ია სუხიტაშვილი : ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები...

ია სუხიტაშვილი : ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები...

თებერვალში ბერლინში "ბერლინალეს" 64-ე კინოფესტივალი გაიმართა, სადაც ორი ქართული ფილმი: ლევან კოღუაშვილის "შემთხვევითი შეხვედრები" და თინათინ ყაჯრიშვილის "პატარძლები" წარადგინეს. სოციალურ ქსელში მსახიობმა ია სუხიტაშვილმა დაწერა, რომ "ბერლინალეს" კინოკრიტიკოსებმა მათი ფილმი არაჩვეულებრივად მიიღეს და კარგი შეფასებებიც მისცეს, რამაც ცხადია, გადამღები ჯგუფი ძალიან გაახარა. იას რუსთაველის თეატრში ვეწვიეთ და ამ თემაზე დაწვრილებით ვესაუბრეთ.

- "შემთხვევით შეხვედრებში" ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ბერლინის ფესტივალი 6 თებერვალს გაიხსნა, მაგრამ ჩვენი ფილმის ჩვენება 7 თებერვლის საღამოს იყო. მანამდე ფილმი ნანახი არ მქონდა. საერთოდ, ლევან კოღუაშვილს არ უყვარს მსახიობების შეკრება და მათთვის ფილმის ჩვენება მანამ, ვიდრე ის კინოთეატრებში არ გავა. უცნაური რამ მჭირს: როცა მასალა ნანახი არ მაქვს, პრემიერას ყოველთვის დაძაბული ვუყურებ. რთულია საკუთარი თავის ეკრანზე ყურება 400 ადამიანთან, მათ შორის - კინოკრიტიკოსებთან ერთად. ისინი მაქსიმუმ, 20 წუთი მოიცდიან და თუ ფილმი არ დააინტერესებთ, დარბაზს დატოვებენ. "სხვანაირი" თვალი აქვთ და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდნენ, ფილმი ხარისხიანია თუ არა. ჩვენი ფილმის ყურებისას საოცარი რეაქციები ჰქონდათ. მათთან ერთად, ამ ფილმში მეც ბევრი რამ აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ გაუაზრებლად ისეთი რაღაცები გამიკეთებია, რაზეც გადაღების დროს არ მიფიქრია. ეპიზოდურად ტაშსაც გვიკრავდნენ, ჩვენების დასრულების შემდეგ კი შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე მიგვიწვიეს. იქ ლევანმა ჩუმად მითხრა: მეგონა, მაგარი ცხოვრებისეული დრამა გადავიღე, თურმე, კომედიაზე მიმუშავიაო. ეს იმიტომ თქვა, რომ ფილმის მსვლელობისას, გარკვეულ ეპიზოდებზე კრიტიკოსებმა იცინეს კიდეც... პირველი დღის ჩვენება მეორე დღეს განსაზღვრავს, ჩვენს ფილმზე კი მეორე დღესაც სრული ანშლაგი იყო. რაც შეეხება ფილმს: მასში ბევრი ცხოვრებისეული ამბავია თავმოყრილი. კრიტიკოსებმა ჩემს გმირზე თქვეს, - ქალის ძლიერი მხარეა წარმოჩენილიო. ამან გაგვაკვირვა, რადგან გადაღების პროცესში ამაზე არც მე და არც რეჟისორს არ გვი­ფიქრია. თუმცა, მათ არგუმენტებით დაგვიმტკიცეს, რომ ფილმში "პარადი" ქალს მიჰყავს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან XXI საუკუნეში ნამდვილად, ძლიერი ქალები ცხოვრობენ. თუნდაც კინო ავიღოთ: ბოლო დროს 3 ისეთი მაგარი ფილმი გადაიღო სამმა მაგარმა ქალმა რეჟისორმა, რომ გაგიჟდები.

- იქნებ დაგვიკონკრეტო, ვის გულისხმობ?

- რუსიკო ჭყონიამ გადაიღო - "გაიღიმეთ", თაკო ყაჯრიშვილმა - "პატარძლები", ნანა ექვთიმიშვილმა - "გრძელი ნათელი დღეები". მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ ძლიერი ქალის ფენომენი მხიბლავს და კაცებს ვაკნინებ, პირიქით - ძალიან მომწონს ძლიერი მამაკაცები... ამ ფესტივალზე აღმოვაჩინე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, თითქოს ჩვენი იუმორი მხოლოდ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას ესმის. თუ იუმორი ხარისხიანად და გემოვნებით არის გაკეთებული, ზიმბაბვეშიც რომ ჩაიტანო, იქაც გაგიგებენ. ბერლინში გამოქვეყნებულ ყველა რეცენზიაში აღნიშნულია, რომ ქართველი მსახიობები ძალიან კარგად თამაშობენ და როცა ამ რეცენზიებში ჩემზე საუბრობენ, აუცილებლად ახსენებენ ფილმს "გაიღიმეთ". ეს ფილმი მართალია, "ბერლინალეზე" არ გვქონია, მაგრამ ვენეციის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და ალბათ, გერმანელებს იქიდან ვახსოვარ.

- სხვა ფილმების ჩვენებებსაც დაესწარი?

- სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, რადგან ბერლინში პირველად გახლ­დით და ქალაქის დათვალიერება, გარ­თობა მომინდა. იქ ჩასული მხოლოდ ბერლინის კედელს ხომ არ ვნახავდი? მათი კლუბური ცხოვრებითაც დავინტერესდი. ჰოდა, ახლა ყველას, ვინც ბერლინში პირველად ჩავა, ვურჩევ, რომ დაძინების ნაცვლად ღამე კლუბებში გაატაროს.

- მიკვირს, ამას რომ ამბობ. როგორც ვიცი, კლუბური ცხოვრების დიდი სიყვარულით არ გამოირჩევი.

- მართალი ხარ. საქართველოში ისე იხსნება და იკეტება კლუბები, რომ იქ ერთხელაც არ მივდივარ: ჯერ ერთი, სპექტაკლიც და გადაღებებიც ისე გვიან მთავრდება და სამუშაოთი ისე ვიღლები, რომ კლუბებში სიარულის სურვილი აღარ მაქვს; გარდა ამისა, რამდენჯერაც წავედი, იმდენჯერ არავინ შემარგო იქ ყოფნა და გართობა. ვიღაც აუცილებლად ჩხუბობს, ლეწავენ ყველაფერს... მოკლედ, "გოიმობა" ხდება.

- ცეკვა გიყვარს?

- ცეკვაც მიყვარს და კარგად მოცეკვავე ადამიანის ყურებაც. მაგალითად, ჩემი მეუღლე - მიშა ფანტასტიკურად ცეკვავს. ასეთ დროს მირჩევნია, ვიჯდე და მისი ცეკვით დავტკბე... ბერლინიდან გამომგზავრების წინაღამეს, მეგობრებთან ერთად, კვლავ კლუბში წავედი. იქ ვიღაც ტიპი მომაშტერდა. მერე მოვიდა და მკითხა, - შენ ხომ მსახიობი ხარ, "კიპ სმაილინგიდანო"? - კი-მეთქი. - მერე თვითონაც გამეცნო. იტალიელი პროდიუსერი აღმოჩნდა, რომელმაც სავიზიტო ბარათი გამომართვა და თავისიც დამიტოვა. ამ შეხვედრამ ძალიან გამახარა.

- გარდა ცნობილი პროდიუსერებისა, ფესტივალზე ალბათ არაერთი "ვარსკვლავიც" იყო.

- მართალია. იქ ჯორჯ კლუნი, ჯეფრი რაში და სხვა მსახიობებიც იყვნენ, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვნახე. ერთი რამ არ მესმის: ფესტივალის ორგანიზატორი იმათაც იწვევს და მეც მიმიწვიეს; ისინიც მსახიობები არიან და მეც ამ პროფესიის ადამიანი ვარ. ჰოდა, რატომ არ შეიძლება, რომ ფესტივალის გახსნის დღეს მაინც გვქონდეს საშუალება, ამ მსახიობებთან ერთად დავდგეთ?

- "ბერლინალემდე" ვენეციის ფესტივალზეც იყავი, რომელიც რატომღაც, საქართველოში არ გაშუქდა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდში ტელევიზიის ჟურნალისტებიც იყვნენ, რატომღაც იზარმაცეს და ეს ყველაფერი არ გააშუქეს. გასაგებია, რომ იქ ჩვენ მიერ ჩატანილი ფილმი არასაკონკურსო იყო, მაგრამ ეს რეჟისორის დებიუტი გახლდათ. მიუხედავად ამისა, დიდი დარბაზი გაივსო ხალხით, ჩვენი ჟურნალისტები კი პრემიერასაც არ დაესწრნენ და რომელიღაც ჰოლივუდის მსახიობთან ინტერვიუს ჩასაწერად გაიქცნენ. მერე მათ კულტურის სამინისტროსგან საყვედურიც მიიღეს... უცნაურია, მაგრამ იქ აბსოლუტურად ყველა მცნობდა. მეკითხებოდნენ, - შენ გვანცა (ასე ჰქვია ჩემს გმირს ფილმში "გაიღიმეთ") ხარო?

- როგორც ვიცი, ფესტივალიდან დროზე ადრე ჩამოხვედი. რატომ?

- გადაღებები მეწყება და წინამოსამზადებელი პერიოდი უნდა გავიარო. სამწუხაროდ, იქ ფესტივალის ბოლომდე ვერ დავრჩებოდი. საქართველოში ირანელი რეჟისორი - მოჰსენ მაკმალბაფია ჩამოსული, რომელიც კანისა თუ ვენეციის არაერთი ფესტივალის გამარჯვებულია და ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც მიშა გომიაშვილთან ერთად ვთამაშობ. ძალიან მაგარი რეჟისორი გვყავს. ის არაჩვეულებრივად გვიხსნის, თუ რა უნდა. სხვათა შორის, ამ ფილმის "შავი მასალა" კანის ფესტივალიდან უკვე მოითხოვეს.

- როგორც ვიცი, ამ ფილმის გარდა, სხვა გადაღებებშიც მონაწილეობ.

- მართალია. რუსიკო გლურჯიძე იღებს ფილმს - "სხვისი სახლი". გადაღებები ქობულეთში, ბერძნების მიერ მიტოვებულ ერთ-ერთ სოფელში გვექნება. სხვათა შორის, ამ ფილმში მონაწილეობის მისაღებად მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ჩემი პარტნიორი მერაბ ნინიძე იქნება.

- ყველა მსახიობს აქვს სასურველი პარტნიორების სია...

- ჰოდა, გამონაკლისი არც მე ვარ. სიამოვნებით ვიმუშავებდი მიშა მესხთან ერთად. ოღონდ, იმიტომ არა, რომ ის ჩემი ქმარია. უბრალოდ, ის გახლავთ ადამიანი, რომელიც გადასაღებ მოედანზე კამერის არსებობას საერთოდ ვერ გრძნობს. მისი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ძალზე ალალია, ეს, როგორც ჩანს, კამერებთან ურთიერთობაში ეხმარება. მიშას გარდა, ძალიან კარგ მსახიობად მიმაჩნია ბახალა, იგივე - გიორგი გიორგანაშვილი; ვახო ჩაჩანიძეც უმაგრესი მსახიობია. ბევრჯერ მოგვიხდა ერთად თამაში და მასთან მართლა კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვახო ოქროს ბიჭია. კიდევ, სასურველ პარტნიორებად დავასახელებ: თამარა ბზიავას, ნუცა კუხიანიძეს, კატო კალატოზიშვილს, ასევე, ჯანო იზორიას, რომელსაც კოღუაშვილის ფილმში ერთი პატარა სცენა ჰქონდა, მაგრამ თავისი როლი ისე შეასრულა, რომ მაყურებლის დიდი ოვაცია და აპლოდისმენტები დაიმსახურა. არადა, ზოგჯერ ხალხს მთავარი გმირი ვერ ამახსოვრებს თავს და ეპიზოდური როლის შემსრულებელმა რომ დაგამახსოვროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამჟამად ახალ სპექტაკლზე თუ მუშაობ?

- არა, თეატრში დაკავებული არ ვარ. ჯერჯერობით ისევ ძველ სპექტაკლებს ვთამაშობ. იმედია, გამოჩნდება რაიმე ახალიც, მაგრამ მანამდე საკუთარ თავს მობილიზაცია უნდა გავუწიო, რომ ახალ როლებზე მშვიდად ვიმუშაო. ვფიქრობ, სცენაზე დგომა ძალიან რთულია. ჩემი აზრით, მსახიობმა მაყურებელი გამოსვლისთანავე უნდა მონუსხოს, თუ ამას ვერ შეძლებს, სპექტაკლი ჩაუვარდება.

- ძნელი არ არის, ორ და მეტ განსხვავებულ როლზე ერთდროულად რომ მუშაობ?

- არა. ამ შემთხვევაში უკვე ტვინია ჩართული და გაცილებით მეტს ვფანტაზიორობ. როცა ბევრ როლზე ერთდროულად არ მუშაობ, მხოლოდ ტვინი კი არა, სხეულის კუნთებიც ზარმაცდება. ამიტომ ჯობია, მსახიობი ყოველთვის "მოქოქილი" იყოს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება