გიორგი ვან დე კამპი - ასე გაგვეცნო ფოტოხელოვანი, რომელიც ჩვენი რუბრიკისთვის ჩავწერეთ. ბრი ვან დე კამპი მისი საყვარელი პერსონაჟია სერიალიდან "სასოწარკვეთილი დიასახლისები". ერთ დღეს სოციალურ ქსელში საკუთარი გვარი ვან დე კამპით შეცვალა და იმის შემდეგ თავადაც შეეჩვია და მეგობრებიც. ფოტოების გადაღება ორი თვის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც პროფესიონალური ფოტოაპარატი შეიძინა. მანამდე იყო დიზაინი, "ჰენდ მეიდი", ვიდეომონტაჟი, თუმცა საკუთარი თავი ყველაზე კარგად ფოტოგრაფიაში იპოვა. გიორგი ერთ-ერთი გამონაკლისია ახალგაზრდა ქართველ ბიჭებს შორის, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრობს. ერთ-ერთ კაფეში მუშაობს და დიდი გეგმები აქვს. გადაღებულ ფოტოებს ორიგინალური სახით არასოდეს აწვდის მნახველს. მოსწონს, როდესაც დეტალებს უკვე საკუთარ კომპიუტერში ამატებს და სწორედ ამიტომ არის, რომ მისი გმირებიდან ზოგი დაფრინავს, ზოგსაც შეიძლება პირით ადამიანის თვალი ეჭიროს.
- 24 წლის ვარ, თბილისში ერთ-ერთ კაფეში ვმუშაობ. ჯერჯერობით სერიოზული არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში. მარტო ვცხოვრობ. სწავლა მივატოვე. აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, აღარ მომეწონა და დავანებე თავი. ბავშვობიდან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ვეპოტინებოდი, ვმუშაობდი დიზაინზე, ვხატავდი, "ჰენდ მეიდს"ვაკეთებდი. შემდეგ ვიდეოების მონტაჟზე გადავედი. საკუთარ თავს ვეძებდი. ორი თვის წინ პროფესიონალური ფოტოაპარატი შევიძინე და მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც მანამდე ვაკეთებდი, აქ შემეძლო მომექცია.
- პირველად ვინ გადაიღე?
- არ მიყვარს პორტრეტების გადაღება, ჩვეულებრივ ფოტოებს გრაფიკულად ვამუშავებ, მისტიკას ვურევ, ცოტა გლამურსაც. ნუდი ნაკლებია ჩემს შემოქმედებაში, ასეთი სულ რამდენიმე ფოტო მაქვს. ამ შემთხვევაში გოგონების დათანხმებაც რთულია. მომწონს ისეთი ფოტოები, როდესაც გოგონებს რეალურად არაფერი უჩანთ, მაგრამ მთლიანობაში მაინც ნუდის შთაბეჭდილებას ტოვებს, ფსიქოლოგიური სიშიშვლეა ასახული. ჩემი გადაღებული ფოტოებიდან განსაკუთრებულად მომწონს აბაზანის ფოტოები, როდესაც გოგონა წყალში წევს. არანაირი სამუშაო პირობები არ მქონია, მაგრამ ბოლოს კმაყოფილი დავრჩი.
იხილეთ სტატიის გაგრძელება