ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს - ფსიქოლოგიური ტერორი თუ მზადება ახალი ომისთვის ყირიმში

ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს - ფსიქოლოგიური ტერორი თუ მზადება ახალი ომისთვის ყირიმში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში მიმდინარე სამხედრო სწავლებების მონაწილეები მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" პრეზიდენტის პრეს-მდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მასშტაბური სამხედრო სწავლება 26 თებერვალს საჯარისო შენაერთების უეცარი შემოწმებით დაიწყო. ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში დისლოცირებული სამხედრო დანაყოფების გარდა, განგაშით საბრძოლო მდგომარეობაში სადესანტო ჯარების სარდლობა, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ჯარები, შორი და სატრანსპორტო ავიაცია, ბალტიის და ჩრდილოეთის ფლოტები მოიყვანეს. ჯამში სწავლებებში 150,000 სამხედრო, 90 თვითმფრინავი, 120 შვეულმფრენი, 850 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 80 ხომლადი და 1,200 დამხმარე ტექნიკა მონაწილეობდა. შესრულდა მრავალ კილომეტრიანი მარშები, საზღვაო და საჰაერო დესანტის გადასხმა ღამის პირობებში, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაციები.

სწავლების დაწყებისთანავე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ უეცარ სამხედრო შემოწმებას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს. მისი მოადგილის თქმით კი, სწავლებები ადრე იყო დაგეგმილი. შესაძლოა, ეს მართლაც ბანალური დამთხვევაა. თუმცა საკმაოდ საეჭვო იმ პირობებში, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მაშინ, როდესაც ყირიმში უკრაინულ სამხედრო ნაწილებს და ბაზებს, რუსული ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის ალყა აქვს შემორტყმული, სწავლების დაწყება, თუნდაც გეგმიურის - სიტუაციის განმუხტვას ხელს ნამდვილად არ უწყობს. დასავლეთის ექსპერტების შეფასებით, ჯარების მოულოდნელი შემოწმების მიზანი, მსოფლიოსთვის ძალის ერთგვარი დემონსტრირება იყო.

ინტერნეტში სხვადასხვა სამხედრო ფორუმებზე მრავლად იდება ვიდეოები, სადაც რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ჯარების, არტილერიის, პირადი შემადგენლობის, ჯავშანტექნიკის დიდი ოდენობით გადაყვანაა დაფიქსირებული. ჯარების გადაადგილება ფიქსირდება ნოვოროსიისკში, უკრაინა-რუსეთის საზღვრის მიმდებარე რაიონებში, ყაზანში.

შესაძლოა, აღნიშნული ქმედებები კრემლის მხრიდან მხოლოდ ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებდეს. თუმცა რუსეთის შემთხვევაში, გამორიცხული არაფერია. ანალიტიკოსების ნაწილი, უეცარი შემოწმებით წამოწყებული სამხედრო სწავლებების შეჩერებას, ქარიშხლის წინ, სიჩუმის დასადგურებასთან აიგივებს...

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა