მკერდის გამოჩენით დაძლეული კომპლექსი

მკერდის გამოჩენით დაძლეული კომპლექსი

22 წლის მოდის ჟურნალისტი და ბლოგერი, მერსი სულხანიშვილი ცოტა ხნის წინ ქართველი საზოგადოების განსჯის ობიექტად მისი ეპატაჟური, თამამი ჩაცმულობის გამო იქცა. მერსი ტელეკომპანია "მიუზიკ ბოქსის" ეთერში უძღვება გადაცემას - "ფეშენ თაიმი" და მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოების გაოცებას იწვევს. ახლახან გამჭვირვალე ზედატანითა და თამამი განცხადებებით სხვა ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემის მაყურებელიც სახტად დატოვა.

- მერსი, ეპატაჟურად გამოჩნდი ეკრანზე. ეს თვითმიზანი იყო, რომ მაყურებლისთვის ასეთი თამამი ჩაცმულობით გაგეცნო თავი თუ გადაცემის ფორმატი მოითხოვდა?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გადაცემა არის მოდაზე და ვარ მოდის სფეროს წარმომადგენელი, მიმაჩნია, რომ ქართველ საზოგადოებას ნაწილობრივ მეც უნდა მივაწოდო ის, რასაც მსოფლიო მოდა გვთავაზობს.

- მსოფლიო მოდა მხოლოდ სიშიშვლეს ითვალისწინებს?

- არა, ჩემს ჩაცმულობას სიშიშვლედ მხოლოდ ქართველი მაყურებელი აღიქვამს. მე ვერ შევქმნი ახალ ამერიკას, ვერც ვერაფერს გამოვიგონებ თავიდან. წელს აქტუალურია სექსუალური დეტალები, მაგრამ სექსუალური დეტალი არ ნიშნავს ვულგარულ, გამომწვევ სამოსს.

- ვიდრე ტელეეკრანზე გამოჩნდებოდი, რას საქმიანობდი?

- მოდის სფეროსთან ბავშვობიდან მაქვს შეხება. ყოველთვის განსხვავებულად ვიცვამდი. ჩემი ჩაცმის სტილი ოჯახის დამსახურებაა. ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებდი გადაწყვეტილებას, რა და როგორ ჩამეცვა. პირველ დღეს სკოლაში ყველას თეთრი პერანგი რომ ეცვა, მე ველვეტის ქვედაბოლოთი და წითელი პერანგით მივედი. ის, რომ განსხვავებულად მეცვა, ბავშვებში აგრესიას იწვევდა.

- რა სახის აგრესიას იწვევდა?

- ყოველთვის ძალიან გულწრფელი ვიყავი და მიყვარდა ლაპარაკი ჩემს სამოსზე: თუ რა ბრენდი მეცვა, რა ღირებულების. ყველა მიიჩნევდა, რომ ამით "ვმარიაჟობდი". სინამდვილეში, ასე არ იყო. 90-იან წლებში პოპულარული გახლდათ ლილოს ბაზრობა. თუმცა, ჩემს მშობლებს ამ ბაზრობაზე ტანისამოსი არასდროს უყიდიათ. ყველაზე ჩვეულებრივი მაღაზია, სადაც რაიმე შემიძენია, იყო "პასაჟი".

- ამით რისი თქმა გინდა? შენი მეგობრები, კლასელები, რომლებიც ლილოს ბაზრობაზე დადიოდნენ და ტანისამოსს იქ ყიდულობდნენ, დაბალ ფენას მიეკუთვნებოდნენ?

- არა, არა. იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობიდან ოჯახმა ხარისხიანისა და უხარისხოს გარჩევა მასწავლა. ლილოში ნაყიდი უხარისხო ტანისამოსი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჯანმრთელობას ვნებს... გული მწყდება იმის გამო, რომ საზოგადოებამ ტელეეკრანიდან გამიცნო, რადგან კადრს მიღმა ბევრი კარგი რამ მაქვს გაკეთებული. ვითანამშრომლე ენციკლოპედიასთან, რომელიც მსოფლიოს 8 ქვეყანაში გამოდის - "წლის სახელები", სადაც დავწერე ავთანდილის პარიზში მოღვაწეობაზე, შევაფასე ქართული შოუბიზნესი. ამ გამოცემასთან დღემდე ვთანამშრომლობ. ვმუშაობდი ჟურნალ "ბომონდში", რაც ძალიან ღირებულია ჩემთვის. ტელევიზიაში დღეს ხარ, ხვალ - აღარ იქნები. არქივისთვის უფრო ღირებულია ის, რასაც დაწერ. ასევე, მაქვს ჩემი ბლოგი.

- ქართული შოუბიზნესი შევაფასეო, - მითხარი. როგორ აცვიათ ქართველ მომღერლებს? ამ მხრივ ვის გამოარჩევ?

- ახლახან "ოსკარების" დაჯილდოებას ვუყურე. თითქმის ყველა ვარსკვლავი უგემოვნოდ იყო შემოსილი. გემოვნებიანად ჩაცმა მარტო ბრენდზე არ არის დამოკიდებული, მთავარია, მოხდენა. ძალიან მომწონს ლელა წურწუმია. მას საკუთარი სტილი აქვს. ასევე, მომწონს კრისტი ყიფშიძე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მომწონს ნინა წკრიალაშვილის სტილი. მამაკაცებიდან კი დავასახელებ მარკუს მეტრეველს.

- მარკუსმა ახლახან "ფეისბუკზე" ცოლობა გთხოვა, ამიტომ ხომ არ მოხვდა გემოვნებიან მამაკაცთა სიაში?

- არა, ამის გამო ნამდვილად არ დამისახელებია!

- ამბობენ, რომ ქალებიც მოგწონს. ქალთან სექსი გქონია?

- (იცინის) რა თქმა უნდა, არა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ შეყვარებული, ბოიფრენდი არასდროს გყოლია...

- ასეა. ერთი-ორი დღე მომწონებია ვიღაც, მაგრამ მესამე დღეს - აღარ. ამას წინათ "პროფილში" იყო თემა - ქალიშვილობის ინსტიტუტი. მიმაჩნია, რომ ეს თემა საჯაროდ განსახილველი არ უნდა იყოს. ვისაც უნდა, იყოს ქალიშვილი, ვისაც არ უნდა, ნუ იქნება.

- შენ გინდა, რომ იყო ქალიშვილი?

- (იცინის) ეს ძალიან პირადი საკითხია. მხო­ლ­ოდ ერთს ვიტყვი: ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა.

- ქართულ ტრადიციებზე რას ფიქრობ?

- საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვე­ყანაში, ღირებულია ოჯ­ახი. მეც მიმაჩნია, რომ ოჯახი და მეგობრები ყველაზე ღირებულია, სხვა ყველაფერი კი დროებითი გახლავთ.

- შენი ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება?

- მე და დედა ვართ. მამასთან აღარ მაქვს ურთიერთობა.

- რატომ?

- არ მიყვარს, ტელეშოუებში ოჯახით რომ მანიპულირებენ, სენტიმენტალურ ამბებს ჰყვებიან და ამით მაყურებელს თავს აცოდებენ.

- მამასთან განშორება შენთვის მტკივნეული არ იყო?

- არა. მას "მამასაც" არ ვუწოდებ. ზოგჯერ, მე და დედა რომ ვკამათობთ, მეუბნება, - სულხანიშვილებთან უნდა გაზრდილიყავი და მერე ნახავდიო... მამა აბსოლუტურად სხვა სტერეოტიპებით ცხოვრობს.

- კერძოდ?

- მისთვის ასე ჩაცმა მიუღებელია. მიუღებელია ისიც, რომ 1.800 ლარი გადაიხადო ჩექმაში ან ხელჩანთაში.

- შენ გარშემო სხვა არავინ აპროტესტებს შენს ასეთ ჩაცმულობას?

- საბედნიეროდ, ჩემს ახლობ­ლებში ასეთი არავინ მოიძებნება. რაც შეეხება მაყურებელს, საზოგადოებას: არ შეიძლება, ყველას მოვეწონო. ქართველები ასეთები ვართ, ჩვენსას არ ვაფასებთ. გახდილი უცხოელები მოგვწონს, ქართველები - არა. ამას წინათ ფოტოგრაფმა, ირაკლი პირველმა ისეთი მაგარი ფოტო გადამიღო, ბევრი უცხოელი მოდელის ფოტოს მირჩევნია.

- ეს ფოტოები "ფეისბუკზე" რომ გამოფინე, არ გიფიქრია იმაზე, რას იტყვის ხალხი?

- არა. მე ფოტოში ვხედავ ხელოვნების ნიმუშს და არა - შიშველ სხეულს. "პროფილის" დარბაზში მსხდომმა ქალებმა ჩემს გამოჩენაზე თვალებზე ხელები აიფარეს. ამას რა ჰქვია, არც ვიცი. ეს გაუნათლებლობის პრობლემაა, ალბათ. დედამ ძალიან თავისუფლად გამზარდა. არასდროს უთქვამს, - წიგნი გადაშალე და წაიკითხეო. თავად ვიცოდი, სწავლა რომ დამიფასდებოდა.

- პროფესიით ჟურნალისტი ხარ, არა?

- კი. ალასანიას უნივერსიტეტი და­ვამთავრე.

- მკერდის გამოჩენა სიამოვნებას განიჭებს?

- სხვათა შორის, სულ მეგონა, რომ ცუდი მკერდი მქონდა - ეს ჩემი კომპლექსი იყო. იმიტომაც გამოვაჩინე, რომ კომპლექსი დამეძლია. ჰოდა, დავძლიე. მომწონს, როცა მკერდის გამო კომპლიმენტს მეუბნებიან.

- დღეს რისი კომპლექსი გაქვს?

- (ფიქრობს) ალბათ კომპლექსია ისიც, როცა გინდა, ყველასგან განსხვავებულად გამოიყურებოდე. ალბათ დამაკომპლექსებს, სადმე ჩემნაირად ჩაცმული გოგო რომ ვნახო. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა მქონია, მაგრამ მე ისე მცმია, რომ თვითონაც ვერ მიხვედრილა, ერთნაირი სამოსი რომ გვეცვა.

- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?

- "Central Saint Martins"-ში მინდა წავიდე, მოდის ჟურნალისტიკაში ავიმაღლო ცოდნა და კიდევ უფრო დიდ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე. სატელევიზიო და მოდის სფეროშიც ჩემი სიტყვა მინდა, რომ ვთქვა.

იხილეთ ვიდეო

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება