"შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა"

"შეიძლება, ოდესმე გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მაიდანზე დგომა"

ივანა მელაი ძალიან მალე თბილისს დატოვებს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავა. თბილისში გატარებულ წლებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს. ყოველთვის მხიარული და მოღიმარი იყო, მაგრამ ბოლო დროს სულ მოწყენილია და შავ სამოსს ატარებს. სხვანაირად არ შეუძლია, რადგან მის მშობლიურ უკრაინაში ხალხი იხოცება.

- თქვენი ნათესავები მომიტინგეებთან ერთად დგანან?

- რაც ახლა კიევში ხდება, ასეთი რამ დამოუკიდებელ უკრაინას არ ახსოვს. ეს მხოლოდ სამწუხარო კი არა, შოკისმომგვრელი ამბავია. ქართველიც კი დაიღუპა. როგორ შეიძლება მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა, არ მესმის. ჩვენი ინტერვიუს დაწყებისთანავე შემიძლია ვთქვა, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ამ ყველაფერს ვამბობ როგორც უკრაინის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც იმ ქვეყანაში დაიბადა. ჩემი მეგობრების გამო ძალიან ვწუხვარ. ისინი მაიდანზე არიან, ნათესავები კი კიევში არ ცხოვრობენ. წარმოშობით კარპატებიდან ვარ. ჩემს მეგობრებს მომიტინგეებთან მიაქვთ საკვები და წამლები. ძალიან ვნერვიულობ, ნებისმიერ დროს შეიძლება, ცუდი რამ მოხდეს.

- მომიტინგეების გვერდით დგომის სურვილი გაგიჩნდათ?

- ამის სურვილი იმ წუთიდან გამიჩნდა, როცა ხალხი მაიდანზე გავიდა პროტესტის გამოსახატავად. შეიძლება, ოდესმე დაწვრილებით გიამბოთ, რატომ არ შემიძლია მათთან ერთად დგომა. დღეს ამის შესახებ რომ ვისაუბრო, მზად არ ვარ.

- რატომ?

- ძალიან სევდიანი ამბავია და დღეს ამ ამბის მოყოლა უსაფრთხო არაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. უკრაინაში სხვა, კარგი ხელისუფლება მოვა, შესაძლოა, მაშინ ყველაფერს გულახდილად მოვყვე. დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასე ჩემი და ჩემი ოჯახის მიზეზით არ მომხდარა. ამ ამბის გამო ცხოვრობენ ჩემი მშობლები თბილისში და ჩვენ ჯერჯერობით არ შეგვიძლია კიევში ჩასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება და ჩვენ შევძლებთ სამშობლოში დაბრუნებას. შემიძლია გითხრათ, რომ ორი სამშობლო მაქვს, უკრაინა და საქართველო. მინდა, ორივე ქვეყანაში ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ. ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ამიტომ კარგად უნდა ვიცხოვროთ.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თქვენი მეორე სამშობლოა, გადაწყვიტეთ, დატოვოთ და მოსკოვში გადახვიდეთ…

- გაინტერესებთ რატომ? მეც მინდა, რომ კარგად ვიცხოვრო. და არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, არამედ კარიერის განვითარებისთვისაც. ექვსი წლიდან სცენაზე ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ წინ მივდიოდი. ბავშვობის წლებიდან დავდიოდი საზღვარგარეთ კონკურსებზე და სულ ვცდილობდი, შემოქმედებითად გავზრდილიყავი. დასამალი არაფერია, საქართველომ ყველა სფეროში პაუზა აიღო. ჩემი მშობლები თბილისში რჩებიან, ამიტომ თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ აუცილებლად ჩამოვალ. ჩემს კარიერას გაგრძელება სჭირდება. მე აუცილებლად წინ უნდა წავიდე. საქართველოში ამის შესაძლებლობები არ არის. ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი უკვე წავიდა საქართველოდან. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, საქართველოდან ვივლიდი სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებზე და თბილისიდან გადასვლაზე საერთოდ არ ვიფიქრებდი. ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში ჩემს საქმეს ვაკეთებდი და მშვიდად დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. ვხედავდი, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკოსები ჩამოდიოდნენ, ჰოლივუდელი რეჟისორები აქ ფილმებს იღებდნენ. ყველაფერი ვითარდებოდა, ახლა ყველაფერი გაჩერდა. საქართველოდან რომ მივდივარ, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას დავივიწყებ. ადამიანები, რომლებსაც აქ შევხვდი, სულ ჩემს გულში იქნებიან.

- ყველამ იცის, რომ გურამ ლომიძე და თქვენ შეყვარებულები ხართ. როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა? გურამი მოსკოვში აპირებს წამოსვლას?

- გურამი ნამდვილი ქართველი მამაკაცია. ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში იტალიაში წავედი ერთი თვით და იქ ჩამოვიდა ჩემ სანახავად. ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. ორივე ჩვენი გზით ვვითარდებით და გვესმის, რომ მოსკოვში გადასვლა ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯია. გურამიც ცდილობს განვითარებას. ის ნიჭიერი ადამიანია და მას დიდი მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ ჯგუფთან ერთადაც უნდა იმღეროს და სოლოკარიერაც აუცილებლად უნდა გააგრძელოს.

- ბევრის აზრით, გურამი "ქუჩის ბიჭებში"ყველაზე კარგად მღერის.

- ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯგუფის ყველა წევრთან კარგად ვარ. ვფიქრობ, "ქუჩის ბიჭებმა"ქართულ ესტრადაში დიდი ცვლილება შეიტანეს. ჩემი აზრით, ყველა მათგანი ძალიან მაგარია და, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს გურამი. ისიც აპირებს მოსკოვში ჩასვლას, მაგრამ ეს როდის მოხდება, არ ვიცი. ვფიქრობ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ბევრი კარგი რამ გააკეთა. უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ რამე ახლის გაკეთება ყველას არ შეუძლია. მან ეს შეძლო და მგონია, რომ მესამე და მეოთხე ქვეყანაშიც რომ წავიდეს, ყველგან შეძლებს ყველაფრის მიღწევას.

- აღნიშნეთ, რომ ის ნამდვილი ქართველი მამაკაცია, რას ფიქრობს თქვენ შესახებ გავრცელებულ ჭორებზე?

- ჭორები ძალიან არ მიყვარს. თქვენთან ერთად შემიძლია გავარჩიო წიგნი, რომელიც წავიკითხეთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ჭორაობენ, ის წაკითხული ექნებათ. არ მგონია, რომ ადამიანები, რომლებიც ჭორებს იგონებენ, ჩვენ კარგად გვიცნობდნენ. როცა ადამიანი სხვის ცხოვრებაზე ლაპარაკობს, ე.ი. მისი ცხოვრება საინტერესო არ არის.

- გურამს როგორი რეაქცია აქვს, როდესაც ლაპარაკობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სამკაულები გაჩუქათ. გურამს უთქვამს, ნივთები ქვეყნის პირველი პირისგან საჩუქრად რატომ მიიღეო?

- ჩემ შესახებ ყოველთვის ჭორაობენ. ეს ჩემი ბრალი არაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება