ჯულიანა ბარგნარი: მამაკაცს განსაკუთრებული მზერა უნდა ჰქონდეს

ჯულიანა ბარგნარი: მამაკაცს განსაკუთრებული მზერა უნდა ჰქონდეს

ევროპული ცეკვების ოსტატი - ჯულიანა ბარგნარი სტომატოლოგის პროფესიას ეუფლება. ამბობს, რომ საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ შეეცადა, ჩვენს კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაეცა. ჰოდა, თუ როგორი "საპატარძლოა" ჩვენი რესპონდენტი, ეს თავად შეაფასეთ.

- ჯულიანა, შენი ოჯახი გაგვაცანი.

- მყავს დედა, მამა და ძმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. მას უკვე საკუთარი ოჯახი აქვს. დედა მკერავია. ძირითადად, საცეკვაო კაბებს კერავს. მამა დიდი ხანია, უკვე აღარ მუშაობს. ქალაქგარეთ გვაქვს ნაკვეთი, სადაც ის მთელ დღეს ატარებს. მიწის დამუშავება ძალიან უყვარს... ჩემი ძმა სტომატოლოგია. დედას და მამას უნდოდათ, მეც იგივე პროფესია მქონოდა. მათი აზრი გავითვალისწინე და სტომატოლოგიურზე ჩავაბარე. ჯერ კიდევ სტუდენტი ვარ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წელი ლექციებზე სიარულს ვერ ვახერხებდი პროექტებისა თუ მოსწავლეების გამო. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, ღირს თუ არა სწავლის გაგრძელება. არადა, ახლა წესით, მე-4 კურსზე უნდა ვიყო.

- გამოდის, რომ ცეკვა უფრო მეტად მოგწონს, არა?

- ასეა, სხვა საქმე ნაკლებად მაინტერესებს. თან, ხომ იცით, მოცეკვავეს ბევრი ვარჯიში უწევს და სხვა რაღაცებისთვის დრო თითქმის არ მრჩება.

- საკუთარ თავს როგორ დაგვიხასიათებ?

- ამის გაკეთება გამიჭირდება... ერთი შეხედვით ჩანს, რომ მშვიდი ვარ, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის. ძალიან ენერგიული და საქმიანი გახლავართ.

- თავშეკავების უნარი თუ გაქვს? მაგალითად, შეგიძლია თუ არა, რომ მეგობარს ან ახლობელ ადამიანს, რომელმაც გაწყენინა, არ უსაყვედურო?

- სწორედ ასე ვიქცევი იმ მიზეზის გამო, რომ არ მიყვარს კონფლიქტური სიტუაციები და ყველანაირად ვცდილობ, ვინმესთან უსიამოვნება არ შემემთხვეს. უკიდურეს სიტუაციაში, როცა კამათი მაინც მიწევს, ამას ძალიან განვიცდი.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- გააჩნია სიტუაციას: თუ ადამიანი მოვა და საკუთარი საქციელის გამო მომიბოდიშებს, შეიძლება, დანაშაული ვაპატიო და შესაბამისად, წყენასაც დავივიწყებ. ოღონდ, სინანული გულწრფელი უნდა იყოს.

- გაწონასწორებული ხასიათი გაქვს თუ ფიცხი?

- ფიცხი ვარ, მაგრამ არა - "პანიკიორშა". წვრილმანი რაღაცების გამო არ "ავფეთქდები", წონასწორობას იშვიათად ვკარგავ. მოკლედ, საკუთარი თავის კონტროლს ყოველთვის ვახერხებ.

- რომელია შენი ყველაზე კარგი თვისება?

- შრომისმოყვარე ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მაქვს საყვარელი საქმე, რომელშიც მთელ სულსა და გულს ვდებ.

- ერთგულება შეგიძლია?

- ყველა ჩემი მეგობრისა და საყვარელი ადამიანის ერთგული ვარ, სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ, არ შემიძლია. სიყვარული და ერთგულება ერთმანეთისგან განუყოფელი გრძნობებია.

- სიამაყე რა დოზით არის შენში?

- ვფიქრობ, გარკვეული დოზით ამაყი ყველა უნდა იყოს. თუმცა, ზედმეტი თავდაჯერებულობაც არ არის საჭირო, - ასეთ შემთხვევაში შემოქმედებითად ვეღარ გაიზრდები.

- შენს უარყოფით თვისებებზე რას გვეტყვი?

- ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, ეს კი ბევრ რამეში მიშლის ხელს. ჰოდა, ვცდილობ, ამ თვისებას შევებრძოლო. ეს ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა.

- შეიძლება, ასეთ დროს დეპრესიაშიც ჩავარდე?

- არა, დეპრესიაში არ ვვარდები, მაგრამ 2 დღე მაინც ძალიან ცუდად ვარ. საერთოდ, სხვებთან ბოლომდე ვერ ვიხსნები; არ შემიძლია, ყველანაირ თემაზე ვისაუბრო თუნდაც უახლოს დაქალთან. არსებობს რაღაც, რაც მარტო ჩემია!

- მავნე ჩვევები თუ გაქვს?

- არ ვეწევი, არ ვსვამ, ნარკოტიკებზე კი ლაპარაკიც ზედმეტია!

- ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებ უპირატესობას?

- დიახ, ვვარჯიშობ და ვცდილობ, სწორადაც ვიკვებო.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- (იცინის) მიმაჩნია, რომ საოჯახო საქმე ყველა მანდილოსანმა უნდა იცოდეს. რაღაცები მეც ვიცი, მაგრამ ჩემი სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დიასახლისის ამპლუის მორგებას ხშირად ვერ ვახერხებ. თუმცა, როცა საზღვარგარეთ მივდივარ, იქ ყველაფერს თავად ვიმზადებ.

- ყველაზე მეტად რომელი კერძის მომზადება გიადვილდება?

- როცა თავისუფალი დრო მაქვს, პიცას ვამზადებ და სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამომდის. ყველაფერი დედისგან ვისწავლე. ბავშვობაში მას ხშირად ვეხმარებოდი, მასთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სამწუხაროდ, ამისთვის ვერ ვიცლი.

- შეყვარებული გყავს?

- მოდი, ამ კითხვაზე არ გიპასუხებ. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ჩემი აზრით, ოჯახის შექმნაზე ფიქრი ნაადრევია.

- რამდენი წლის ხარ?

- 22-ის.

- დაოჯახების შემდეგ მეუღლემ პერანგის დაუთოება რომ გთხოვოს, ამას შეძლებ?

- რატომაც არა?! როცა გასტროლებზე საზღვარგარეთ მივდივართ, ჩემს მეწყვილეებს პერანგებს ვუუთოებ და შესაბამისად, ეს საქმე უკვე კარგად გამომდის.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- რთული კითხვაა... მამაკაცს, რომელიც მომეწონება, განსაკუთრებული ხიბლი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მთავარი კი ჩემთვის თვალებია. თვალების ფერსა და ფორმას კი არა, ვგულისხმობ იმას, თუ როგორი მზერა ექნება, როგორ შემომხედავს. მიმაჩნია, რომ თვალები ადამიანის ამოსაცნობად ყველაზე კარგი საშუალებაა. შეიძლება, მამაკაცმა მითხრას, რომ ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ მის თვალებში ეს ვერ ამოვიკითხო... ჩემს რჩეულს აუცილებლად ძლიერი ხასიათი უნდა ჰქონდეს. მომწონს ისეთი მამაკაცები, რომლებმაც იციან, რა უნდათ ამ ცხოვრებისგან და ყოველთვის ცდილობენ, დასახულ მიზანს მიაღწიონ. მამაკაცი აუცილებლად, დასაქმებული უნდა იყოს.

- შენი რჩეული მატერიალურად ძლიერი უნდა იყოს?

- როცა ადამიანი მიყვარს, მისი მატერიალური მდგომარეობა ჩემთვის უმთავრესი ნამდვილად არ არის. ის მიყვარდება ისეთი, როგორიც არის. თუმცა, გეთანხმებით, არსებობს მანდილოსნების კატეგორია, რომლებიც სიყვარულს ფუფუნებაზე ცვლიან, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია.

- რომანტიკული ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რომანტიკული ვარ.

- ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- მართლაც, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ზედმეტად არავინ მაწუხებს.

- ისინი ძირითადად, "ფეისბუკის" მეშვეობით გეკონტაქტებიან?

- დიახ, მწერენ ხოლმე. მათ ძალიან ტაქტიანად და კულტურულად მივუთითებ, რომ მსგავსი ურთიერთობებისთვის არ მცალია.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- ეს შეუძლებელია! არ მესმის, როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ?

- პირველსავე შეხვედრაზე შენთვის თუ აუხსნია ვინმეს სიყვარული?

- კი, მქონია ასეთი შემთხვევები და ხშირად მწერენ კიდეც, - ერთი ნახვით შემიყვარდი, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლიაო... ასეთი რაღაცების არ მჯერა. ეს ყველაფერი ჩემთვის სიყალბესთან ასოცირდება.

- როგორ ფიქრობ, შენი გულის მოგება ძნელია?

- ჩემი გულის მოსაგებად გარკვეული დროა საჭირო. მამაკაცს ვერ შევიყვარებ, თუ მის დადებით და უარყოფით თვისებებზე არაფერი მეცოდინება. არ ვამბობ, რომ იდეალური უნდა იყოს, უბრალოდ, მის შესახებ რაღაცები უნდა ვიცოდე.

- ქართულ ტრადიციებზე რას გვეტყვი?

- თითქმის ყველა ქართული ტრადიციის შესახებ ვიცი და ეს ყველაფერი მომწონს კიდეც.

- ძველად, როცა ოჯახში გოგო იბადებოდა, მშობლები მისთვის მზითევის შეგროვებას იწყებდნენ და და­ოჯახების შემდეგ თან ატანდნენ. ამის შესახებ თუ გსმენია?

- არა, ეს მართლა არ ვიცოდი (იცინის). ისე, არც ეს არის ცუდი ტრადიცია.

- როგორ ფიქრობ, შეძლებ, რომ მეუღლის მშობელს "დედა" დაუძახო?

- ასე მეუღლის დედას არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც მიმართავენ. თავად რამდენად შევძლებ ამ ტრადიციის დაცვას, ვერ გეტყვით. ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ძალდატანებით და მხოლოდ იმიტომ, რომ წესია ასეთი. "დედა" - ეს სულ სხვა ფენომენია და ძნელია, ამ სიტყვით ორ ადამიანს მიმართო.

- მომავალმა მეუღლემ არჩევანის წინაშე რომ დაგაყენოს, - ოჯახი ან კარიერაო, - რას იზამ?

- თუ ადამიანს უყვარხარ, არა მგონია, ასეთი არჩევანის წინაშე დაგაყენოს. ცეკვა - ეს ჩემი ცხოვრებაა და მომავალ მეუღლეს ამის შესახებ თავიდანვე ეცოდინება. მაგრამ თუ მაინც დამაყენებს ასეთი არჩევანის წინაშე, შეიძლება, ჯიბრში ჩავუდგე და ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გავაკეთო... აი, თუ კარიერის მიტოვებას რაღაც რეალური მიზეზის გამო უბრალოდ მთხოვს, შეიძლება, სხვანაირად მოვიქცე.

- რამდენი წელია, რაც ცეკვავ?

- უკვე 13 წელია.

- საყვარელ ადამიანთან ერთად რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- რჩეულთან ერთად პირველ რიგში, საფრანგეთში, სიყვარულის ქალაქში წავიდოდი...

- ქართული ტრადიციული ქორწილი მოგწონს?

- თუ ჩემი მომავალი მეუღლის სურვილი იქნება, მეც ასეთ ქორწილს გადავიხდი (იღიმის).

- ძილი გიყვარს? დილით რომელ საათზე იღვიძებ?

- ძილი ძალიან მიყვარს. უძილობა და შიმშილი ჩემზე ცუდად მოქმედებს, ასეთ დროს ხასიათი მიფუჭდება, სულ ვბუზღუნებ. უმეტესად, დღის 12 საათზე ვიღვიძებ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, უფრო ადრეც შევძლებ ძილს თავი დავაღწიო.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება