სალომე ბაკურაძე: "ახლა შეყვარებული ვარ"

სალომე ბაკურაძე: "ახლა შეყვარებული ვარ"

სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ის შეყვარებულია. ვინ არის მისი რჩეული, ვინ მიიპატიჟა მაიამიში, რაზე ოცნებობს, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში და რას მიიჩნევს დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 9 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი და პედაგოგი. ბებია მყავდა ექიმი და მისი გავლენა იგრძნობოდა, მაგრამ ეს ჩემი მოწოდება არ აღმოჩნდა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. 1994-95 წლებში ქვეყანაში და ბევრი ქართველის ოჯახში დიდი გაჭირვება იყო. ბუნებრივია, არც ჩემს ოჯახს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ძვირად ღირებულ სტუდიებში მევლო და არანჟირებები მეკეთებინა. თან, მამაც ახალი გარდაცვლილი მყავდა... სხვათა შორის, მამას სიმღერა ძალიან უყვარდა და ხშირად მამღერებდა. რეპერტუარში მქონდა სიმღერები, რომლითაც ზოგჯერ "სანათესავო კონცერტებზე" გამოვდიოდი... დედამ სტუდიაში მიმიყვანა. ვოკალის არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. ჩემს წარმატებაში დედას წვლილი განუზომელია. მისი რჩევით და შეგულიანებით მივედი ჯერ "ნუცას სკოლაში", შემდეგ - "ჯეოსტარში".

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომ შემიძლია სიმღერა.

- როცა სცენაზე გავდივარ...

- ...მაშინ ყველაზე ამაყი და ბოლომდე საკუთარ თავზე დამოკიდებული ვარ. სცენაზე ყოველი გასვლისას საკუთარ თავს მობილიზებას ვუკეთებ, რათა ისე ვიმღერო, რომ ჩემთან ერთად, დარბაზში მყოფებმაც ისიამოვნონ. სცენაზე რომ ვინერვიულო, ეს განცდა მაყურებელსაც გადაედება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მატყუარა არ ვარ, თამაში არ შემიძლია. უმეტესად ტაქტიანად, მაგრამ ადამიანებს სათქმელს ყოველთვის ვეუბნები. ვცდილობ, უხეში არ ვიყო. არ მინდა, გულში რაიმე დავიტოვო და ამის გამო, ადამიანთან ურთიერთობა გამიფუჭდეს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი ფიცხი და ბუტია ვარ. ზოგადად, საკუთარ თვისებებზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.

- ყველაზე ხშირად ვებუტები...

- ...ახლობელ ადამიანებს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...გლოვას არ ვიწყებ და ისტერიკაში არ ვვარდები. ვცდილობ, მსგავსი რამ აღარ გავიმეორო. შეცდომა ყველას მოსდის, მე ყოველთვის გამოსავლის ძიებას ვიწყებ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს და მიმაჩნია, რომ მას შეცდომა უნებლიეთ მოუვიდა. რამდენიმე დღის წინ მეგობარს მეც ვაწყენინე. ვიდრე თავად რამეს მეტყოდა, მივხვდი, რომ არასწორად მოვექეცი. იმდენი ვინერვიულე, 2 დღე იმის ახსნით შევაწუხე, ეს რატომ დამემართა. ადამიანებს გულს მიზანმიმართულად არასდროს ვტკენ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება, ძალიან სენტიმენტალური გავხდი. არ ვიცი, დავბერდი თუ რა ხდება? საბავშვო კლიპსა და ფილმზეც კი გული მიჩუყდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა, ჩემი მომავალი ძალიან ლამაზი და კარგი იყოს.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ადამიანებთან კარგი ურთიერთობით, სიმართლით. რაც მინდა, იმისთვის ბევრს ვშრომობ. ზარმაცი არ ვარ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სახლი შემეძინა. ბევრი ვიშრომე და მართალია, ოჯახიც დამეხმარა, მაგრამ მიზანს მივაღწიე. ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე გზას გადავუხვიო და მიზანს გაუმართლებელი, ცუდი ნაბიჯებით მივაღწიო... 8 თვეა, საკუთარ სახლში ვცხოვრობ. თავს მშვიდად, ბედნიერად ვგრძნობ. მას მერე, რაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, ცოტათი შევიცვალე. მაგალითად, თუ ადრე სამი კაბა მომწონდა და სამივეს ვყიდულობდი, ახლა ორზე უარს ვამბობ და იმ თანხით, სახლისთვის რაიმე ნივთს ვყიდულობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება რაღაც.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, უსამართლობას და კიდევ ერთხელ, უსამართლობას! შემიძლია, ასეთ დროს გავხდე უტაქტო და ადამიანს პირდაპირ მივახალო, რომ ცუდად იქცევა.

- მეზარება...

- ...ვერც კი ვიხსენებ, რა მეზარება. როცა საქმე მაქვს, დილით ადრე ადგომაც არ არის პრობლემა. ერთადერთი, ვარჯიში მეზარება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კინო და თეატრმცოდნე - ეს ჩემი პროფესიაა, მაგრამ ვერ გამოვიყენე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მხიარული გოგოაო.

- სიყვარული ეს...

- ...ღმერთია. თუ ეს გრძნობა შენშია, ცუდს ვერაფერს გააკეთებ, ბოროტი ვერ იქნები.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...მაშინ გაცილებით კარგი ვარ, უფრო მეტად თბილი და გულწრფელი.

- ახლა...

- ...შეყვარებული ვარ. არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მას დიდ პატივს ვცემ. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველა ადამიანს, ვისაც სიყვარული ჯერ არ უპოვია, ისეთი დიდი გრძნობის გამოცდას ვუსურვებ, რომელიც მე ლაშა ბასლანძესთან მაკავშირებს.

- ვოცნებობ...

- ...რაც უნდა ბანალური პასუხი გამომივიდეს, მაინც ვიტყვი: ვოცნებობ, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში. ყველას აქვს იმის შანსი, რომ სამშობლოდან შორს წავიდეს, უცხო ქვეყანაში ააწყოს კარიერა, ჰქონდეს ორმაგი შემოსავალი, მაგრამ ვერ იქნება ბედნიერი, ვერ ექნება შეგრძნება, რომელსაც სახლში, ქვეყანაში ყოფნა ჰქვია.

- პოლიტიკურ განცხადებებს...

- ...არასდროს ვაკეთებ. განა იმიტომ, რომ საკუთარი პოზიცია არ მაქვს ან ჩემი აზრის სახალხოდ თქმის მერიდება. უბრალოდ, ამას საჭიროდ არ მივიჩნევ. ჩემი საქმე სიმღერაა და არა მგონია, ვინმეს აინტერესებდეს, რას ვფიქრობ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასა და ლიდერზე. ვოცნებობ იმაზეც, რომ წარმატებული და რეალიზებული ვიყო. ღმერთის მადლობელი ვარ ყველა წარმატებისთვის; იმისთვის, რომ ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის.

- ვეპრანჭები...

- ...მართლაც, პრანჭია ვარ. გამვლელ-გამომვლელს არ ვეპრანჭები, მაგრამ როცა კარგ ფორმაში ვარ, ეს ჩემს განწყობაზეც აისახება.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ყველა ადამიანს, თუ ის ჩემთან ცუდი განზრახვით არ არის მოსული. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. კარგ ხასიათზე მაყენებს კარგი მუსიკა, ფილმი...

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ პირდაპირ და გაუაზრებლად - არასდროს. გონებაში რისკ-ფაქტორებს ჩამოვთვლი, ვაანალიზებ და ნაბიჯს მერე ვდგამ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გულწრფელობაა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მერიდება და სულ მგონია, რომ გადაჭარბებულია. ყურადღებით ვუსმენ, ადამიანი რას ლაპარაკობს, მაგრამ მინდა, მალე გაჩუმდეს.

- მეშინია...

- ...ქარის, სიბნელის, ჭექა-ქუხილის, სტიქიური მოვლენების. ასეთ დროს თავზე საბანს ვიფარებ და ყველაფერს ვთიშავ, რომ მეხი არ დამეცეს. კიდევ, ბოროტი ადამიანების მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. არაპუნქტუალური არ ვარ, მაგრამ ყველა ზეპუნქტუალური მხვდება. 2 წუთი დაგვიანებაა? ეს შეგვიანება უფროა (იცინის). როცა ვაგვიანებ, ძალიან ვნერვიულობ.

- ვუფრთხილდები...

- ...ნივთებს - ნაკლებად, ადამიანურ ურთიერთობებს ვუფრთხილდები.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გიტარაზე დაკვრა.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...მაქვს საყვარელი ტანსაცმელი, რომელიც ვფიქრობ, რომ წარმატების მომტანია. მიყვარს ციფრი 7.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...კარგ საქმეებს გავაკეთებდი. ჩემს დას მანქანას ვუყიდდი, დავასაქმებდი; დისშვილებს კარგ განათლებას მივცემდი და დედას მოსკოვიდან ჩამოვიყვანდი; გავაკეთებდი კარგ სტუდიას, სადაც სიმღერებს ჩემთან ერთად მეგობრებიც ჩაწერდნენ. კიდევ, ბევრს ვიმოგზაურებდი...

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...რაც ჩემს შინაგან რწმენას, პრინციპებს ეწინააღმდეგება, იმას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბოლოს ამერიკაში რომ ვიყავი, ერთი მდიდარი ქალბატონი გავიცანი. მე და ჩემი მეგობარი ძალიან შევუყვარდით და მაიამიში დაგვპატიჟა. გულახდილად გველაპარაკა: ამ ცხოვ­რებაში ყველაფერი ვნახე, ერთ დროს მეც თქვენსავით ლამაზი ვიყავი, მაგრამ მთავარი - სიყვარული არასდროს მქონია. თქვენ გვერდით მდგომი ადამიანი, შეყვარებული იქნება თუ მეგობარი, არავითარ შემთხვევაში, სიმდიდრის მიხედვით არ აირჩიოთ. მათხოვარს და მდიდარს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოგიხდეთ, მათხოვარი აირჩიეთ, ოღონდ ადამიანი იყოსო. ასაკში იყო შესული, მაგრამ ახალგაზრდული სილამაზე შემორჩენილი ჰქონდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...უფრო მეტი იშრომეთ, ერთმანეთში კარგი თვისებები ეძებეთ და იყავით გულწრფელები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება