თინა მახარაძის ბიზნესი, პირველი ჰონორარი და "თამამი აზრები"

თინა მახარაძის ბიზნესი, პირველი ჰონორარი და "თამამი აზრები"

ის საზოგადოებამ უბრალო, გულღია და საქმიანი თამუნა ჭელიძის როლით გაიცნო, სერიალიდან - "გოგონა გარეუბნიდან". სერიალში მუშაობის დასრულების შემდეგ, მსახიობ თინა მახარაძეს თავისუფალი დრო უქმად არ დაუკარგავს - საკუთარი ბიზნესი წამოიწყო... ასევე, ფრანგ რეჟისორთან, ვენსან მუნთან ითანამშრომლა, ახლახან კი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ანკას როლით გამოჩნდა.

-  საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა როგორ გაგიჩნდა?

-  ბიზნესზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ხატვა ძალიან მიყვარს და ხშირად ვხატავდი. თავისუფალ დროს ჩემს გატაცებას ვუთმობდი. გადავწყვიტე, რაღაცები ტანსაცმელზე დამეხატა: ჯერ ერთი, არ მომწონს ნახატი, რომელსაც ვერაფერში ვიყენებ და კედელზე უფუნქციოდ კიდია და მეორეც: სულ ტანსაცმლის შერჩევის პრობლემა მქონდა, რის გამოც "ძონძებში" დავდიოდი, საჭირო ნივთებს მშრალ ხიდზე ვყიდულობდი... გადავწყვიტე, ისეთი სამოსი შემექმნა, რომელსაც უპირველს ყოვლისა, თავად ჩავიცვამდი. გამიხარდა, რომ რაც მე მომწონს, ბევრი ადამიანისთვისაც მოსაწონი აღმოჩნდა: ჩემი სახელოსნო "მემე - არტისანია" თბილისში ძალზე პოპულარულია. ჩვენი შექმნილი სამოსი ბევრს აცვია და ეამა­ყება. ასევე, სამკაულებზეც - "მემეს ვერცხლის სიტყვები" - ვმუშაობთ.

-  სახელოსნოს შექმნამდე ბიზნესის საწარმოებლად კონსულტაცია თუ გაიარე...

-  ჩემი მთავარი კონსულტანტი ჩემი შეყვარებული - გიორგია, რომელიც საუკეთესო ბიზნესმენი გახლავთ.

-  თანამშრომლები როგორ შეკრიბე?

-  თავდაპირველად, მე და ჩემი უახლოესი მეგობარი - მარიკა (ვენდი) ვმუშაობდით. შემდეგ ტალინში, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, არაჩვეულებრივ მხატვარს - ზურა მჭედლიშვილს შევხვდი. მისი ხელწერა, სტილი, პერსონაჟები ძალიან მომეწონა და ჩემს სახელოსნოში მოსვლა შევთავაზე. უკვე ლინოგრავიურის "ხაზზე" ერთად ვმუშაობთ. ლინოგრავიურა უძველესი ტექნოლოგიაა, რომელსაც ბევრი მხატ­ვარი იყენებს, მაგრამ ტანსაცმელზე არავის მოუსინჯავს - ეს პირველად ჩვენ გავაკეთეთ და ამაში ზურას დიდი წვლილი მიუძღვის... მერე ახალი მხატვარი - ვირტუოზი სოფო კირთაძე შემოგვემატა, რომელიც დღეს უკვე ზურას ცოლია (იღიმის).

-  მკაცრი ხელმძღვანელი ხარ?

-  ძალიან ემოციური ვარ. საწყის ეტაპზე მკაცრი არ ვარ, მაგრამ ერთი დეტალიც რომ არ გამოვიდეს ისეთი, როგორც მინდა, პანიკაში ვვარდები: არ ვყვირი, არ ვჩხუბობ, მაგრამ აქეთ-იქით ისტერიულად დავდივარ და გაუჩერებლად დირექტივებს ვიძლევი. როცა რაღაც მომწონს, ამასაც ემოციურად გამოვხატავ: დავხტივარ და ტაშს ვუკრავ, - რა მაგარია-მეთქი!.. ჩემი ემოციურობისა და იმპულსურობის გამო, ცოტათი რთული ასატანი ვარ, მაგრამ მთავარია, რომ თანამშრომლებს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

-  მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?

-  მატერიალურად დამოუკიდებელი დაახლოებით, მეათე კლასიდან ვარ, მაგრამ მუშაობა გაცილებით ადრე დავიწყე: 6 წლის ვიყავი, როცა ქვემო ქართლის ტელევიზიაში გადაცემა მიმყავდა. ინტერვიუებს იმ ადამიანებისგან ვიღებდი, ვისაც ბავშვებისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდათ გაკეთებული (იცინის). ახლა მეცინება, თორემ საკმაოდ საინტერესო გადაცემა იყო. 6 წლის მეტიჩარა, გამაღიზიანებელი ბავშვი არ ვყოფილვარ - საქმეს თავი საკმაოდ კარგად გავართვი... 11 წლის ვიყავი, როცა რუსთავის თეატრში ერთ-ერთ როლზე დამამტკიცეს და მას მერე რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე... პირველი ჰონორარი მეათე კლასში ყოფნისას ავიღე: ერთ-ერთმა კომპანიამ სცენარების კონკურსი გამოაცხადა. გონებაში სცენარის იდეა შევიმუშავე, სკოლაში ბოლო 2 გაკვეთილი გავაცდინე და კომპანიის ოფისში წავედი. თავდაპირველად, დაცვის თანამშრომელი ოფისში არ მიშვებდა, მაგრამ ავუხსენი, რომ იქ მნიშვნელოვანი საქმის გამო მივედი. ოფისში დარეკეს. კომპანიის წარმომადგენლებს გაეცინათ და შემიშვეს. მათ ვუთხარი: ვიდრე სცენარის შესახებ მოგიყვებით, გეტყვით - სწორედ ჩემი სცენარი რატომ უნდა შეარჩიოთ-მეთქი. ბევრი რომ ვილაპარაკე, მითხრეს: გოგონა, თუ შეიძლება, დედათქვენი მოიყვანეთო. დედა მივიყვანე. - გილოცავთ, არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, მისმა სცენარმა გაიმარჯვაო! - უთხრეს. ჰოდა, პირველი ჰონორარი სწორედ მაშინ ავიღე. შემდეგ სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი, მაგრამ სტაბილური შემოსავალი პირველ კურსზე გამიჩნდა, როცა ერთ-ერთი მობილური კომპანიის მუსიკალური გადაცემის წამყვანად შემარჩიეს.

-  შენი პროფესიიდან რადიკალურად განსხვავებულ სფეროში თუ გიმუშავია?

-  ბევრი რამ მაინტერესებს და მე­ხერხება. ჩემთვის რადიკალურად განსხვავებული არაფერია, რადგან მგონია, რომ თუ მოვინდომებ, ყველაფერს წარმატებით გავართმევ თავს. ერთადერთი, ვერ წარმომიდგენია, ბანკში როგორ უნდა ვიმუშაო? ჩემი და ბანკშია დასაქმებული და სულ მიკვირს, იქ რას აკეთებს? "ტექნიკურ" საქმეებთან დიდად ვერ "ვმეგობრობ", მაგრამ თუ მომინდება, ვფიქრობ, ამასაც შევძლებ!

-  "ციფრებთან მეგობრობა" ხომ ბიზნესისთვის აუცილებელია?

-  ჰო, მაგრამ მე მხოლოდ კრეატიულ მხარეს ვუზრუნველვყოფ - იდეოლოგიას ვაყალიბებ, დანარჩენზე სხვები ზრუნავენ.

-  ერთ-ერთ ინტერვიუში, 17 მაისის ამბებთან, ასევე - ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასთან დაკავშირებით შენი ნათქვამი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა. ხუმრობდნენ კიდეც: ინტერვიუ "ფორმულა კრეატივისთვის" "სივიში" ჩადებულ სამოტივაციო წერილს ჰგავსო...

-  ეს არ ვიცოდი, საინტერესოა (იღიმის). ეს ინტერვიუ რომ ჩაიწერა, 2 კვირის შემდეგ "ფორმულა კრეატივი" დამიკავშირდა, კონტრაქტი გავაფორმეთ და ინტერვიუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდა... ვფიქრობ, სოციალური ქსელი ყველაზე საინტერესო "სივია" იმის დასადგენად, თუ ვინ არის კონკრეტული პიროვნება, რას აკეთებს, რამდენად "აზრზე მოსულია" და ა.შ. საქართველოში ყველამ ყველაზე და ყველაფერი ძალიან კარგად იცის. სავა­რაუდოდ, სერიალისთვის ჩემი გარეგნობისა და მსახიობის ოსტატობის გათვალისწინებით ამირჩიეს. თუმცა, "ფორმულა კრეატივი" ალბათ, საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომლის მსოფლმხედველობა ჩემსას აბსოლუტურად ემთხვევა. ფაქტობრივად, როლის შესრულებას ამიტომაც დავთანხმდი; მანამდე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სერიალში მონაწილეობა აღარ მიმეღო: საზღვარგარეთ ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი. ცხადია, კიდევ გავემგზავრები, მაგრამ წასვლა დროებით გადავდე - ის საქმე მოიცდის, "ჩემი ცოლის დაქალები" კი ძალიან მომწონს...

-  შენი აზრით, დასაქმების მოსურნე ადამიანმა დამსაქმებელზე შთაბეჭდილება როგორ უნდა მოახდინოს?

-  ვფიქრობ, ეს ორმხრივად უნდა მოხდეს: არა მარტო დამსაქმებელს უნდა მოვეწონო, არამედ - ის მეც უნდა მომეწონოს. "ფორმულა კრეატივთან" თანამშრომლობას რაც შეეხება, ერთმანეთი ორივეს მოგვწონს. ეს ის შემთხვევა იყო, როცა აბსოლუტურად "გახსნილები" ვიყავით, ერთმანეთთან თავისუფლად ვილაპარაკეთ და ერთმანეთი ზუსტად იმიტომ ავირჩიეთ, რომ ის ვართ, ვინც ვართ!.. ვიდრე ადამიანი სამსახურის ძებნას დაიწყებს, კარგად უნდა გააცნობიეროს, რა სურს? ნამდვილად უნდა თუ არა იქ მუშაობა, სადაც მიდის? აუცილებლად ბევრი უნდა იკითხონ, ფილმები ნახონ, კარგ მუსიკას მოუსმინონ, რომ თვალსაწიერი გაუფართოვდეთ და გონებაჩაკეტილები არ იყვნენ. მაგალითად, ჩემთან, სახელოსნოში რაც უნდა კარგი მხატვარი მოვიდეს, თუ მეტყვის, - გარყვნილებაა, რომ ადამიანს ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდაო, სამსახურში არ მივიღებ. ვფიქრობ, მსგავსი მსოფლმხედველობა ჯანსაღ აზროვნებას მოკლებულია.

-  ...ანუ თავისი საქმის პროფესიონალი რომ იყოს, მაგრამ ზოგადად, თქვენი მსოფლმხედველობა არ ემთხვეოდეს, სამსახურში არ მიიღებ?

-  ეგეც საინტერესო შეკითხვაა, რადგან ასეთი შემთხვევა გვქონდა: ამერიკელი ტურისტი თბილისის დასათვალიერებლად წავიყვანეთ. ჩემმა შეყვარებულმა ვუდი ალენი ახსენა, მას კი წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ეს ადამიანი. სამაგიეროდ, თავისი საქმე იცოდა კარგად - ელექტრიკოსი იყო. საქართველოში "ტაქსის მძღოლებს" 2 უმაღლესი სასწავლებელი აქვთ დამთავრებული, მაგრამ მაგალითად, აბაკელიას ქუჩა სად არის, არ იციან. არადა, მათი პროფესიული მოვალეობაა, ყველა ქუჩა იცოდნენ. უპირველეს ყოვლისა, ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, მაგრამ ამას ზოგადი განათლებაც თუ დაემატება, კარგია... თუკი ჩვენი მსოფლმხედველობა არ დაემთხვევა, ადამიანს სამსახურში არ ავიყვან: ჩემი საქმიანობა ბოლომდე მენტალობის "ღიაობაზეა" დამყარებული. შესაბამისად, ისეთი მსახიობის და ზოგადად, ხელოვანის ნამუშევრის ღირებულების არ მწამს, რომელსაც მენტალიტეტი "დახშული" აქვს.

-  საერთოდ, ისეთი მსახიობის შემოქმედებას როგორ აფასებ, რომლის მსოფლმხედველობასაც არ ეთანხმები?

-  სამსახიობო სფეროში ბევრთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს: თეატრში, პრემიერის მერე, ფოიეში დიდხანს არ ვრჩები, რომ სიგარეტი მოვწიო, ბევრმა ადამიანმა დამინახოს და ერთმანეთის სუნამო ვყნოსოთ. შინ მალე მივდივარ, რადგან უსაქმური არ ვარ. შესაბამისად, დიდად გაცნობიერებული არ ვარ, ვინ როგორ აზროვნებს. შეიძლება, მსახიობი კარგად თამაშობდეს, მაგრამ მისი ლოგინი და სამზარეულო როგორია, ეს აბსოლუტურად არ მეხება. თუმცა, იყო შემთხვევა, როცა მსახიობის მიერ შესრულებული უარყოფითი როლი ძალიან მომეწონა, მაგრამ შემდეგ, ამ მსახიობთან ინტერვიუ მოვისმინე, რომელშიც თავისი გმირის კულტივირება მოახდინა - პერსონაჟს დაეთანხმა. ასეთ დროს მსახიობის მიმართ გული მიცრუვდება.

-  საზოგადოებამ თამუნა ჭელიძის როლით გაგიცნო და შეგიყვარა. ხომ არ ფიქრობ, რომ შენი "თამამი" განცხადებების გამო მაყურებლებს დაკარგავ?

-  ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ (იცინის). მგონი დროა, საქართველოში ადამიანებმა რაღაცები ისე აკეთონ, რომ არ იფიქრონ, - კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში რას იტყვიან მასზე სხვები. თუკი მაყურებელს ჩემი განსახიერებული როლი მოსწონს, მაგრამ ფილმს მაინც არ უყურებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვთქვათ, ერთი და იგივე მამაო არ გვყავს, მაშინ დასაკარგი უნდა დაიკარგოს! ყველაფერს გავაკეთებ, რომ გემოვნებიანი მაყურებლისთვის საყვარელ მსახიობად ჩამოვყალიბდე.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება