''ყურადღებას არ ვაქცევ ქალის ან კაცის პატიოსნებას...'' - გია ცინაძე

''ყურადღებას არ ვაქცევ ქალის ან კაცის პატიოსნებას...''  - გია ცინაძე

მსახიობი გია ცინაძე ამჟამად არანაირ პროექტში არაა დაკავებული, ბოლო სერიალი, რომელშიც მონაწილეობდა, ''ნათია და ნათია''გახლდათ, თუმცა ესეც დასრულდა. ამჯერად გიას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- უამრავი რამ არსებობს, რაც კარგი გვაქვს, მაგრამ იმაზე მეტი უარყოფითი გვახასიათებს ქართველებს. ტრადიციების 90% მაღიზიანებს, ასევე ცრურწმენები, რომლებიც ქართველებს ტრადიცია ჰგონიათ, სუფრასთან დამოკიდებულება და ა.შ. ჩემი აზრით, ტრადიცია გულისხმობს ძველს, იმას, რაც არ ახლდება. ცხოვრება კი ყოველდღიურად ვითარდება და ითხოვს ტრადიციების განვითარებასაც. რაც ფასეულია, ის უნდა დავიტოვოთ, მაგრამ 200 წლის წინ რაც ჩვენთვის ღირებული იყო, დღესაც რომ ძვირფას ტრადიციად მიგვაჩნია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვვითარდებით და ვერც განვვითარდებით, დავრჩებით ჩამორჩენილ ქვეყნად.

- სუფრა ახსენე, თამადა, განსხვავებული, სასმლის დაძალება - ეს იწვევს უარყოფით დამოკიდებულბას შენში?

- კი. ერთხელ ბათუმში რაღაც ფესტივალის ბანკეტზე მოვხვდი, ვიფიქრე, ახლა აქ ტრადიციული თამადა გამოჩნდება და დაიწყება სისულელეები-მეთქი, მაგრამ ითამადა ადამიანმა, რომელიც გულწრფელად ლაპარაკობდა, ამბობდა იმას, რაც იმ წუთას თავში მოსდიოდა და არა წინასწარ დაზუთხულ ტექსტებს.

- ოდესმე თუ გითამადია? თუნდაც ისე, როგორც ზემოთ ახსენე...

- სადღეგრძელო მითქვამს, მაგრამ არ მითამადია. უკვე ბევრი წელია, ისეთ ადგილას არ მოვხვედრილვარ, სადაც განსხვავებულს დამაძალებდნენ, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, არ მრცხვენია იმის თქმის, რომ ამ განსხვავებულს არ დავლევ, ზრდილობის გამო ამას არ ვაკეთებ და მერე ცუდად არ ვხდები, რაც ქართველებს ახასიათებთ. ვიღაცებს ჰგონიათ, თუU მათ პოლიტიკურ აზრს არ ვითვალისწინებ, მათი მტერი ვარ, არადა, ასე არ არის, მე ყველა ასპექტში სიყვარულის მომხრე ვარ. ამ კრიტიკის დროსაც კი არ მამოძრავებს ბოროტი ზრახვები, უბრალოდ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

- რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში არსებულ სტერეოტიპებსა და ტრადიციებს, თუნდაც ნიშნობასა და ხელის თხოვის საკითხს.

- სიმართლე გითხრა, დიდად ეს რიტუალებიც არ აღმაფრთოვანებს. თუ ამ ფაქტებს არ ერქმევა ნიშნობა და ხელის თხოვა, რაც დაახლოებით ისე ჟღერს, თითქოს მონის საყიდლად მიდიხარ. თუ უბრალოდ იმ ადამიანის მშობლებს ჩააყენებ საქმის კურსში, რომ იწყებთ ერთად ცხოვრებას და ხვალიდან ცოლ-ქმარი ხდებით, მაშინ უკვე ცივილიზებული ქმედება იქნება.

- რამდენად მისაღებია შენთვის, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა შენამდე?

- ჩვეულებრივი ამბავია. მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არის ის, ვინც სხეულით ვაჭრობს და მათაც პატივს ვცემ, რადგან ეს მათთვის არის პროფესია. მისგან განსხვავებით, ადამიანთან, რომელსაც ჰქონდა სხვა ცხოვრება, მუშაობდა ვთქვათ, ბანკში, ცხოვრების განმავლობაში ჰყავდა სამი შეყვარებული, სამი ქმარი, მერე კი შენ შეუყვარდი, არ მესმის, რა პრობლემა უნდა გქონდეს? რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდებოდა მის წინა ცხოვრებაში, მთავარია, წესიერი ადამიანი იყოს.

- შენთვის რით განისაზღვრება ქალის პატიოსნება?

- არ ვიცი, ყურადღებას არ ვაქცევ ქალის ან კაცის პატიოსნებას. მთავარია, არ იყო მატყუარა, თაღლითი, უნდა იყო კეთილგანწყობილი და ა.შ. ძალიან ადვილია იყო კარგი ადამიანი, ქართველები კი კარგ ადამიანებს გაფაციცებით ვუყურებთ და გვგონია, ისინი არაჩვეულებრივები არიან, არადა, რეალურად არაჩვეულებრივები არიან ცუდები და არა კარგი ადამიანები.

- რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატულ აგრესიას…?

- რა თქმა უნდა, ეს არაა სწორი, ვისაც რა უნდა, იმას იცვამს და ვისაც რა უნდა, იმას ჭამს, ასევეა ამ საკითხშიც, ადამიანი იმას გააკეთებს, რისი სურვილიც თავად აქვს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება