ქეთი ორჯონიკიძის "ვირთხების ოდისეა" და დაუვიწყარი სირცხვილი

ქეთი ორჯონიკიძის "ვირთხების ოდისეა" და დაუვიწყარი სირცხვილი

პირველი, რაც ადამიანის გაცნობისას მის ყურადღებას იპყრობს, - თვალები, მოქცევის კულტურა და ფეხსაცმელი გახლავთ. შემდეგ პიროვნებაზე გარკვეული მოსაზრებაც ექმნება და როგორც ამბობს, ადამიანის შეფასებისას იშვიათად ცდება. მრავალფეროვანი ინტერესის მქონე მომღერალს - ქეთი ორჯონიკიძეს სხვადასხვა "პირველზე" ვესაუბრეთ.

-  პირველი მეგობარი...

-  ჩემი ერთ-ერთი პირველი მეგობარი იმედა გახლავთ, რომელიც დღემდე შემომრჩა. ის პირველ კლასში ყოფნისას გავიცანი. მართალია, ახლა ისე აქტიურად არ ვკონტაქტობთ, როგორც - სკოლაში სწავლის პერიოდში, მაგრამ მთავარია, რომ უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ...

-  პირველი სერიოზული ნაბიჯი ცხოვრებაში...

-  8 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთში, საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე გავიმარჯვე. ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი. ჩემი არაჩვეულებრივი პედაგოგი - თამრიკო აფაქიძე ჩემზე, როგორც პიანისტზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა. შესაბამისად, ხშირად ვმეცადინეობდი. წელიწადში ერთხელ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტი მქონდა, წელიწადში ორჯერ კი კონსერვატორიაში, "კრებით" კონცერტზე ვუკრავდი.

-  პირველი იმედგაცრუება...

-  რადგან თოვლის ბაბუის არსებობის არც არასდროს მჯეროდა, ამას იმედგაცრუებად ვერ მივიჩნევთ (ფიქრობს)... თუ რაღაცას კარგად ვაკეთებ, მაგრამ ეს არ მიფასდება, ამის გამო იმედგაცრუებას, დეპრესიას და ნერვების მოშლას რა აზრი აქვს? ადამიანმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო. ასე რომ, კარიერულ იმედგაცრუებას ტრაგიკულად არ აღვიქვამ.

-  პირველი ტყუილი...

-  ასეთი მოგონება სკოლის "შატალოს" უკავშირდება. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედით, მასწავლებელმა გვკითხა, - რა მოხდა, სკოლაში რომ არ იყავითო? ვიცრუე, რომ ავად ვიყავი, - იმ დღეს სკოლაში საერთოდ არ ვყოფილვარ-მეთქი... ტყუილები არ მიყვარს.

-  შენ მიერ დაწერილი პირველი ლექსი...

-  "ვირთხების ოდისეა". ეს იყო პოემა, რომელიც 3-4 თაბახის ფურცელს იკავებდა. პოემა თაგვების შესახებ მოგვითხრობდა, რომლებიც ეზოში მიგდებულ გაზქურაში ცხოვრობდნენ. მოკლედ, მთავარ გმირს ტრაგიკული ამბავი გადახდება და ბოლოს, იღუპება (იღიმის)...

-  ვირთხებზე ამბის დაწერა რამ შთაგაგონა?

-  ჩვენი სახლის უკან დიდი ეზოა. იქ გაზქურა იყო, რომელშიც თაგვი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ამ თაგვმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა (იცინის).

-  პირველი სიყვარული...

-  პირველი სიყვარული 14 წლისას მეწვია. რომეო და ჯულიეტას თუ არ ჩავთვლით, ხშირად ამ ასაკში სიყვარული სერიოზული არ არის, მაგრამ მაშინ მეგონა, რომ სერიოზული იყო. ის ამბავი დღემდე კარგად მახსენდება. სხვათა შორის, ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობას არასოდეს ვიფუჭებ. "ქუჩაში რომ დამინახავ, მეორე მხარეს გადადი", - მსგავსი სისულელეების თქმა არ მახასიათებს და დროთა განმავლობაში, ჩვენ შორის ჯანსაღი ურთიერთობა ყალიბდება.

-  პირველი მოგზაურობა...

-  დედის გარეშე, მასწავლებელთან ერთად, პირველად "არტეკში" - ყირიმში არსებულ ბავშვთა საერთაშორისო ბანაკში წავედი. 13 წლის ვიყავი. უამრავი მეგობარი შევიძინე. სხვათა შორის, მათ დღემდე ვეკონტაქტები. ბანაკში 3 ქართველი ვიყავით.

-  კომუნიკაბელური ადამიანი ხარ?

-  ძალიან, ოღონდ - თუ დავინტერესდი, სიტუაცია მომეწონა და მივხვდი, რომ კარგ საზოგადოებაში ვარ. თუკი რამე არ მომეწონა, რომ მომკლა, სიტყვას ვერ მათქმევინებ.

-  შენ მიერ მომზადებული პირველი კერძი...

-  კერძის რა მოგახსენო, მაგრამ მე და ჩემმა ბიძაშვილმა "პეჩენიები" მოვამზადეთ. ალუბლის წვენი, არაჟანი - ყველაფერი გამოვიყენეთ, რაც შინ გვქონდა. სხვათა შორის, ნორმალური ნამცხვარი გამოვიდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემი გამოგონილი "პეჩენიები" დავხვეწე და უკვე შოკოლადით მოვამზადე.

-  კერძი არასოდეს მოგიმზადებია?

-  ჩემ მიერ მომზადებული პირველი და უკანასკნელი "კერძი" შემწვარი კვერცხი იყო. როცა ვიღვიძებ, ჩემ გვერდით ყავა და საკვები უკვე დევს - ამას ვერ უარვყოფ. ასე მხოლოდ სახლში არ ხდება: მეგობრებთან დავრჩები თუ დასასვენებლად წავალ, ამ მხრივ, ყველგან მანებივრებენ და დარწმუნებული ვარ, ასეც გაგრძელდება (იცინის).

-  პირველი სირცხვილი...

-  ალბათ რაღაც დავაშავე და სავარაუდოდ, ამიტომ შემრცხვა. ქათინაურების გამო არ ვწითლდები. ბავშვობაში, ჩემი კლასის დამრიგებელი კლასებში დამატარებდა და მამღერებდა. ხომ იცი, ოჯახს ნათესავები როცა ესტუმრებიან, ბავშვს სკამზე დააყენებენ და სთხოვენ, - აბა, დედა, იმღერეო. ჰოდა, დედაჩემიც ასე იქცეოდა. სადმე რომ მივდივარ, სადაც კონცერტი არ არის, მაგრამ მაინც მეუბნებიან, - იმღერეო, ამის დღემდე მრცხვენია, ამ სიტუაციას ვერ შევეჩვიე.

-  პირველი საჩუქარი...

-  ეს საფრანგეთს უკავშირდება: პირველი პრემია რომ ავიღე, დედამ ტკბილეულის დიდი შეკვრა და თეთრი სათამაშო ბაჭია მიყიდა, რომელსაც დღემდე პარკში ვინახავ. ძალიან მიყვარს! პარკიდან ამომაქვს, ვუყურებ და მერე უკან ვაბრუნებ ხოლმე. მგონი, ერთადერთი სათამაშოა, რომელიც დროთა განმავლობაში არ მივაგდე.

-  პირველი კონფლიქტი...

-  საერთოდ, კონფლიქტი არ მიყვარს. ვერ ვიტან, როცა უხეშად მეპყრობიან. მახსოვს, სკოლის მოსწავლე ვიყავი. გოგონები საკლასო ოთახიდან გავდიოდით. ბიჭებს ჩვენმა "3-საათიანმა" გასვლამ მოთმინება დააკარგვინა და შეგვაჯანჯღარეს. აფექტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: 90 გრადუსით მივტრიალდი, ხელი მოვიქნიე და თანაკლასელ ბიჭს დავარტყი, ის კი წაიქცა... მერე დირექტორთან მიმიყვანეს. საყვედური მითხრეს, მაგრამ თავი არც გამიმართლებია - ფაქტი იყო, რომ ადამიანს დავარტყი. უბრალოდ, ვთქვი, რომ არ მიყვარს, როცა უხეშად მეპყრობიან და ამაზე ყოველთვის შესაბამისი რეაქცია მაქვს. რაც მთავარია, მას მერე ჩემთან უხეშობას ყველა ერიდება.

-  პირველი ინტერვიუ...

-  თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში პოეზიასთან დაკავშირებით ვისაუბრე. მერე ინტერვიუ რუსულ გაზეთშიც დაიბეჭდა. მაშინ დაახლოებით 12 წლის ვიყავი.

-  რას გრძნობდი, როცა შენგან ინტერვიუს იღებდნენ?

-  თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი, როგორც - ახლა. მთავარია, სიმართლეს ლაპარაკობ და არაფრის მოგონება არ გიწევს. უბრალოდ, აზრების სწორად დალაგება და გადმოცემა უნდა შეგეძლოს. ინტერვიუს მიცემა ჩემთვის რთული არასოდეს ყოფილა. ამ ფაქტით უბრალოდ, აღფრთოვანებული ვიყავი. მერე, რა თქმა უნდა, იმ ინტერვიუებმა მთელი სკოლა, სანათესავო "ჩამოიარა" (იცინის)... რამდენიმე თვის წინ მეგობართან - თათა მეტივიშვილთან ერთად პირველი გამოფენა - "ფოტოგრამეტრია" მქონდა და ვფიქრობ, მომავალშიც ბევრი "პირველი" რაღაც მელოდება. ჰოდა, იმედია, ამ რუბრიკაში რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩამწერთ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება