რატომ შემოიღეს დაწყებით კლასებში კომპიუტერული თამაშები?

რატომ შემოიღეს დაწყებით კლასებში კომპიუტერული თამაშები?

3 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი ელექტრონული სასწავლო რესურსების, კომპიუტერული თამაშების პრეზენტაცია გაიმართა. სწავლების დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო მოსწავლეს აძლევდეს ცოდნის დადებით ემოციურ გარემოში მიღების საშუალებას. თამაშით სწავლა პრიორიტეტულია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის შერჩეულ სწავლების მეთოდებს შორის. დიდაქტიკური თამაშები უყალიბებს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემის გადაჭრის, შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევებს, პედაგოგს კი აძლევს თითოეული მოსწავლის სასწავლო საჭიროებებზე მორგების საშუალებას.

2013-2014 სასწავლო წლისთვის შექმნილი ახალი კომპიუტერული თამაშები ერთგვარი ვირტუალური ლაბორატორიებია, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლე ხდება მკვლევარი, სწავლობს და იმეცნებს ხალისით და აქტიურად. ამ სახალისო თამაშებში დაცულია სასწავლო მასალის თანმიმდევრულობა, შეესაბამება საგნობრივი პროგრამების თემატურ მასალას, არის დამხმარე დამატებითი საშუალება საგნების უკეთ ათვისებისთვის. თამაშების ყოველი ეტაპი დატვირთულია ახალი ინტერაქტიული ანიმაციებითა და თავსატეხებით, სახალისო დავალებებით. ყოველი მათგანის შესრულების შემდეგ მოსწავლეს ეძლევა "წამახალისებელი ჯილდო" ანიმაციის ან თემატიკასთან დაკავშირებული ვიდეოს სახით. ახალი კომპიუტერული თამაშები განთავსდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-პორტალზე და უახლოეს მომავალში ჩაიტვირთება უმცროსკლასელთა პერსონალურ "ბუკებში".

კი, ბატონო, მოსწავლეების "ბუკებში" თამაშების ჩატვირთვა კარგია, მაგრამ რა სახის თამაშები ჩაიტვირთება ამ "ბუკებში"? რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი თამაშების სწავლება ბავშვებისთვის?

"ალია" დაუკავშირდა ეროვნული გეგმების დეპარტამენტის უფროსს ნათია ჯოხაძეს.

- ეს არის სპეციალურად ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და ჩვენს სასწავლო გეგმაზე დაყრდნობილი ქართველი პროგრამისტების შექმნილი საგანმანათლებლო თამაშები და ეს საგნებია არითმეტიკა, ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება და მუსიკა. ანუ, ყველა ის საგანი რასაც მეორე და მესამე კლასის ბავშვები სწავლობენ. პირველი კლასის პროგრამები კი უკვე გაკეთებულია და ყოველწლიურად იტვირთება "ბუკებში". ლაპარაკია იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში მრავალფეროვანი უნდა იყოს ბავშვის სასწავლო რესურსი და საყოველთაოდ მეცნიერულად მიღებული და დადასტურებულია, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის კომპონენტი იყოს გათვალისწინებული, როცა ისინი ხალისით სწავლობენ. შესაბამისად, გარდა სახელმძღვანელოებისა, რომელიც მთავარი სასწავლო რესურსია სკოლაში, და დამხმარე ლიტერატურისა, ბავშვებისთვის ასევე მნიშვნელოვანია კომპიუტერული საგანმანათლებლო თამაშები. ეს არ არის თამაში კლასიკური გაგებით, რასაც ჩვენ ვართ შეჩვეული, არამედ, ეს არის სპეციალურად საგანმანათლებლო თამაში ასაკისა დაპროგრამის გათვალისწინებით, მით უმეტეს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპეტენცია არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ევროპულ კომპეტენციათა ჩარჩოში, ასევე ჩვენს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სადაც ის გამჭოლი პოზიციისაა.

- ეს რომელიმე ქვეყნის მაგალითი გადავიღეთ?

- არსაიდან არ აგვიღია, ზოგმა ქვეყანამ, პირიქით, ჩვენგან გადაიღო. ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი და გვინდა, რომ ჩვენი სისტემა იყოს უფრო განვითარებული. ჩვენ გავაკეთეთ ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია განათლების სისტემაში და ეს პროგრამაში კომპიუტერული თამაშებით შევიტანეთ და ბევრმა სხვა ქვეყანამ ეს ჩვენგან გადაიღო. საინფორმცაიო ტექნოლოგიები, როგორც მნიშვნელოვანი კომპეტენცია ბევრ ქვეყანაში საბავშვო ბაღების ასაკიდანაც ხდება.

- მაგრამ ეს, ალბათ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაკონტროლოთ ის დრო და ხარისხი, რასაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს.

- რა თქმა უნდა. ეს უნდა გააკონტროლოს სკოლაში მასწავლებელმა და სახლში მშობელმა, მაგრამ ეს ცოდნა და ინფორმაციული წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საგანმანათლებლო სისტემის.

- საინტერესოა, ფსიქოლოგიური მომენტი თუა გათვალისწინებული ამ თამაშების დანერგვის დროს?

- ასეთი საქმე საერთოდ, ფსიქოლოგის გარეშე არ ხდება და პედაგოგები და ფსიქოლოგები ერთად მუშაობენ და ვერ ვხვდები, ცუდი გავლენა რატომ უნდა მოახდინოს საგანმანათლებლო თამაშმა ბავშვზე. ეს პროგრამა ჩატვირთვის შემდეგ უკვე ხელმისაწვდომი გახდება ბავშვებისთვის, სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე, საიდანაც ტვირთავენ იგივე ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებს და სხვა ელექტრონულ რესურსს.

ამის შემდეგ ვუკავშირდებით უკვე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს, მასთან ერთი კითხვა გვაქვს: კი, თამაშები ნამდვილად საგანმანათლებლოა და, როგორც აგვიხსნეს, კარგია, მაგრამ მსგავსი კომპიუტერული თამაშის ფორმა ხომ არ გამოიწვევს აზარტის გაღვიძებას მოსწავლეში? არ დაგვავიწყდეს, საქმე ბავშვებს ეხება.

- თქვენი რეპლიკა და ინტერესი, ამ საქმეში რა ადგილი უკავია ფსიქოლოგს, სრულიად მართებულია. ვიცით, რომ თამაშების დროს დიდ რაოდენობას ნამდვილად შეუძლია ბავშვი გაიტაცოს და მსოფლიოში ნამდვილად დგას ეს საკითხი, ბავშვებისა და კომპიუტერის ურთიერთობა. თამაშის მომენტიც რომ არ იყოს, კომპიუტერი ბევრად მიმზიდველია, კომპიუტერით გატაცებას ეპიდემიასაც ეძახიან და როგორ მოევლოს ამ პრობლემას ეს დღეს გადაწყვეტილი არაა. ამიტომ, ჩემი აზრით, გამართლებულია, ბავშვების ეს მისწრაფება სასარგებლოდ იყოს გამოყენებული და ამიტომ სასწავლო პროგრამებს ამაზე აფუძნებენ და კარგ ალტერნატივას სთავაზობენ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ