ვინ უწევს სპონსორობას ჯანეტ ქერდიყოშვილს

ვინ უწევს სპონსორობას ჯანეტ ქერდიყოშვილს

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი დიდი ხანია, ევროპაშია, სადაც სამკურნალოდ გაემგზავრა. მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით და ცხადია, პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით. როგორც ჯანეტმა გვითხრა, ის უკვე გამოჯანმრთელდა. ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის და 2-3 თვეში საქართველოში დაბრუნებას შეძლებს.

- ამჯერად რუბრიკაში, "ფულის გემო" უნდა ჩაგწეროთ. მაინტერესებს, ფულს შენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს?

- ფული ქაღალდია, რომელიც ჩემთვის თავისუფლებასთან, სიამაყესა და სიძლიერესთან ასოცირდება. ფული იმდენად "ძლიერი" რამ არის, რომ ხშირად, ადამიანები მის ტყვეობაში ექცევიან. მიმაჩნია, რომ ზოგიერთს სიმდიდრე ადამიანურ თვისებებს აკარგვინებს, ასეთები კი დასაღუპად არიან განწირულები. მოკლედ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მივალთ დასკვნამდე: ფული ადამიანს მართავს!

- ამბობენ, რომ ფულს "კარგი გემო" აქვს. ამ აზრს ეთანხმები?

- ფულს ჩემთვის გემო არ აქვს, მაგრამ მის გარეშე უბრალოდ, ვერ იცხოვრებ. ის განაპირობებს, ცხოვრება შენთვის როგორი იქნება. ბევრს ფულის დაგროვება აქვს მიზნად დასახული და ნაშოვნ თანხას საკუთარი კეთილდღეობისთვისაც არ ხარჯავს, რაც პირადად ჩემთვის, მიუღებელია.

- ფულის შეგროვება არ გიყვარს?

- საბედნიეროდ, მშობლები ბავ­შვობიდან მაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ჯიბის ფული მქონოდა. ფულის ყადრიც სწორედ პატარაობისას ვისწავლე, მისი უაზროდ ხარჯვა არასდროს მიყვარდა. აქედან გამომდინარე, ფულთან "მეგობრობა" კარგად გამომდის. ვფიქრობ, საკუთარი შრომით მოპოვებული თანხა ყველაზე გემრიელია. ვინც ამის ფასი იცის, ის ფულს არამიზნობრივად უბრალოდ, ვერ დახარჯავს.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- მატერიალურად ბოლომდე დამოუკიდებელი ჯერ კიდევ არ ვარ, ჩემი ძირითადი სპონსორი მამა გახლავთ. ვფიქრობ, როცა გავთხოვდები და საკუთარი ოჯახი მექნება, მერე უკვე მეუღლეზე ვიქნები დამოკიდებული.

- ანუ ფიქრობ, იმდენი შემოსავალი არასოდეს გექნება, რომ სხვისი დახმარება არ დაგჭირდეს?

- არა, ეს არ მიგულისხმია. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ოჯახი მატერიალურად კაცმა უნდა გააძლიეროს; ამ მხრივ მას ქალი არ უნდა ჩაგრავდეს.

- თუ გახსოვს, პირველი ჰონორარი როდის აიღე და რაში დახარჯე?

- თუ არ ვცდები, პირველი ჰონორარი - 150 დოლარი 16-17 წლის ასაკში ავიღე. მაშინ რომელიღაც ჟურნალისთვის გადამიღეს. გამიგონია: კარგია, თუ პირველ ხელფასს ოჯახს მოახმარო. ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, ოჯახის წევრებს რომ ვასიამოვნე: დედას ულამაზესი ყვავილების თაიგული, ოჯახის სხვა წევრებს კი ტორტი და ტკბილეული მივართვი.

- ფულის ხარჯვა რაში გიყვარს?

- შემიძლია, ბოლო "კაპიკებით" ფეხსაცმელი შევიძინო. ამაში ფული არასდროს დამენანება.

- უპირატესობას ბრენდულ სამოსს ანიჭებ თუ შეიძლება, იაფფასიანმა სამოსმაც მოგჭრას თვალი?

- ძირითადად, ბრენდული ტანსაცმლით ვიმოსები. თუმცა შემიძლია, ასეთ სამოსს იაფფასიანიც არაჩვეულებრივად შევუხამო.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ შეგიძლია?

- ამის დიდი ნიჭი მაქვს. ასე რომ, მომავალი მეუღლე მდიდარი იქნება თუ ღარიბი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფულის განაწილებას თავს კარგად გავართმევ (იღიმის).

- შესაძლებელია, რომ უფულო მამაკაცი შეგიყვარდეს?

- ამაში შეუძლებელი არაფერია! მთავარია, ადამიანში ის პოტენციალი დავინახო, რაც ცხოვ­რებაში თავის გატანისთვის არის საჭირო და აუცილებელი. თუ დასჭირდება, მომავალ მეორე ნახევარს მეც ამოვუდგები მხარში და დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ. ჩემი აზრით, ასეთი ცხოვ­რება უფრო "გემრიელი" იქნება.

- გარდა სამოსისა, კიდევ რაში ხარჯავ ბევრ ფულს?

- ძალიან მიყვარს ანტიკვარული ნივთები და როცა უცხოეთში ვარ, ყოველთვის ვახერხებ რაიმე საოჯახო ნივთის შეძენას.

- საფულე რამდენად მნიშვნელოვანი აქსესუარია შენთვის?

- საფულე ჩემთვის მართლაც, მნიშვნელოვანი აქსესუარია. ყველაზე ძვირად ღირებული "პრადას" საფულე მაქვს, რომელიც დაახლოებით 1.000 ევროდ ვიყიდე. მიმაჩნია, რომ ადამიანს ერთი საფულე უნდა ჰქონდეს. გამიგონია, - თუ საფულეს მიეფერები, დაელაპარაკები, ბარაქას მოგიტანსო. თუმცა, თავად ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია და არ ვიცი, ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა.

- ოდესმე ფული თუ გისესხებია?

- ფულის სესხება არასოდეს დამჭირვებია. ხანდახან მამაჩემს ხუმრობით ვეუბნები, - მამა, ხვალამდე ფული მასესხე-მეთქი და როგორც წესი, "ხვალ" უსასრულობას ნიშნავს (იცინის).

- შენ თუ გაგისესხებია თანხა?

- მსგავსი ფაქტი არ მახსენდება. ისე, თუ ფული მაქვს და რომელიმე ჩემს მეგობარს დახმარება დასჭირდება, უკან არ დავიხევ.

- განვადებით თუ შეგიძენია რაიმე ნივთი?

- განვადებით მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე. მინდოდა, ძმისთვის მობილური ტელეფონი მეჩუქებინა და გადავწყვიტე, განვადებით გამომეტანა. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ძმის გახარება შევძელი.

- საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება გიყვარს, არა?

- სხვათა შორის, საჩუქრების გაკეთება უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე მიღება. ვცდილობ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უყურადღებოდ არ დავტოვო. ძალიან მომწონს საჩუქრის არჩევის პროცესი და მერე - ბედნიერი სახეების ცქერა. ამქვეყნად ერთხელ ვცხოვრობთ და უნდა ვეცადოთ, ეს დრო მაქსიმალურად სასიამოვნოდ გამოვიყენოთ. ფული იმიტომ არსებობს, რომ დავხარჯოთ და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გავახაროთ.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- ყულაბა არასოდეს მქონია. მახსოვს, ბავშვობაში ფულს წიგნებში ვინახავდი. წიგნი ჩემი ყულაბაც იყო და საფულეც (იცინის).

- ჯანეტ, როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ფულმა ბედნიერება მოგიტანოს?

- ფულმა შეიძლება მოგიტანოს კომფორტი, მაგრამ არა - სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება. ბევრი ისეთი მდიდარი ადამიანი არსებობს ამქვეყნად, რომელმაც არ იცის, რა არის ბედნიერება. ბედნიერება კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, რისი ყიდვაც ფულით შეუძლებელია.

- შენი აზრით, რა თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა თვიდან თვემდე ნორმალურად იცხოვროს?

- საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში ცხოვრება ძვირიც არის და რთულიც. ისე, გააჩნია, სად და რომელ ქვეყანაში ცხოვრობ, სოციალურად რომელ ფენას მიეკუთვნები. ვისთვის 500 ლარია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანურად იცხოვროს, ვისთვის კი 5.000 ლარიც ცოტაა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება