რომელ მათხოვარ ქალს ეძებს თაკო აბაშიძე - ამბები "ამბებისთვის"

რომელ მათხოვარ ქალს ეძებს თაკო აბაშიძე - ამბები "ამბებისთვის"

მსახიობ თაკო აბაშიძეს გასახსენებელს რა დაულევს, მაგრამ ცხოვრებაში დაუვიწყარ და უბედნიერეს დღედ შვილის დაბადების დღეს მიიჩნევს:

"დიახ, შვილის დაბადების მსგავსი ბედნიერება არასდროს მიგრძვნია და განმიცდია... ხმა რომ ამოიღო, მომიყვანეს, რომ დავინახე, გავოცდი. როგორც მე ვუყურებდი, ისევე მაკვირდებოდა. ჩვილის გამოხედვა კი არ ჰქონდა, დიდი ადამიანის ღრმა თვალებით მიყურებდა...

ბედნიერი ვარ, რომ ბარბარეს სიცოცხლის პირველი წამები მე და ლაშამ (მეუღლე) ერთად ვნახეთ და განვიცადეთ... მსგავსი ერთად ყოფნის შეგრძნება სხვა არ მგონია, არსებობდეს...

რაც შეეხება ოდნავ სევდიან და გულისამაჩუყებელ ამბავს, თაკო ასეთ რაღაცას ჰყვება:

"მახსოვს ერთი ქალბატონი, რომელიც "დელისის" მეტროსთან მიწისქვეშა გადასასვლელში მათხოვრობდა და იმ ადამიანს ვეძებ. პერიოდულად სულ ვეხმარებოდი, მაგრამ ერთ დღესაც გაქრა. იმ ადგილას აღარ გამოჩენილა, საოცრად კულტურული და სანდომიანი სახის მქონე მოხუცი ბებო იყო, რომელიც თავჩაღუნული იდგა და ადამიანებს სახეს არც უსწორებდა. ხანდახან გამოველაპარაკებოდი ხოლმე, როგორც ამბობდა, ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ყურადღებას არ აქცევდა. მის შესახებ არაფერი იცოდა...

ერთ დღესაც ძალიან ციოდა, ყინვა იყო და რომ ვნახე, რამდენიმე დღის სამყოფი ფული მივეცი და ვთხოვე, ორ-სამი დღე დაესვენა, ძალიან ციოდა და შემეცოდა. იმის მერე ის ქალბატონი იქ აღარ მინახავს... არადა, თავს ვერ ვპატიობ, რამ მათქმევინა-მეთქი? დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე თავს. ნეტავ, იმ ნათქვამით ხომ არ შეურაცხვყავი, რამდენიმე დღე დასვენება რომ ვთხოვე და ფული მივეცი-მეთქი?

მოკლედ, რამდენიმე წელია, იმ ქალს ვეძებ. თუ ცოცხალია, იქნებ რაღაცნაირად მოხდეს მასთან დაკავშირება, ვთხოვ, გამომეხმაუროს, ხმა მომაწვდინოს და საკუთარი კოორდინატები დამიტოვოს... ვერ ავხსნი და გადმოგცემთ, თუ როგორი თვალები ჰონდა და მისგან რამხელა სითბო მოდიოდა... ძალიან მეცოდება. მისი მსგავსი ადამიანი, ალბათ ბევრია, მაგრამ ისეთი განსხვავებული ადამიანი იყო, რომ რა გითხრათ.

ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი ამბავი მქონია, მაგრამ ახლა რატომღაც ეს გამახსენდა. თან, იმ ქალს ვეძებ და იქნებ გამოჩნდეს?.."

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება