youtube -ზე პუტინის 1996 წლის ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი დევს, სადაც რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი დემოკრატიული სისტემის მხარდამჭერად გვევლინება. ამასთან, ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გარკვეული დროით, რუსეთში ტოტალიტარიზმის დაბრუნება შესაძლებელია.
"რაოდენ გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს, და როგორ სახიფათოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ტოტალიტარიზმის შემობრუნება, დროის გარკვეული პერიოდით შესაძლებელია. მაგრამ საშიშროება უნდა ვეძებოთ და დავინახოთ არა სამართალდამცავ ორგანოებში, მილიციასა ან არმიაში, არამედ ჩვენში. ეს საშიშროება დევს ჩვენში - ჩვენი ხალხის მენტალობაში... ჩვენ ყველას გვეჩვენება, მათ შორის მეც ხშირად ასე მგონია, რომ თუკი დავამყარებთ წესრიგს მკაცრი ხელით, მაშინ ჩვენი ცხოვრება უფრო კარგი, კომფორტული და უსაფრთხო გახდება. სინამდვილეში ეს კომფორტი ძალიან მალე წავა, იმიტომ რომ ეს მკაცრი ხელი მალე დაიწყებს ჩვენს დახრჩობას და ამას ჩვენ მყისიერად ვიგრძნობთ საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე... მხოლოდ დემოკრატიული სისტემის პირობებში, როცა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა იციან, რომ ხვალ ან ერთი წლის შემდეგ შესაძლოა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლა მოხდეს, და მათ შეეკითხებიან თქვენ როგორ ასრულებდით იმ ქვეყნის კანონებს, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ და როგორ ექცეოდით მოქალაქეებს, რომლებთან მიმართებაშიც გაქვთ სახელისუფლებო უფლებამოსილება",- ამბობს პუტინი ინტერვიუში.
ინტერვიუ 1996 წელსაა ჩაწერილი.
ვიდეოს ნახვა, სახელწოდებით - "პუტინმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა" youtube-ზეა შესაძლებელი.