რა მაგალითი მისცეს მეუღლის მშობლებმა ლაშა ნოზაძეს

რა მაგალითი მისცეს მეუღლის მშობლებმა ლაშა ნოზაძეს

ჯგუფის - "რეგიონი" მესამე ალბომი მარტში გამოვა. მასში 3 ძველი და 9 სრულიად ახალი სიმღერა იქნება თავმოყრილი. ალბომს "თავისუფალი" ერქმევა. ჯგუფის სოლისტის, ლაშა ნოზაძის თქმით: "ეს სიტყვა რომ გაყო, მიხვდები - შენში უფალია. ჰოდა, მას თუ იპოვი და იგრძნობ, მიხვდები, როგორი ადვილია სიცივეში გათბე, სიცხეში გაგრილდე..."

- "რეგიონს" ორი ალბომი აქვს გამოშვებული: პირველი ინტერნეტში "გამოიცა", მეორე კი იყო I'm Georgian... 2013 წელს მსოფლიო რეგი-ფესტივალზე პოლონეთში გავემგზავრეთ, სადაც იყვნენ ბობ მარლის შვილები, შაგი. თავი სრულყოფილ "ვარსკვლავებად" ვიგრძენით. მივხვდით, რომ თურმე, ისეთ მუსიკას ვუკრავთ, რომელიც ყველასთვის გასაგები, აღქმადი და საგრძნობია. ეს იმპულსური, სახალხო მუსიკაა, გულის კარდიოგრამასავით მიდის. არ არსებობს, ქუჩაში იმღერო და გამვლელი არ გაჩერდეს. ფესტივალზე მივხვდი - რეგი დედამიწის მუსიკაა და მას შეუძლია, სათქმელი ტექსტის გარეშე გაგაგებინოს.

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც რეგი?

- ოზურგეთში დავიბადე. ბობ მარლისთან მეშვიდე კლასიდან "ვძმა­კაცობ". 2008 წლამდე სიმღერებს ვწერდით, მაგრამ ისინი მხოლოდ რადიო-ტელევიზიიდან ჟღერდა, სცენაზე არ ვუკრავდით. გახსოვთ ალბათ, მაშინ "ფონოგრამჩიკების" პერიოდი იყო. 19 წლის ვიყავი, როცა ფონოგრამაზე ვიმღერე და საშინელი განცდა დამეუფლა, რადგან მივხვდი, ადამიანებს ვატყუებდა. ჰოდა, დავიფიცე, - ამას აღარასოდეს გავაკეთებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი. ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან პოპულარული იყო ჯგუფი "33ა". ნიაზს რომ მოვუსმინე, ხიბლში ჩავვარდი. ვიფიქრე, რომ ცოცხლად სიმღერა შესაძლებელი იყო. მერე მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჯგუფი შეგვექმნა. თავიდან 11 ვიყავით. შემდეგ მივხვდით, რომ ამდენი ინსტრუმენტი ზედმეტი იყო და ჯობდა, სიმარტივე სიღრმეებში გვეპოვა... დღეს უკვე "რეგიონს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი შეძლებს ჩვენი სათქმელის გაგებას. კონცერტზე ერთ ინგლისურ და ერთ რუსულ სიმღერას თუ შევასრულებთ, დანარჩენი აუცილებლად, ქართულენოვანი უნდა იყოს. საერთოდ, როკზე ამბობენ, რომ პროტესტის გამომხატველია, რეგის კი ღიმილისა და პოზიტივის მიმდინარეობად მიიჩნევენ. ვფიქრობ, სწორედ რეგი გამოხატავს პროტესტს ყველაზე უკიდურესი და სწორი ფორმით - ძალიან მშვიდად, ყვირილის, ცემის, სროლის გარეშე.

- საქართველოში განვითარების პერსპექტივას ხედავთ?

- საქართველოს გარეშე ვერაფერს ვქმნი, არადა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის რეალიზება აქ თითქმის შეუძლებელია. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ "რეგიონის" წევრები მილიონერები არიან (იცინის). წელიწადში ორჯერ საზღვარგარეთ თუ არ წახვედი, ფიზიკურად ვეღარაფერს შექმნი. მსგავსი გასვლებით ადამიანად გრძნობ თავს.

- გასაგებია, რომ საზღვარგარეთ გიწევთ სიარული, მაგრამ ის ფაქტი, რომ კონკრეტულად ქართველ მსმენელს არ აქვს შესაძლებლობა თქვენი შემოქმედება შეაფასოს, მოტივაციას არ ამცირებს?

- პირველად აუცილებლად, აქ ვუკრავთ და მერე გავდივართ. ქართველისთვის დისკის ჩუქება დიდი პატივია, მაგრამ დისკი რომ შექმნა, ამისთვის აუცილებელია, საზღვრებს მიღმა გახვიდე. ჩემი ოცნებაა, კონცერტი რომელიმე პარკში გავმართო, სადაც ხალხი მშვიდად ისეირნებს და მუსიკასაც სიამოვნებით მოუსმენს... ვფიქრობ, ხელოვნების პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს. მუსიკა ხომ თავადაა პოლიტიკა - მას შეუძლია დაამშვიდოს ან საომრად განაწყოს ადამიანები.

- მუსიკალური მიმდინარეობიდან არასოდეს გადაგიხვევიათ?

- ჯგუფის კომპოზიტორის - სოსო კაპანაძის წყალობით გვაქვს საშუალება, ჩარჩოში არ ვიყოთ. ჩვენს მუსიკაში გარკვეული დოზით არის: როკი, ჯაზი, ფოლკი; ზოგჯერ თანამედროვე ჰიპ-ჰოპის რითმები ცოცხალ შესრულებაში გადმოგვაქვს ანუ რასაც დიჯეები აპარატურით აკეთებენ, ჩვენ ცოცხლად ვასრულებთ.

- კინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრეთ. ბოლო დროს ქართული კინო "ამოძრავდა", ფილმებს იღებენ... თქვენც ხომ არ გეგმავთ ამ სფეროში ძალების მოსინჯვას?

- როცა 2004 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე, მხოლოდ ქორწილებს იღებდნენ. სხვადასხვა დროს, 2013 წლამდე, ბოლნისისა და რუსთავის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. პარალელურად, თეატრალურ სარდაფში ჩემი სპექტაკლი იდგმებოდა. მოგვიანებით, რუსთავში თეატრი გავხსენით. მივხვდი, რომ აზროვნებით კინოში ვიყავი - თეატრში კინოს ვდგამდი და რაც მთავარია, ეს ძალიან მოსწონდა მაყურებელს. როცა ირგვლივ უამრავი სოციალური პრობლემა იყო, წარმოიდგინეთ, სპექტაკლები ანშლაგით მიმდინარეობდა. კლასიკურ თეატრებს ერთი რამ ახასიათებს: რეპერტუარი თითქოს, ჩარჩოშია მოქცეული; მაყურებელს სხვა რამ სურს, ისინი კი სულ სხვა რამეს სთავაზობენ. "ღვაწლმოსილი" არტისტები მიიჩნევენ, რომ წესია ასეთი და ამის გამო ჩამოვშორდი თეატრს... რაც შეეხება კინოს: ძალიან მიხარია, რომ ეს საქმე წინ მიდის. თუმცა, მაინც მგონია, რომ "ჩემი კინოს" დრო ჯერ არ დამდგარა. მინდა, ფილმი ბერი არსენის ცხოვრების შესახებ გადავიღო. მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ მუსიკას ვემსახურები, ეს არის ჩემი თეატრიც და კინოც; მასში დრამატურგიული ხაზიც არის და სიუჟეტური განვითარებაც. სიმღერისას თვალს რომ ვხუჭავ, ნამღერს კადრებიც თან სდევს. მუსიკა ჩემი შვილია, კინო და თეატრი ჯერ შორეული ნათესავები არიან...

- თქვენი მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. უარყოფითი დამოკიდებულებაც გიგრძნიათ?

- მუსიკაში - არასოდეს, თეატრში კი ძალიან მძაფრად. ჯერ სპექტაკლი არ მქონდა დადგმული, როცა ამბობდნენ, - არ ვარგაო. ეს ღალატია! როცა ვმღერი, ვიცი, უფალი ჩემ გვერდითაა და ჩემი პირადი წმინდანებიც იქვე არიან. გნებავთ, შამანი დამარქვით, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასეა! ეს მხოლოდ საქმე არ არის ჩემთვის, სიმღერა ჩემთვის ლოცვასავითაა... ჩვენს ახალ ალბომს "თავისუფალი" ჰქვია. ეს სიტყვა რომ გაყო, მიხვდები - შენში უფალი. ჰოდა, მერე იგრძნობ, როგორი ადვილია სიცივეში გათბე, სიცხეში გაგრილდე...

- თეატრზე გულდაწყვეტილი სა­­უბრობთ. როგორ ფიქრობთ, სპექტაკლებს აღარასოდეს დადგამთ?

- გადავწყვიტე, ისევ საკუთარი თეატრი გავაკეთო. რობიკო სტურუა რომ გიჟდება შენს დადგმულ სპექტაკლზე, მგონი, უფლება გაქვს, თეატრის სცენასთან შეხება გქონდეს...

- როგორც ვიცი, ძალიან მზრუნველი მამა ხარ...

- მაგარი ძიძა ვარ (იცინის). უფროსი შვილი - ნინიკო 12 წლის არის და ილიკო სუხიშვილთან ცეკვავს; პატარა, ხატია ჯერ მხოლოდ 2 წლისაა. არ ლაპარაკობს, იცის მხოლოდ სიტყვა - "ზაურა" და ყველას და ყველაფერს ასე ეძახის. არადა, ზაურა არავინ გვყავს.

- უკვე 15 წელია, დაქორწინებული ბრძანდებით. თქვენი ქორწინება რთულ პერიოდს დაემთხვა. როგორ შეძელით სირთულეებთან გამკლავება?

- ჩემი მეუღლე მერვე კლასიდან მიყვარს. რუსთავში ახალგაზრდული ფესტივალი "ეარი" ტარდებოდა. მე წამყვანი ვიყავი, ის კი სილამაზის კონკურსზე გამოდიოდა. რაც შეეხება ურთიერთობის შენარჩუნებას, - ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მეუღლის ოჯახს. მართლაც, რთული პერიოდი იყო, მაგრამ გვერდიდან არ მოგვშორებიან. საყოველთაო გაჭირვების დროს დავქორწინდით და ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. თამუნას ოჯახმა მომცა მაგალითი, თუ როგორ უნდა ამოუდგე შვილს მხარში, როცა ის ოჯახს შექმნის.

- ცოტა არ იყოს რთულია ხელოვანი მეუღლის "ატანა". როგორც ჩანს, თამუნას ბოლომდე აქვს გაცნობიერებული საკუთარი მეუღლის ფასეულობები...

- ნამდვილად ასეა! თუ ნერვიულობს, მხოლოდ მაშინ, როცა ჯგუფი შემოქმედებით უმოძრაობაშია. ჩემი ოჯახის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს: "ფულს ხომ დაუთვლელს ვიშოვით, სიკეთეს უნდა გროვება!" გამოგიტყდებით, ზოგჯერ დეპრესიულიც ვარ. ეს მაშინ ხდება, როცა ღალატს, მიტოვებას, ქვეყნის უკუღმა ტრიალს ვგრძნობ. იცით, დღესვე შეგვიძლია საზღვარგარეთ წასვლა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ იცის - მხოლოდ ამ მიწაზე შემიძლია საქმის გაკეთება.

- სამაგიეროდ, იდეა­ლური მამა ხართ და თამუნას დედობის ტვირთს უმსუბუქებთ...

- მირჩევნია, ის უფრო ხშირად გავიდეს გარეთ, არ მოაკლდეს თავისუფლება, მეგობრებთან ერთად ყოფნა. მე და ჩემი პატარა კი არ მოვიწყენთ, ერთად ვიბოდიალებთ... ეს ჩემთვის ცალკე სიამოვნებაა. დღეს მასთან ვატარებ, საღამოს კი სტუდიაში მოვდივარ და მუსიკას ვემსახურები.

- რომანტიკული ხარ?

- ალბათ ვარ. ჩვენთვის სიყვარულის დღე 15 აპრილია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დღეს ვუთხარი, - მიყვარხარ-მეთქი. მეორე წლის 15 აპრილს კი პასუხი მივიღე. ყოველ წელს ვცდილობ, ორიგინალობა გამოვიჩინო... 15 წლის თავზე მეუღლის ფანჯრებთან რომ დაუკრავ ან უნდა გაკლდეს, ან მართლა უნდა გიჟდებოდე მასზე. მგონი, მე მეორე უფრო მჭირს (იცინის).

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება