"ძიძად არავინ ამიყვანა" - რას სთხოვს ნინი შერმადინი ქართველებს

"ძიძად არავინ ამიყვანა" - რას სთხოვს ნინი შერმადინი ქართველებს

მომღერალი ნინი შერმადინი წელიწად-ნახევარია, ამერიკაში ცხოვრობს. მასთან ინტერვიუ "სკაიპის" საშუალებით ჩავწერეთ. "მიხარია, რომ აქ მოვხვდი. მომწონს ამერიკული ცხოვრების რიტმი. ბედნიერი გახლავართ იმით, რასაც მივაღწიე, მაგრამ მიღწეულით არასოდეს ვკმაყოფილდები. აქ საკუთარი თავის დამკვიდრების დიდი შანსი მაქვს", - ამბობს ნინი, რომელიც "ბროდვეიზე" სპექტაკლებში მონაწილეობს.

-  ნინი, როგორ ხარ? ამერიკულ ცხოვრებას როგორ შეეგუე?

-  აქ ძალზე საინტერესოდ ვცხოვ­რობ. უამრავ ნიჭიერ, საკუთარი საქმის პროფესიონალ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ბევრს ვსწავლობ იმისთვის, რომ მომავალში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.

-  ინგლისურ ენას კარგად ფლობ? ენის ბარიერი ხომ არ გაქვს?

-  ინგლისური ვიცოდი, ამ მხრივ პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ ვაღიარებ, ის ცოდნა, რაც მქონდა, ზღვაში წვეთი იყო... აქ თითქოს უფრო იოლია ყველაფერი. რაც მთავარია, საკუთარი თავის რეალიზება შეგიძლია. დამოუკიდებელი ხარ და გაქვს რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია.

-  რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ცხოვრობ?

-  1 წელი და 6 თვეა, აქ ვარ, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლას ყოველ 3 თვეში ერთხელ ვახერხებ და ჩემს საქმეს მანდაც ვაკეთებ.

-  შვილი დედასთან გყავს დატოვებული?

-  კი, ჩემს შვილს დედაჩემი უვლის.

-  რომელ შტატში ცხოვრობ?

-  ნიუ-იორკში ვცხოვრობ და აქვე ვმუშაობ. ნიუ-ჯერსიში კი ვსწავლობ, მასტერკლასებს გავდივარ. ძირითადად, ამ ორ შტატში მიწევს საქმიანობა.

ძირითადად, საქველმოქმედო კონცერტებზე გამოვდივარ, ქართველი და რუსი ემიგრანტებისთვის ვმღერი. მათ ძალიან სიამოვნებთ, როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ.

-  ამერიკაში უამრავი ქართველი ცხოვრობს. ხშირად ახერხებთ შეკრებას?

-  გეთანხმები, აქ უამრავი ქართველია და ბევრი მეგობარიც შევიძინე. მიხარია, რომ ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდები ქართველობას ინარჩუნებენ. გამიმართლა, რომ ჩემ ირგვლივ ამდენი კარგი ადამიანია. ისე, ამ მხრივ ყოველთვის მიმართლებდა: ღვთის წყალობით, მუდამ კარგი ხალხის გარემოცვაში ვხვდები. მერწმუნეთ, როცა იცი, რომ შენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შენი წარმატება უხარიათ და არც გაჭირვებაში მიგატოვებენ, ამ­აზე დიდი ბედნიერება არაფერია.

-  ამერიკაში ახალჩასულს საკუთარი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდა? თავის დამკვიდრება ძნელი არ იყო?

-  რა თქმა უნდა, გამიჭირდა. პირველ დღეებში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. სხვათა შორის, როგორც შემდეგ გავიგე, ასეთი რამ ყველას ემართება.

-  საზღვარგარეთ გამგზავრება რამ გადაგაწყვეტინა?

-  ყოველთვის მქონდა სურვილი, დიდი წარმატებისთვის მიმეღწია, საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა, რაც საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა. ამერიკაში ჩემი გამომგზავრება სოსო თოლორაიას დამსახურებაა. აქ მან ჩამომიყვანა და მხარში ამომიდგა. ბევრმა ჩემთვის უცხო ადამიანმაც გამომიწოდა დახმარების ხელი. მათ პატივისცემას ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან, მათ ამაგს არასოდეს დავივიწყებ.

-  იმ დროის მანძილზე, რაც ამერიკაში ხარ, გქონდა თუ არა კრიზისული პერიოდი?

-  რა თქმა უნდა, მქონდა როგორც სულიერი, ისე მატერიალური კრიზისის პერიოდი. როცა დედა 5 წლის შვილს ტოვებ და საზღვარგარეთ მიდიხარ, არ შეიძლება, სულიერი ტკივილი არ განიცადო. რაც შეეხება მატერიალურ კრიზისს: როცა ამერიკაში გამომგზავრება გადავწყვიტე, მეგონა, აქ ჩამოსულ ნინი შერმადინს წითელ ხალიჩებს დაუგებდნენ და ყველაფერი ზღაპარივით აეწყობოდა... თუმცა, ასე არ მოხდა. აქ ნინი შერმადინი არავინ არის. ვარ უბრალო, რიგითი მოქალაქე, რომელმაც თავის დასამკვიდრებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა, რათა მეშოვა ის თანხა, რაც სწავლისთვის დამჭირდებოდა, რადგან სპონსორი არ მყავდა.

-  სამუშაო იშოვე?

-  გადავწყვიტე, მემუშავა ძიძად ან ბარში - მიმტანად; თანახმა ვიყავი, მოხუცისთვისაც მომევლო. მიუხედავად ჩემი ასეთი მონდომებისა, სამსახური ვერ ვიშოვე.

-  რატომ, ძიძად შენი აყვანა არავის უნდოდა?

-  დიახ, მიწუნებდნენ. ამბობდნენ, - ახალგაზრდა და ლამაზი ძიძა არ გვინდაო. მოხუცის მომვლელად უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ მართვის მოწმობა მომთხოვეს. სამწუხაროდ, ავტომობილის ტარება არ ვიცი და ეს სამსახური ამიტომ დავკარგე... მოკლედ, იმედი გადამეწურა. დედას ყოველდღე ვურეკავდი და ვეწუწუნებოდი, - არაფერი გამომდის, საერთოდ რატომ წამოვედი, აქ ძიძად უნდა ვიმუშაო-მეთქი? ამ რთულ პერიოდში სწორედ დედამ შეძლო, აზრზე მოვეყვანე. გაბრაზებულმა მითხრა: - შენი თავი ვინ გგონიაო?! მისი ეს ნათქვამი სახეში სილის გაწნის ტოლფასი იყო და ცოტა არ იყოს, გამომაფხიზლა. მეგონა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ მქონდა. არადა, თურმე, მქონია. დედის სიტყვებმა მიმახვედრა, რომ ნინი შერმადინზე უფრო მეტად დაფასებული ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ოჯახებში ძიძად და დამლაგებლად მუშაობენ. მოკლედ, აქ ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრებისეული რაღაცების გადაფასება შევძელი.

-  ამის შემდეგ აღმოჩნდი "ბროდვეიზე", ერთ-ერთი სპექტაკლის კასტინგზე, არა?

-  დიახ და კასტინგზე გასულმა წარ­მატ­ებას მივაღწიე. მერე ერთ-ერთ თეატრში სტუდენტურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ "ჯიბსი კინგთან" ერთად ვიმღერებდი. სხვათა შორის, მასთან ერთად 4 სიმღერა ჩავწერე და კონცერტებზე ერთად გამოვდიოდით.

-  ამ ყველაფერში ალბათ, შესაბამის ანაზღაურებას იღებდი.

-  არა, თანხას არაფერში მიხდიან, რადგან ბიზნესვიზა მაქვს და ეს ყველაფერი ჩემთვის მასტერკლასია.

-  ანუ ამ ეტაპზე საკუთარი შემოსავალი არ გაქვს?

-  როგორ არა! სპექტაკლებში მონაწილეობა ჩემთვის მატერიალურად ხელსაყრელი არ არის, მაგრამ თავისუფალ დროს რესტორანში ვმღერი, სადაც ნორმალურ თანხას მიხდიან. ისე, ცნობისთვის, მატერიალურად ჩემი ძმა მეხმარება. ასევე, მყავს მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს კონცერტებზე ჩემს გამოსვლას, ჩაწერებს და ა.შ.

-  თავისუფალ დროს რას აკეთებ, როგორ ერთობი?

-  ის საქმე, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის გართობაც არის. სიმღერა ჩემი პროფესიაც არის და ჰობიც; შესაბამისად, ყველაზე მეტად, ამ საქმით ვერთობი და ვსუნთქავ კიდეც. რომ გითხრა, - კლუბებში სიარული მიყვარს-მეთქი, მოგატყუებ. თავისუფალ დროს მეგობრებს ვხვდები და ერთად ხან სად მივდივართ, ხან - სად.

-  ამერიკაში მეგობრებთან ერთად ცხოვრობ თუ მარტო?

-  აქ ქართველ მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ.

-  შენი შვილი როგორ ეგუება იმ ამბავს, რომ დედას მხოლოდ "სკაიპის" საშუალებით ხედავს, გეკონტაქტება?

-  ძალიან ვენატრები და ხშირად ვლაპარაკობთ ინტერნეტით. მან იცის, რომ აქ საქმე მაქვს და დიდი მოთმინებით მელოდება. რაღაცებს მთხოვს ხოლმე. დარწმუნებულია, რომ რასაც შევპირდები, იმას აუცილებლად ჩავუტან.

-  ძირითადად, რას გთხოვს ხოლმე?

-  პრინცესას კაბებს. პრინცესობა მოსწონს და რა ქნას (იცინის)?!

-  შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? ერთ-ერთ ჟურნალში ეწერა: - "ნინიმ იპოვა მამაკაცი, რომელიც ამერიკულ ოცნებას აუხდენს". ვის გულისხმობდნენ?

-  ვაიმე, გავგიჟდი, რას არ მოიგონებენ... ის კაცი, ვისზეც ეს მასალა დაიბეჭდა, ჩემი მენეჯერია, რომელსაც ცოლიც ჰყავს და შვილებიც. მის ოჯახთან ახლო ურთიერთობა მაქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი მენეჯერი იტალიელია, იტალიელებისთვის კი ოჯახი ყველაზე ძვირფასი რამ არის... მივმართავ ქართველებს: გეყოთ ჩემი ლანძღვა! დიდი ხანი უარს ვამბობდი ინტერვიუებზე. რატომღაც მეგონა, რომ ლაპარაკი არ ვიცოდი, რადგან ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა სხვანაირად იწერებოდა. ჰოდა, რა არ მომიგონეს: ნინი შერმადინი "კაიფობსო"; ნინიმ გვარი იმიტომ შეიცვალა, რომ "ვიღაც" ჰყავსო და ა.შ. ხალხნო, არ არის საჭირო ამდენი ჭორი. ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ, მაგრამ - "ნინი "კაიფში", ასეთი რამ არ არსებობს. თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ გული მწყდება.

-  გვარი მართლა შეიცვალე?

-  ნინი დე როსი - აქ კონცერტებზე ამ ფსევდონიმით გამოვდივარ... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გული ბევრჯერ მატკინეს, ჩემი სამშობლო მაინც მიყვარს. რა არ მიძახეს, როგორ არ მლანძღეს, მაგრამ ჩემი გული მაინც მანდ არის. ერთი თხოვნა მაქვს: ჩემზე ცუდს ნუ ლაპარაკობთ, მე ხომ არავის არაფერს გიშავებთ.

-  ამჟამად შენი გული თავისუფალია?

-  შეყვარებული არ მყავს. ამჟამად პირადი ცხოვრებისთვის არ მცალია. მხოლოდ კარიერის აწყობაზე ვფიქრობ და სხვა არაფერი მაინტერესებს. მინდა, ჩემს შვილს კარგი მომავალი შევუქმნა. დიდი სურვილი მაქვს, ჰქონდეს ყველაფერი, რაც მე არ მქონდა. თუ გამიმართლა და ყველაფერი ისე აეწყო, როგორც ჩაფიქრებული მაქვს, მაშინ მერწმუნეთ, ყველა ქართველ ნიჭიერ ბავშვს დავეხმარები საკუთარი თავის რეალიზებაში.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება