დღეს დილიდან კიევის სამხედრო კომისარიატებმა მობილიზაცია გამოაცხადეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია მოხალისეებზე დაყრდნობით იუწყება.
კომისარიატის თანამშრომლები კომენტარს თავს არიდებენ და ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამისამართებენ. კერძო საუბრებში კი აცხადებენ, რომ დღეს სამსახურებში გამოიძახეს იმისთვის, რომ სიების ფორმირება განახორციელონ.
მათივე ცნობით, აღრიცხვაზე მყოფების ნაწილს თავად დაუკავშირდნენ, ნაწილი კი კომისარიატებში თავად გამოცხადდა. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, კომისარიატში მისულს სთხოვეს ოფიციალურ მობილიზაციამდე 5 დღე დაიცადოს.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა.
"როიტერის" ინფორმაციით, აღნიშნული განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა გასცა. მისი განცხადებით, უკრაინის სივრცე მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის არის ღია.
მანვე დასძინა, რომ უკრაინის სამხედრო ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმა შეფასდება, როგორც პირდაპირი აგრესია რუსეთის მხრიდან. ტურჩინოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს გუშინდელი თანხმობა პუტინის მიმართვაზე შეიძლება ჩაითვალოს ომის გამოცხადებად.
გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს, არ დაუშვას რუსეთის ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შეყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართვა ქვეყნის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც მხარი 318-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიმართვა 10 პუნქტისგან შედგება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ნებისმიერი სამხედრო ჩარევა მის შიდა საქმეებში, დაუშვებელია. დოკუმენტის თანახმად, ყირიმი არის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია, მასზე ვრცელდება უკრაინის კონსტიტუცია და კანონები. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების, ტექნიკისა და შეიარაღების ნებისმიერი გადაადგილება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმებით და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპუტატები მიმართავენ ვლადიმერ პუტინს, არ დაუშვას უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების შეყვანა. მიმართვის თანახმად, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით, ძალის გამოუყენებლად, საერთაშორისო შუამავლობით ეუთოს, გაეროს, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, დსთ-ს და ბუდაპეშტის მემორანდუმის წევრი ქვეყნების შუამავლობით.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა რადაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას რუსეთის ფედერაციისთვის ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი დამატებითი კონტინგენტის შემოყვანაზე თანხმობა არ მიუცია.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე არავითარი სამხედრო აგრესიის აუცილებლობა არ არსებობს. იაცენიუკის თქმით, მიუხედავად რუსი სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან მთელი რიგი პროვოკაციებისა, უკრაინელი სამხედროები კვლავ დისლოკაციის ადგილებზე რჩებიან და პროვოკაციას არ ყვებიან.
იხილეთ ვიდეო: სევასტოპოლში უკრაინულ საჯარისო ნაწილში შეჭრილ რუს სამხედროებს გზა გადაუკეტეს
იხილეთ ვიდეო: ხარკოვში მაიდანელები ლენინის ძეგლთან დააჩოქეს
მოსკოვში დააპატიმრეს უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანის მოწინააღმდეგეები
იხილეთ ასევე: სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბს სევასტოპოლში უკრაინის არმია სრულად აკონტროლებს