რაზე ოცნებობს მაკა ძაგანია

რაზე ოცნებობს მაკა ძაგანია

"ილიაუნის თეატრში" ახლახან 2 სპექტაკლის - "ანტიგონე" და "ბრიყვთა ვახშამი" პრემიერა მქონდა. ამ სპექტაკლებზე მუშაობით ვიყავი დაკავებული", - ამბობს მსახიობი მაკა ძაგანია. სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მის გმირთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ, რადგან თინა ოჯახურ ცხოვრებაში ერთვება. რაზე ოცნებობს მსახიობი, როგორია მისი ბედნიერების ფორმულა, როდის იბნევა და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- თეატრში მაკუნას მეძახიან. სხვა საზოგადოებაში რომ ვხვდები და მაკათი მომმართავენ, გვიან ვხვდები, რომ უნდა ვუპასუხო. მაკა უფრო მომწონს თუ მაკუნა? - გააჩნია, ვინ მომმართავს.

- დაბადების თარიღი...

- ...1980 წლის 20 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. 11 წელი ბალეტზე დავდიოდი და სხვა არაფერი მაინტერესებდა, მაგრამ 16 წლის რომ გავხდი, იმ პერიოდში ქვეყანაში ისეთი დაძაბული მდგომარეობა იყო, ბალეტი საერთოდ არავის სჭირდებოდა. როცა პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი და ასე აღმოვჩნდი თეატრალურ უნივერსიტეტში. პროფესიული არჩევანის გამო არასდროს მინანია. დიდ სცენაზე, როგორც ბალერინა, ვერ დავდგები და პაჩკას ვეღარ ჩავიცვამ, მაგრამ დღეს პლასტიკას "ილიაუნის უნივერსიტეტში", სამსახიობო ჯგუფის ბავშვებს ვასწავლი.

- ხშირად მეუბნებიან...

- ...მიწაზე მყარად იარე, ნუ დაფრინავ, დაეშვი! ძალიან მეოცნებე და რომანტიკული ვარ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ გამოვყოფ ოთარ ეგაძეს. მასთან ბოლო 2 წელი ვისწავლე. სამსახიობო ოსტატობასა და ცხოვრებაშიც თუ რამ მაქვს ნასწავლი, ეს მისი დამსახურებაა. დიდი წვლილი მიუძღვის ეკა მჟავანაძესაც, რომელმაც კასტინგზე მიმიყვანა. ასევე, ოჯახის წევრებს... თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ, ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისი დახმარებითაც ცხოვრებაში წინ ერთი ნაბიჯი მაინც გადამიდგამს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დღეს ეს ყველაფერი მაქვს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ საკუთარი შემოსავალი მაქვს და მატერიალურად დამოუკიდებელი გახლავართ. სიამოვნებით ვმუშაობ სპექტაკლზე, გადასაღებ მოედანზე და კიდევ, როგორც პედაგოგი. ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს, ჯანმრთელად არიან.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ ისე ვიცხოვრებდი, არაფერს შევცვლიდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...უკონფლიქტო და დამთმობი ვარ.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ის, რომ დამთმობი ვარ, ხშირად არ მომწონს. არის მომენტი, როცა დათმობაზე წასვლა ძალიან კარგია, ზოგჯერ კი საკუთარ თავს ვსაყვედურობ, - "რატომ დათმე?" შესაძლოა, ვინმეზე ძალიან გავბრაზდე, მაგრამ ჩხუბი არ შემიძლია.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის ვფიქრობ. შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს და არც მე ვარ გამონაკლისი. შეცდომის დაშვების შემდეგ საკუთარ თავთან პირობას ვდებ, რომ მომავალში ასე აღარ მოვიქცევი. სხვათა შორის, პირობას ყოველთვის ვასრულებ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...მტირალა ვარ. შემიძლია, ფილმის ბედნიერ დასასრულზეც კი ვიტირო. მეტირება მაშინ, როცა ადამიანისგან რაღაც მწყინს. ბოლოს როდის ვიტირე? იმდენად დიდი ხნის წინ, რომ მიზეზი აღარც მახსოვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა ვიყო ისეთივე რეალიზებული, როგორიც დღეს ვარ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ტყუილის თქმა მიწევს. თუნდაც, ეს ტყუილი უმნიშვნელო და უბოროტო იყოს. დაკვირვებული თვალი ადვილად შემამჩნევს, როდის ვიტყუები. მეუბნებიან, - ასეთ დროს თვალებს დაბლა ხრი და გვერდზე იხედებიო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჩემი ოცნებაა, ზამთრის სამი დღე ყველაზე ახლობელ და საყვარელ ადამიანებთან ერთად, დათოვლილ, ტყეში ჩაფლულ "ხიჟინაში" გავატარო. გარშემო ბევრი დათოვლილი ნაძვის ხე იყოს, გარეთ - მოფარფატე ფანტელები, საღამოს ლამპიონები აინთებოდა, მე კი ბუხართან მივწვებოდი და ცოტა შავ ღვინოს მოვწრუპავდი... აუ!!! ცუდად გავხდი, ისე მომინდა.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...მეგობრებთან ურთიერთობით. ცხოვრება მიყვარს და რაღაცნაირად მიხარია. როცა სენტიმენტები ოდნავ მაინც მომეძალება, საკუთარ თავს ასე ვამხნევებ, - გარშემო ყველა კარგად არის, ლამაზი დილა გათენდა და როგორ შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო-მეთქი?

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ამაზე ბევრჯერ მიფიქრია: ნატვრისთვალს ვთხოვდი, რომ ბედნიერი ვიყო.

- სიყვარული ეს...

- ...ცხოვრების აზრია. ვერ წარმო­მიდგენია, უსიყვარულოდ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს? ოღონდ, მხოლოდ ქალის და კაცის სიყვარულზე არ ვლაპარაკობ.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ძალიან ბედნიერი გახლავართ. ასეთ დროს ძალიან დამთმობი, მოსიყვარულე ვხდები. სიყვარული მცვლის, ნაზი და ფარფატა ვხდები (იცინის). ახლა შეყვარებული არ ვარ.

- ჩემი სიყვარულის ფერი...

- ...სალათისფერია. წყნა­რი და მშვიდი, მოცისფროში რომ გადადის, ისეთი.

- ვეპრანჭები...

- ...ახლა არავის ვეპრანჭები. ნაზი და ქალური ვარ, მაგრამ პრანჭია - ნაკლებად.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მოუცლელობის გამო. მეუბნებიან, - ცოტა ყურადღება ჩვენც მოგვაქციეო.

- მეშინია...

- ...ძალიან ბევრი რამის. მშიშარა ვარ. სტიქიური მოვლენებისა და კალიების ძალიან მეშინია. გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ვფიქრობ, - ამ ნაბიჯს რომ გადავდგამ, წინ რა იქნება? რომ გადავხტე, მიწა დამხვდება?

- ცრუმორწმუნე...

- ...ნაკლებად ვარ, მაგრამ ზოგჯერ ხეზე სამჯერ მაინც ვაკაკუნებ.

- სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...პირჯვარს ვიწერ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ხაჭაპურის გამოცხობა. მიმაჩნია, რომ ცუდი კულინარი არ ვარ. ცომის მომზადება ვიცი, გემრიელ ღვეზელებს ვაცხობ, მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: როცა რამეს პირველად ვაკეთებ და არ გამომივა, მისი ხელმეორედ მომზადების სურვილი აღარ მიჩნდება; აი, თუ გამომივა, მერე დაუზარებლად ვაკეთებ და ვაკეთებ. ხაჭაპურს რომ ვაცხობ, ყველი სად მიდის, ვერ ვიგებ. თან იმდენს ვდებ, აღარ ეტევა. ხაჭაპური ერთადერთი რამ არის, რომლის მომზადებაც რამდენჯერმე ვცადე.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...არც ერთ რეჟისორთან თანამშრომლობაზე არ მიოცნებია. ცხოვრებაში მეოცნებე, საქმეში რეალისტი ვარ. ვისთან მუშაობის შესაძლებლობაც მაქვს, მათთან ბოლომდე ვიხარჯები.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...კარგი იქნებოდა, ამას ყველა ჩემი ახლობელი იგრძნობდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არ გავშიშვლდები. ამ შემოთავაზებაზე ვერც ერთ რეჟისორს ვერ დავთანხმდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთმა ადამიანმა მითხრა, - ცხოვრება ძალიან რთულიაო. როცა წინააღმდეგობებს ვაწყდები, ეს სიტყვები მახსენდება.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი, თქვენი მკითხველი. რომ არა ისინი, ჩემი და შენი პროფესიები არ იარსებებდა. დიდი მადლობა მათ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება