საიდან გაექცა გოჩა კაპანაძეს კახი კავსაძე

საიდან გაექცა გოჩა კაპანაძეს კახი კავსაძე

რუსთაველის თეატრის 2006-2009 წლის სეზონზე თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სპექტაკლი ''მოხუცი ჯამბაზები'' წარმოადგინა. მას შემდეგ დღემდე სამი მსახიობი გამოაკლდა პირვანდელ შემადგენლობას. ესენი არიან: მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე და გურამ საღარაძე. სპექტაკლმა, რომელიც ყოველ ჯერზე სრული ანშლაგით იმართებოდა, მაყურებლის დიდ სიყვარული დაიმსახურა. ახლახან რეჟისორმა მისი აღდგენა გადაწყვიტა. განახლებულ ''მოხუც ჯამბაზებში'' დაკავებული არიან მსახიობები: კახი კავსაძე, ზაზა ლებანიძე, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ჯემალ ღაღანიძე, მარი ჯანაშია, მარინა კახიანი და დარეჯან ხარშილაძე. გოჩა კაპანაძესთან საუბრისას, პირველ რიგში, დავინტერესდით, რა გახდა ამ სპექტაკლის რუსთაველის თეატრის რეპერტუარში აღდგენა-დაბრუნების მიზეზი...

-''მოხუცი ჯამბაზები'', პირველ რიგში, იმიტომ აღვადგინეთ, რომ დიდი მოთხოვნა იყო მაყურებლის მხრიდან. ბევრი ზარი და განაცხადი შედიოდა თეატრში, ასევე გვწერდნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. ბევრს ეს სპექტაკლი ორ-სამჯერ ჰქონდა ნანახი, ზოგმა საერთოდ ვერ შეძლო, ამიტომ გადავწყვიტეთ, ის მაყურებლის თხოვნით აღგვედგინა. სპექტაკლს შეემატნენ დარეჯან ხარშილაძე, თენგიზ გიორგაძე და მანანა გამცემლიძე. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ქალბატონი მანანა უკვე მედეა ჩახავას დროს თამაშობდა ამ სპექტაკლში, ის ქალბატონი მედეას თხოვნით დავნიშნეთ მის დუბლად და როცა თავად შეუძლოდ ბრძანდებოდა, ის ცვლიდა... ბატონი გურამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, ვის დავაკავებდით მის როლზე. რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა თეატრისა და ჩემ მიერ და ბოლოს არჩევანი თენგიზ გიორგაძეზე შევაჩერეთ.

- საინტერესოა, თავად თენგიზ გიორგაძე როგორ შეხვდა ამ წინადადებას?

- უარყოფითად. თავიდან ბატონ თენგოს ძალიან არ უნდოდა, შინაგანი პროტესტი ჰქონდა და ვიტყოდი, მისთვის გამაღიზიანებელიც კი იყო ამ ამბის გაგება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონ გურამ საღარაძეს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ასეთ დროს, ბუნებრივია, მსახიობს ეშინია, როცა ასეთი დიდი არტისტის როლის თამაში უწევს. მით უფრო მაშინ, როცა ბატონი გურამის შესრულებით ეს როლი ბევრს აქვს ნანახი და თან არცთუ ისე დიდი ხნის წინ. ბატონი გურამი განუმეორებელი ხმის პატრონი ბრძანდებოდა და მისი ხმა ყველას ყურში ''ჩაესმის'', მათ შორის მეც. ამის გამეორება არც გვიცდია, თავიდანვე შევეცადე, თენგიზისთვის ამეხსნა, რომ მისი გმირი უნდა ყოფილიყო მისეული მოხუცი ბაბუა, რომელიც თავშესაფარში მოხვდა. სამუშაოდ დროც საკმაოდ გვქონდა. რეპეტიციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრინციპში თავიდან დავდგით ეს სპექტაკლი, შევცვალეთ სცენები, რაღაცები შევკვეცეთ, ფინალის დაახლოებით 5-6 წუთი სულ სხვაგვარია და, რა თქმა უნდა, თენგიზის როლი სულ სხვაგვარი გამოვიდა. ბატონ გურამს ვერ გავიმეორებდით და ამის მცდელობა არც გვქონდა. ბატონ თენგოს კოლეგებიც ძალიან დაეხმარნენ, გვერდით დაუდგნენ და მან გადალახა ის ბარიერი, რასაც ბატონი გურამ საღარაძის ფენომენი ჰქვია.

- 1-2 მარტს გქონდათ პრემიერა და 14 და 30 მარტსაც იგეგმება...

- დიახ. 7 მარტს ქუთაისში ვიმყოფებოდით. იქაურმა მაყურებელმა უკვე მესამედ მოითხოვა ეს სპექტაკლი. წინასწარ გაიყიდა ბილეთები, 30 მარტს დაგეგმილი სპექტაკლის ბილეთები უკვე იყიდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ მაყურებელს ასე უყვარს ''მოხუცი ჯამბაზები'' და ამ დიდი მსახიობების სცენაზე ხილვა სურს.

- როცა წლების წინ პირველად გადაწყვიტეთ ამ სპექტაკლის დადგმა, ერთ-ერთ როლზე ბატონი კარლო საკანდელიძეც მოიაზრებოდა...

- მოიაზრებოდა კი არა, მას ერთ-ერთი როლი ჰქონდა. თითქმის ბოლომდე რეპეტიციებსაც გადიოდა. უბრწყინვალესი ადამიანი და უნიჭიერესი მსახიობი ბრძანდებოდა. ერთხელ ბატონმა კახი კავსაძემ თქვა, რუსთაველის თეატრში კარლოს ჩავარდნილი როლი არ მახსოვსო. ბოლო დღეებში მას ჯანმრთელობამ უმტყუნა, თუმცა პრემიერას დაესწრო, მოგვილოცა. ძალიან დასწყდა გული, სპექტაკლიდან რომ გამოგვაკლდა და ამის გამო კოლეგებს ბოდიშიც კი მოუხადა. მისი როლი მეც ძალიან დამაკლდა და სპექტაკლსაც. იმდენად, რამდენადაც ეს როლი მთლიანად ბატონ კარლოზე იყო აწყობილი, ის იმდენად ძლიერი გახლდათ თავისი ხასიათის გადაწყვეტაში, რომ კარლო საკანდელიძის პერსონაჟი სიუჟეტიდან საერთოდ ამოვიღე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება