"თინა ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე" - "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერი

"თინა ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე" - "ჩემი ცოლის დაქალების" პროდუსერი

რამდენიმე დღეა, მსახიობი თინა მახარაძე საზოგადოების რისხვის ობიექტია - ერთ-ერთ გადაცემაში მისულმა ამა თუ იმ საკითხზე თამამად დააფიქსირა საკუთარი მოსაზრებები. ადამიანები განსაკუთრებულად გააღიზიანა ინტიმურ საკითხებზე მისმა დაუფარავად მსჯელობამ.

თინა ცოტა ხნის წინ პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი გახდა. "ამბები.გე" აღნიშნული სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს დაუკავშირდა და ამ თემაზე შეფასებების გაკეთება სთხოვა.

- ირაკლი, როგორც შევიტყვეთ, სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" შემოქმედებითი ჯგუფი თინა მახარაძის პერსონაჟზე დიდ იმედებს ამყარებს?

- ნებისმიერ პერსონაჟზე, რომელიც გვყავს, იმედებს ყოველთვის ვამყარებდით და ვამყარებთ. ზოგს გაუმართლებია, ზოგს - ნაკლებად. ამ შემთხვევაში, დიდი კასტინგი გვქონდა, ბევრი ადამიანი მოვსინჯეთ, თინა მახარაძემ ჩვენი მოწონება დაიმსახურა, ნიჭიერი გოგონაა და შესაბამისად, არჩევანიც მასზე შევაჩერეთ.

- თინას პერსონაჟს - ანკას სერიალში რა ამოცანა აქვს?

- ახალი პერსონაჟია - ახალი მეზობელი და ახალი ამბები უნდა მოიტანოს, მისი სახით, სერიალში რაღაც სიახლე უნდა შემოვიდეს. თუმცა კონცეპტუალური სიახლე, რაღაც კონკრეტული თემების გაღვივება არ არის მისი ამოცანა. მისი ფუნქციაა, შექმნას სამოქმედო ველი. მოკლედ, დრამატული განვითარებისთვის, მრავალფეროვნებისთვის ის დამატებითი "მოედანია". განსაკუთრებული მისია არ აკისრია. ჩვეულებრივი პერსონაჟია, თუმცა ამ სეზონში ერთი-ერთი მთავარი გმირი იქნება, რომელსაც თავისი თავგადასავალი აქვს, რასაც მოვყვებით...

- თქენმა ახალმა მსახიობმა ერთ-ერთ გადაცემაში, საკუთარი მოსაზრებები საჩოთირო საკითხებზე დააფიქსირა. რამაც საზოგადოების მითქმა-მოთქმა და დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მსახიობისთვის შენიშვნა იმ შემთხვევაში მიგვიცია, თუკი მისი ნალაპარაკევი "სიძულვილის ენის" ელემენტებს შეიცავდა. თინასთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს, შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. რაღაც საკითხებზე თავისი აზრი გამოთქვა. თუ მას ორჰან ფამუქი არ მოსწონს და მე მომწონს, არაფერს ნიშნავს, რადგან ეს გემოვნების საკითხია. თითოეული ადამიანი საკუთარ აზრს აფიქსირებს. როდესაც ის პერსონაჟის სახელით კი არა, საკუთარი თავის სახელით ლაპარაკობს, სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული, ისაუბროს იმაზე, რაზეც უნდა...

- გაჩნდა ისეთი მოსაზრებაც, თითქოს თინა თქვენგან იყო წაქეზებულ-წახალისებული, გადაცემაში სტუმრად მისულს თამამი რესპონდენტის იმიჯი შეექმნა, რაც მის ახალ პერსონაჟს პიარის კუთხით წაადგებოდა...

- ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ და მხოლოდ პრესონაჟის ტექტსტებსა და მოსაზრებებს, მაგრამ მსახიობი თავად წყვეტს, რა მოსაზრებები ჰქონდეს, რა ცხოვრების წესი აირჩიოს და როგორ იცხოვროს, ისაუბროს. ამ ყველაფერზე "ფორმულა კრეატივი" გავლენას არ ახდენს, ეს კონკრეტული ადამიანების მოსაზრებებია. თუკი რამე გვინდა, რომ პერსონაჟმა თქვას, ამას პერსონაჟი ანკა იტყვის. ხოლო თუ თინა მახარაძე ამა თუ იმ გადაცემაში რაღაცაზე საუბრობს, ეს მისი საქმეა და "ფორმულა კრეატივთან" არანაირი კავშირი არ აქვს.

- თინა თავისუფალი ადამიანია, საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხზე თამამად და დაუფარავად აფიქსირებს. მისი პერსონაჟიც ასეთივე თავისუფალია მის ქმედებებში?

- ანკა აბსოლუტურად განსხვავებული პერსონაჟია, ჩვეულებრივი თბილისელი გოგონაა, თავის ცხოვრების წესით, კომპლესებით, სიხარულით და თინა მახარაძესთან არანაირი საერთო არ აქვს, გარდა იმისა, რომ თინა მსახიობია და ამ როლს თამაშობს.

- ეს ადამიანი პრაქტიკულად თავდასხმის ობიექტი გახდა. საოცარი კომენტარებით შეამკეს. პირადად თქვენ რას განიცდით?

- მის მიმართ ადამიანურად სოლიდარობისა და მხარდაჭერის განცდა მაქვს, რადგანაც მის მიმართ ბევრი ნეგატივი წამოვიდა. ხოლო საქმის თვალსაზრისით კი, მიმაჩნია, რომ მის პერსონაჟს ეს არ აკნინებს, რადგანაც სულ სხვა ვინმეა. დანარჩენი, ვიმეორებ, მისი საქმეა, რას იტყვის. თავისუფლება პასუხისმგებლობის აღებაა. თუ ეპატაჟური სვლა განახორციელა და მასზე პასუხისმგებლობა არ აიღო, ესეც მისი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, ჭკვიანი გოგოა და პასუხს აგებს თავის ნათქვამზე, აქვს არგუმენტები იმაზე, რაც და რატომაც გააკეთა თუ თქვა.

- ეს ნეგატიური პოზიცია, რაც მის მიმართ გაჩნდა, სერიალის რეიტინგზე ხომ არ იმოქმედებს?

- არა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არც პოზიტივს და არც ნეგატივს არ შეიცავს. ვიმეორებ, ეს არის თინა მახარაძის პირადი საქმე. შეიძლება მსახიობის ნეგატიურ ან პოზიტიურ პოპულარობას ხელი შეუწყოს, მაგრამ სერიალის რეიტინგზე რომ აისახოს, არა მგონია, რადგანაც ანკა სულ სხვა პერსონაჟია.

- მან მანამდე ერთ-ერთ პოპულარულ სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან'' ითამაშა და გარკვეული სტერეოტიპიც შექმნა. როდესაც როლზე დაამტკიცეთ, ეს ფაქტი არ გაითვალისწინეთ?

- თინას ნიჭიერება გვაძლევს იმის საშუალებას, ვიმსჯელოთ, რომ ის დამოუკიდებელ, ახალ პერსონაჟს ჩამოაყალიბებს და ძალიან მალე გათავისუფლდება იმ სტერეოტიპიდან, რომელიც სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" მოჰყვება. კარგად აკეთებდა, რასაც აკეთებდა და იმედი გვაქვს, რომ აქაც ყველაფერი კარგად იქნება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება