"ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი" - ქრისტინე იმედაძისა და მარიამ გიორგობიანის შეხმატკბილებული ტანდემი

"ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი" - ქრისტინე იმედაძისა და მარიამ გიორგობიანის შეხმატკბილებული ტანდემი

მათ ბევრი რამ აერთიანებს; თუნდაც ის, რომ სხვა საქმეების პარალელურად, ორივეს ტელეწამყვანობა უწევს: ერთი "რუსთავი 2"-ში მუშაობს, მეორე - "მაესტროში". ქრისტინე იმედაძესა და მარიამ გიორგობიანს ერთმანეთთან 8-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

ქრისტინე:

- ჩვენ საერთო მეგობარმა, ბახვა ბრეგვაძემ შეგვყარა. მერე მარიამმა შემახსენა, რომ მეექვსე სკოლაში, პირველ კლასში ყოფნისას, თანაკლასელები ვიყავით. მერე მე საბალეტო სკოლაში გადამიყვანეს და ჩვენი გზები გაიყარა...

მარიამი:

- პირველ კლასში გადაღებული შავ-თეთრი სურათი მაქვს, სადაც მე და ერთი პატარა, ლამაზი გოგონა გვერდიგვერდ ვსხედვართ, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. წლების შემდეგ დამრიგებელმა მითხრა, - ერთ-ერთ ფოტოზე გვერდით რომ გიზის, ქრისტინე იმედაძეაო.

ქრისტინე:

- მოკლედ, ზრდასრულ ასაკში ერთმანეთს კიდევ შევხვდით და მაშინვე დავმეგობრდით, თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დამეგობრდნენ ჩვენი შვილებიც და კარგი ურთიერთობა მაქვს მარიამის მეუღლესთან.

მარიამი:

- ქრისტინეს ტაისია ჩემთან ბევრჯერ დაუტოვებია.

ქრისტინე:

- როდესაც გიჟური დღე მქონდა, შვილს მარიამთან ვტოვებდი. ამასობაში, კიდევ ერთი პატარა შემოგვემატა: მას მეორე არაჩვეულებრივი გოგონა, ნასტია შეეძინა... მარიამი საოცარი ადამიანია, გასაჭირში არასდროს მიგატოვებს. ძალიან მიყვარს მასთან სტუმრობა. მის ოჯახში რაღაც სხვანაირი სიმშვიდეა. გაწონასწორებული ადამიანია და როცა პრობლემა მაქვს, მას რჩევას ვთხოვ ხოლმე. ძალიან ვენდობი. ვიცი, მასთან ნათქვამი წინ ცუდად არასდროს დამხვდება.

მარიამი:

- ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც გიყვარს, განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ქრისტინეს ძალიან უყვარს ჩაი. ერთხელ საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა არომატული ჩაი მომართვა. ვუთხარი, - რა კარგი იყო, ცოტაღა დარჩა და გული მწყდება-მეთქი. ერთი წელი გავიდა, კიდევ წავიდა უცხოეთში და ერთი ყუთი ჩაი ჩამომიტანა (იცინიან). ემოციური ადამიანია და სულ ვეუბნები, - იცოდე, ეს გავნებს-მეთქი. უმნიშვნელო რაღაცებსაც ზედმეტად განიცდის, ნერვიულობს.

- სხვებზე ხშირად ჭორაობთ?

ქრისტინე:

- უფრო ხშირად ჩვენს პრობლემებს განვიხილავთ. მე გაუთავებლად ვლაქლაქებ, მარიამი კი შეიძლება ითქვას, ფსიქოთერაპიულ კურსს მიტარებს... საერთოდ, არ მჯერა ჭორების, რადგან საკუთარ თავზე უამრავი სისულელე მომისმენია. ნამდვილად არ მინდა, ისეთი მეგობარი მყავდეს, რომელიც გამუდმებით ვიღაცაზე ჭორაობს. მიმაჩნია, რომ სხვისი პირადი ცხოვრება ჩემი გასარჩევი არ არის.

- დღეს ადამიანებს ერთმანეთის შექება, წახალისება, სხვისი სიხარულის გაზიარება უჭირთ. უმეტესად, აგრესიას გამოხატავენ. როგორ ფიქრობთ, ასე რატომ ხდება?

მარიამი:

- ალბათ იმიტომ, რომ ვიღაცის სილამაზე, კარგად ყოფნა, წარმატება არ ახარებთ! კრიტიკის ობიექტი ხშირად, ის ადამიანია, რომელიც გარეგნობით გამოირჩევა. ვიღაცები გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, ლამაზ ქალს რა დაუწუნონ: ტუჩი, ფეხი, ცხვირი... მოკლედ, ნაკლს მაინც უპოვიან.

ქრისტინე:

- არასდროს ვიღლები კომპლიმენტების თქმით, სხვისი სილამაზის აღიარებით.

მარიამი:

- ჩემს მეგობრებს, რომლებიც ძირითადად, ლამაზები და წარმატებულები არიან, ყოველთვის ხელს შევუწყობ, რომ უფრო მეტად წარმატებულები გახდნენ. წარმატების მიღწევის შანსი ცხოვრებაში ყველას თანაბრად გვეძლევა, მაგრამ ზოგი ნაკლებად შრომისმოყვარე და მიზანსწრაფულია და დროს სისულელეებში უქმად კარგავს (უმეტესად, სხვისი კრიტიკით ირთობს თავს).

- თითქოს, ვირტუალურმა სამყარომ მთელი მსოფლიო შთანთქა. რა შეცვალა ინტერნეტმა თქვენს ცხოვრებაში?

ქრისტინე:

- ინტერნეტმა ცხოვრება გაამარტივა, სამყარო დააპატარავა. "ფეისბუკის" მეშვეობით უცხოეთში მყოფი ბევრი მეგობარი ვიპოვე, რომელთა მოკითხვის საშუალება მანამდე არც მქონდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ინტერნეტს მიჯაჭვული ადამიანი ვარ... კარგია, რომ ცოლებს ქმრები, დედებს - შვილები და ა.შ. უყვართ, მაგრამ არ მესმის, "ფეისბუკით" სიყვარულის ახსნა რას ნიშნავს? არც მაშინ, როცა კარგად ვიყავი ჩემს ყოფილ მეუღლესთან და არც მას მერე, რაც ოჯახი დამენგრა, არ მქონია სურვილი, ამ ყველაფერზე საჯაროდ მელაპარაკა.

მარიამი:

- საერთოდ, პირადი ცხოვრება მართლაც, პირადი უნდა იყოს და მასში შემოჭრის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღეს არა მარტო სიყვარულს უხსნიან ერთმანეთს "ფეისბუკში", არამედ იმასაც წერენ, თუ რა ჭამეს, რა დალიეს, რა აცვიათ, ვისთან ერთად არიან... მე ამ ყველაფრის მომხრე არ ვარ.

ქრისტინე:

- ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მაინც, 90-იანი წლების შვილები ვართ, როცა "კერასინკით" ვთბებოდით, დენის ნაცვლად სახლს სანთელი გვინათებდა; ტანსაცმელზე ნავთის სუნი აგვდიოდა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება. ამიტომაც არის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა არც თავი დაგვაკარგვინა და არც - ერთმანეთი. კომპიუტერთან ვსხედვართ, მაგრამ ფურცელსა და კალამს მაინც ვიყენებთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შვილმაც აწარმოოს "მეგობრობის დღიურები", ეზოში ჩემსავით, "წრეში ბურთი" და "რეზინობანა" ითამაშოს...

მარიამი:

- ჩემთან მეგობრები რომ მოდიოდნენ, თოჯინებით ვერთობოდით, ახლა კი ბავშვებს თავი ტელეფონში აქვთ ჩარგული. შენიშვნას რომ ვაძლევ, - ცოტა ხანს მაინც დადეთ ეგ ტელეფონები-მეთქი, მეკითხებიან: აბა, რითი გავერთოთო?.. სხვათა შორის, მიჩიგანის უნივერსიტეტის ბოლო კვლევების მიხედვით დაასკვნეს, რომ "ფეისბუკი" უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანებზე. ისინი დეპრესიულები ხდებიან, რადგან სხვისი "ბედნიერი" ფოტოების დათვალიერება ადამიანში შურის გრძნობას აღვიძებს.

ქრისტინე:

- ერთ მშვენიერ დღეს "ფეისბუკი" რომ გააუქმონ, ხალხი ალბათ ერთმანეთს დახოცავს, უკვე იმდენი აგრესიაა დაგროვილი.

- როგორ ფიქრობთ, თბილისში გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს?

- ერთ დღეს რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძემდე ფეხით გავისეირნე. ხალხს გულდასმით ვათვალიერებდი, ვაკვირდებოდი. სულ იმას ვამტკიცებ, - ქართველები გემოვნებიანები და ლამაზები არიან-მეთქი და იმ დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. დიახ, გემოვნებიანები ვართ და მალე ვითვისებთ ყველაფერს.

მარიამი:

- ჩვენს წვეულებებზეც და უცხოეთშიც ვყოფილვარ ელიტურ შეკრებებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ქალები უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე - საზღვარგარეთ. საერთოდ კი გემოვნებაზე არ უნდა იდავო. ვისაც რა უნდა, ის ჩაიცვას. პირადად მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის გემოვნებას.

- ადამიანი ჩაცმულობის მიხედვით არასდროს შეგიფასებიათ?

ქრისტინე:

- ჩაცმულობაზე მეტად, ადამიანის ვარცხნილობა, თმის ფერი, სახის კანი და ა.შ. მიქმნის მასზე გარკვეულ წარმოდგენას, თუმცა რასაკვირველია, ამის მიხედვით მის შინაგან სამყაროზე ვერ ვიმსჯელებ. მგონია, რომ ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ გამოიყურება, როდესაც ბედნიერია. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, რა აცვია, მთავარია, რომ მისი თვალები, თმა, კანი სითბოს ასხივებს.

მარიამი:

- ადამიანი სითბოს მაშინ ასხივებს, როდესაც შეყვარებულია...

- ბოლო დროს ქრისტინემ ქსოვას აქტიურად მიჰყო ხელი. მარიამ, ამაზე რას იტყვი?

მარიამი:

- ძალიან მომწონს მისი ნაქსოვები. საერთოდ, ბევრი იდეა აქვს. როდესაც სადმე მივდივარ, ვეკითხები, - რისი ჩაცმა აჯობებს-მეთქი? არ არსებობს, რაღაც კარგი არ მოიფიქროს. რომ მოენდომებინა, წარმატებული დიზაინერი იქნებოდა.

ქრისტინე:

- ამ ზამთარში დეპრესიული პერიოდი მქონდა. გამახსენდა, რომ ქსოვა ამშვიდებს. დედა მორწმუნე ქალია, ერთ-ერთი ტაძრის მრევლია. ერთი პერიოდი მეც დავდიოდი ტაძარში. მკაცრი მოძღვარი მყავდა. სულ მეუბნებოდა, - შვილო, ქალი იმისთვის დაიბადა, რომ შექმნას ოჯახი, გააჩინოს შვილები. ისწავლე ჭრა-კერვა, ქსოვა და გახდი კარგი დედა, დიასახლისიო. მიბიძგებდა იმისკენაც, რომ ბალეტისთვის თავი დამენებებინა. მოკლედ, მოძღვარმა ჩემში ხელსაქმისკენ მიდრეკილება დაინახა და ეს ქვეცნობიერში ჩამიბეჭდა... ისე, ჩემი პირველი ნამუშევარი საბალეტო სკოლაში პუანტების "პიტაჩოკი" იყო. იმ პერიოდში ბაბუას მაისურისგან შევკერე "კუპალნიკიც". დღემდე ჩემი პედაგოგი, პირველკლასელებს ამ ამბავს უყვება. მიყვარს სადილების მომზადება, რაღაცების ცხობაც; ვიცი ჭრა-კერვა, ქარგვა, ქსოვა. მომწონს სახლის დალაგება.

მარიამი:

- სახლის დალაგება მეც მიყვარს. ყოფილა შემთხვევა, როცა "ქუსლებზე" შემდგარსა და წვეულებაზე წასასვლელად მომზადებულს რაღაცის ხეხვა დამიწყია. რთული პროფესია მაქვს, იურისტი ვარ. სწავლას დიდი დრო დავუთმე. 23 წლიდან ლექტორი ვარ, სტუდენტებს ვასწავლი, მაგრამ თავადაც მიწევს მეცადინეობა.

- თქვენს ცხოვრებაში პოლიტიკა რა როლს თამაშობს?

ქრისტინე:

- ეს სფერო ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ცხადია, პოლიტიკა მოქალაქის ცხოვრებაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. ძალიან მინდა, ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს ქვეყანას; ყველა პარტიასა თუ პოლიტიკურ გაერთიანებაში მყავს მეგობარი და ჩემთვის უსიამოვნოა, როდესაც ამ სფეროში რაღაც ცუდი ხდება. ადამიანებთან პოლიტიკური ნიშნით, მისი პროფესიისა და სტატუსის მიხედვით არ ვურთიერთობ. პოლიტიკაში ცხვირის ჩაყოფა არ მინდა, მაგრამ როგორც მოქალაქეს, საკუთარი მოსაზრებები ცხადია, მაქვს. თუმცა, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია.

მარიამი:

- აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფორმირებული არ ვარ. უბრალოდ, არ მინდა, პოლიტიკის გამო ვინმესთან შელაპარაკება მომივიდეს. ვფიქრობ, საზოგადოებამ რაღაცებზე რეაგირება დროულად უნდა მოახდინოს და არა მაშინ, როდესაც ეს რაღაც ყელში ამოუვათ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება