღერბის შესრულება უნდა, არადა, ვინც მას იცნობს, ისეთი არაქართული გარეგნობა აქვს, ვერავინ იფიქრებს, რომ ასეთ სიმღერას წარმოადგენს. მაგრამ დამიჯერეთ, იმღერებს... გივი შავგვრემანი, დრედებიანი ტიპაჟია, სრული და ძალიან საყვარელი. ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, რომ დავეხმარო. მოკლედ, ისე ნერვიულობს, რომ ამ განცდას მოედანზე გასვლის წინა განცდას ადარებს. ამბობს, დაახლოებით ასე ვარ მოედნაზე გასვლის წინო.

- ქართველი მორაგბეები დღეს წარმატებულები არიან. კარგად ასპარეზობენ. თუ მორაგბის შემართებით ამ კონკურსსაც შეუტია, მაშინ თქვენ წყვილს გამარჯვება გარანტირებული აქვს. რას იტყვი?

- კი, შეიძლება, მაგრამ ჩვენ გარდა, ბევრი კარგი კონკურსანტი მონაწილეობს. თუმცა ვნახოთ.

- მაკო, დედაშენი, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე რას გეუბნება?

- დედა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ კონკურსზე კარგად წარმოვადგინო თავი. რეპეტიციებზე მანქანით მატარებს. ზოგადად კი გაუხარდა, ამ კონკურსში რომ მიმიწვიეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ შოუ "ორი ვარსკვლავი" Facebook-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება