რით აღაფრთოვანა ლევან ჯავახიშვილმა ნინი წიკლაური

რით აღაფრთოვანა ლევან ჯავახიშვილმა ნინი წიკლაური

10 მარტიდან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ახალი პროექტი - "ორი ვარსკვლავი" იწყება. კონკურსში 12 წყვილი მიიღებს მონაწილეობას: პროფესიონალ მომღერლებთან სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები დააწყვილეს. მაგალითად, ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილს მომღერალი ნინი წიკლაური გაუწევს პარტნიორობას. ნინი და ლევანი ერთმანეთის შესაძლებლობებზე აღფრთოვანებული საუბრობენ.

- "ორი ვარსკვლავი" ბრიტანული შოუს ანალოგია. პროდიუსერები გვპირდებიან, რომ ორიგინალთან შედარებით, ქართულ შოუში უფრო მეტი სიურპრიზი იქნება და მაყურებელს ძალიან ლამაზი პროექტის ყურების საშუალება მიეცემა. მიხარია, რომ მასში მონაწილეობა შემომთავაზეს და ამისთვის პროდიუსერ რუსა მორჩილაძეს, ასევე, პროექტის ორგანიზატორებს დიდ მადლობას ვუხდი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეწყვილედ ლავან ჯავახიშვილი დაასახელეს.

- ეს არის დუეტების კონკურსი, სადაც პროფესიონალ მომღერალთან ერთად არაპროფესიონალები შეასრულებენ სიმღერებს. როგორ ფიქრობ - რამდენად რთული იქნება ეს თქვენთვის, მომღერლებისთვის?

- საერთოდ, დუეტში სიმღერა რთულია. როცა სოლოს მღერი, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და სადაც გინდა, შეანელებ, პაუზას გააკეთებ ან მოუჩქარებ, დუეტის დროს კი ამის გაკეთება შეუძლებელია! ასეთ დროს პარტნიორს უნდა აჰყვე და აბსოლუტურად ყველა ნიუანსი გაითვალისწინო. კარგი დუეტი ნიშნავს იმას, რომ წყვილმა ერთად უნდა ისუნთქოს. მინდა აღვნიშნო, რომ ლევანთან დაკავშირებით ეს კომფორტი უკვე მაქვს. ვფიქრობ, ჩვენი დუეტი აუცილებლად შედგება.

- ხომ არ იცი, მასთან რატომ დაგაწყვილეს?

- რა პრინციპით დაგვაწყვილეს, ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს (იცინის). ლევანი არაჩვეულებრივად მღერის. მას პარტნიორთან სიმღერის საოცარი უნარი აქვს, რითიც ბევრი პროფესიონალი მომღერალიც ვერ დაიკვეხნის. ჩვენი ხმის ტემბრი და რაც მთავარია, ხასიათი ერთმანეთს ძალიან მოუხდა. ერთნაირი განწყობითა და შემართებით ვმღერით და ვემზადებით შოუსთვის.

- ლევანს ადრეც იცნობდი?

- აქამდე მას როგორც საინფორმაციო გადაცემის წამყვანს, ისე ვიცნობდი, მაგრამ მასთან პირადი ნაცნობობა არ მაკავშირებდა. საოცარია, ასეთი ხმის ტემბრის მქონე ადამიანი რომ არ მღერის. მიხარია, რომ მეწყვილეში გამიმართლა. პირველსავე რეპეტიციაზე ისე კარგად ვიმღერეთ, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად ვასრულებდით სიმღერებს.

- რეპეტიციები უკვე დაგეწყოთ?

- დიახ, უკვე აქტიურად ვრეპეტიციობთ. თან, ყოველი წუთი დაგეგმილი გვაქვს: ხან გადაცემებში გვიწვევენ, ხან - დიზაინერებთან მივდივართ... ვხვეწთ თითოეულ ფრაზას, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ. გვინდა, ჩვენი ნომერი უნაკლო გამოვიდეს და, რაც მთავარია, სურვილი გვაქვს, ყველა სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით შევასრულოთ. ვაღიარებ, ლევანის ყოველი ნამღერი სიამოვნებას არა მარტო მე მგვრის, არამედ - გარშემო მყოფებსაც. ის ყველასგან განსხვავებულია და რაც მთავარია, ძალიან კარგად ასრულებს ქართულ სიმღერებს.

- რეპერტუარი უკვე შერჩეული გაქვთ?

- სიმღერებს გზადაგზა ვარჩევთ. პირველ რიგში ვცდილობ, კონკრეტული სიმღერის შესრულების დროს ლევანმა თავი კომფორტულად იგრძნოს, რადგან ეს მისი კონკურსია. მაყურებელი ჩვენი დუეტებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდეს (იღიმის). ვეცდებით, უფრო მეტი ქართული სიმღერა შევასრულოთ.

- კონკურენტებზე რას იტყვი?

- ამ შოუში უნიჭიერეს ადამიანებს მოუყარეს თავი. ყველა წყვილი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც საკუთარი პროფესიით, ასევე - ვოკალური შესაძლებლობებით. თითოეული წყვილი შეეცდება, საინტერესო ნომერი წარადგინოს... თუმცა წინასწარ ძნელია განსაზღვრო, საზოგადოების წინაშე ვინ როგორ წარდგება. რეპეტიციებზე შეიძლება, გადასარევად იმღერო, მაგრამ სცენაზე ბრინჯივით დაიბნე. სხვათა შორის, მსგავსი რამ უკვე ჩამოყალიბებულ მომღერლებსაც ემართებათ (იცინის). მინდა, ლევანს ვთხოვო: როგორი კარგიცაა რეპეტიციებზე, ისეთივე იყოს სცენაზე. თუ ასე მოხდება, ვფიქრობ, წარმატება გარანტირებული გვაქვს! მოგეხსენებათ, გამარჯვებული "ესემესების" საშუალებით გამოვლინდება და იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ხალხის მოხიბვლას, რათა ბევრი მესიჯი გამოგვიგზავნონ.

ლევან ჯავახიშვილი:

- ამ პროექტში მონაწილეობა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა. სხვათა შორის, მოსაფიქრებლად ბევრი დრო არ დამჭირვებია. ვინაიდან სიმღერა ბავშვობიდანვე მიყვარს, მის წინადადებას მალევე დავთანხმდი.

- ნინიზე რას იტყვი - მეწყვილით კმაყოფილი ხარ?

- მადლობა მას, ვინც ნინი ჩემს მეწყვილედ დაასახელა. არაჩვეულებრივი ადამიანია, მუდამ მის მხარდაჭერას ვგრძნობ; ცდილობს, გამამხნევოს და ბრძოლის სტიმული მომცეს. რაც შეეხება მის ვოკალურ შესაძლებლობებს, ვიტყვი, რომ მისი სიმღერის მოსმენის დროს თვალები უნდა დახუჭო და მზეს დაინახავ. ამ გოგონას არაჩვეულებრივი ხმა აქვს.

- ნინი შენზე ამბობს, რომ საუცხოო ხმის ტემბრი და კარგი სმენა გაქვს...

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ისე, ცნობისთვის, ბავშვობაში "მართვეში" ვმღეროდი და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ვოკალური მონაცემები მაქვს. მთავარია, ამ ყველაფერს პროექტში როგორ გამოვიყენებ.

- ოჯახის წევრებს გაუხარდათ, ამ პროექტში მონაწილეობის შანსი რომ მოგეცა?

- (იცინის) რეაქცია არაერთგვაროვანი იყო: ოჯახის წევრების ნაწილი მგულშემატკივრობს, ნაწილი - ნერვიულობს.

- ფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი გაქვთ?

- ისეთი პარტნიორი მყავს, რომ არ შეიძლება, დავმარცხდეთ. მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ამ პროექტში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვუჩვენოთ. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- როგორი სიმღერები გიტაცებს?

- როგორც ვიცი, რეპის გარდა, სიმღერა თითქმის ყველა ჟანრში მოგვიწევს. ძალიან მაგარი "ტრენერები" გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი სასწაულებს ახდენენ... ზოგჯერ მგონია, რომელიღაც კონკრეტული სიმღერის შესრულებას ვერ "გავქაჩავ" და ეს "ტრენერებისთვისაც" მითქვამს, მაგრამ ისინი ისეთ პასუხს მცემენ, რომ ვამბობ: არა, მე ყველაფერი შემიძლია (იცინის)! ბენდიც ძალიან კარგი გვყავს. ნოე სულაბერიძე და რუსა მორჩილაძე კი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მოეწონება მაყურებელს და მჯერა, რომ ამ ახალ პროექტსაც წარმატება გარანტირებული აქვს!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება