გადაცემაში "მოგებული" ქმარი და "მუსუსად" ქცეული მიშა ცინცაძე

გადაცემაში "მოგებული" ქმარი და "მუსუსად" ქცეული მიშა ცინცაძე

"კომედი ჯგუფის" ნიჭიერი წევრი - მიშა ცინცაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ნათია ჩემია გახლავთ, რომელიც შესაძლოა, მაყურებლებს გადაცემიდან - "გააცინე და მოიგე" ახსოვს... ჯვრისწერას, ხელის მოწერასა და ქორწილს წყვილი ზაფხულში, ზღვის პირას აპირებს. ამჟამად კი ისინი თბილისში, ქირით ცხოვრობენ.

მიშა:

- ქმრის ამპლუაში თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ! თუმცა, თავდაპირველად ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობა ცოტათი მაშინებდა.

ნათია:

- ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა მოულოდნელი იყო, მაგრამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების ნამდვილად არ შემშინებია...

- როგორ და სად დაიწყო თქვენი რომანი?

- მიშას, როგორც ნიჭიერ ადამიანს, ვგულშემატკივრობდი. მისი გადაცემა - "სოლოხუთეული" მომწონდა... მე "გააცინე და მოიგეში" ვმონაწილეობდი. მიშა იქ რომ დავინახე, გავესაუბრე, - კარგად ვცეკვავ და კლიპში ხომ არ გადამიღებ-მეთქი? ჩვენი ურთიერთობა ასე დაიწყო, შემდეგ კი "ფეისბუკზე" გაგრძელდა...

მიშა:

- ვუთხარი, - რა თქმა უნდა, რა პრობლემაა? როგორც კი ახალ კლიპზე მუშაობას დავიწყებ, მაშინვე დაგიკავშირდები-მეთქი. არადა, იმ დროისთვის "სოლოხუთეული" უკვე 2 თვის დახურული იყო (იცინიან).

ნათია:

- მე კი ეს არ ვიცოდი.

- შენი მიზანი კლიპში მონაწილეობა იყო თუ მიშა თავიდანვე მოგეწონა?

- უბრალოდ, მომწონდა როგორც ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ მერე ურთიერთობისას მის მიმართ სხვანაირი სიმპათიაც გამიჩნდა, დავმეგობრდით...

მიშა:

- ...და ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ურთიერთობისას აღმოვაჩინეთ, რომ ნათიას მეგობარი ჩემი მეზობელი იყო. ჰოდა, რამდენჯერაც ნათია იმ მეგობართან მივიდოდა, მირეკავდა - "აქეთ" ვარო... მერე ჩვენი ურთიერთობა ღრმა გრძნობაში გადაიზარდა.

- ერთმანეთს სიყვარულში როგორ გამოუტყდით?

ნათია:

- "ოფიციალური" სიყვარულის ახსნა არ გვქონია, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით.

მიშა:

- ჰო, სიყვარულის ახსნა და ნერვიულობისგან ფრჩხილების "ჭამა" არ გვქონია. უბრალოდ, ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი.

- შეგიძლიათ, ერთმანეთი დაახასიათოთ?

ნათია:

- უპირველეს ყოვლისა, ნიჭიერი ადამიანი და უნიკალური მუსიკოსია. ზომიერად მხიარულია. შეიძლება, მიშამ ტელეეკრანიდან ვინმეს არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება დაუტოვოს, მაგრამ რომ გავიცანი, მივხვდი - ასეთი არ არის. ის მზრუნველი და კარგი, მეოჯახე ქმარია.

მიშა:

- ოჯახის მუსუსი ვარ!

- მუსუსი?

- მუსუსი მუჭუჭზე ცოტათი პატარა მეოჯახეა (იცინიან).

ნათია:

- ჩვენებური გამონათქვამები გვაქვს და ერთმანეთს ამითაც ვგავართ. სხვათა შორის, მიშას უარყოფითი თვისებებიც აქვს: ცოტათი "ფეთხუმაა" ან შინიდან გასვლისას სახლში რაღაც რჩება, ან შესაძლოა, ფეხსაცმლის ჩაცმა დაავიწყდეს და ქუჩაში ჩუსტებით გავიდეს.

მიშა:

- ეს ბევრი გენიოსის თვისებაა...

- მიშა, მეუღლეს თავად როგორ დაახასიათებ?

- მისი ყველაფერი მომწონს. ამ მხრივ, სრულ კომფორტში ვარ. ალბათ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი გახლავართ.

- ოჯახის შექმნის სურვილი ერთდროულად გაგიჩნდათ თუ რომელიმეს ინიციატივა იყო?

- ეს მამაჩემის ინიციატივა იყო (იცინის). რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ამ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდით. უბრალოდ, ჩემმა მშობლებმა დააჩქარეს.

ნათია:

- დედაჩემი მიშას ტელეეკრანიდან იცნობდა და მის მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. თავდაპირველად, ჩვენი რომანის შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ზაფხულში, როცა ქობულეთში ვისვენებდი, მიშა და დედა ერთმანეთს გავაცანი. სასიძო მოეწონა. სხვათა შორის, ვისაც მიშა გავაცანი, ყველა აღნიშნავს, - ერთნაირი "ტიპაჟები" ხართო, რაც ჩემთვის სასიამოვნოა.

- შენ შესახებ გვიამბე: რას საქმიანობ?

- ენერგიული ადამიანი ვარ და ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრ საქმეში ჩავერთო. ამ ეტაპზე ძირითადად, ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ: ზღაპრის გმირის ამპლუაში პატარებს ვართობ, ასევე - ფოტოგრაფობასაც ვითავსებ. "ფეისბუკზეც" ვსაქმიანობ - სარეკლამო გვერდი მაქვს და სხვადასხვა კომპანიის გვერდების "ადმინიც" ვარ...

- მიშას ფანების "ფეიჯიც" შენი შექმნილია?

- კი, "ფეიჯს" მე ვუვლი, თვითონ არ აქტიურობს.

- მისი თაყვანისმცემლების წერილებს აკონტროლებ, რომ რომანტიკული შინაარსის მესიჯი არ "შემოიპაროს"?

- არა. წარმატებულ ადამიანს, რომელიც ტელეეკრანზე ხშირად ჩანს, თაყვანისმცემელი ყოველთვის ეყოლება. ზომიერად ეჭვიანი ვარ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეჭვიანობის მიზეზი არ მაქვს.

მიშა:

- თაყვანისმცემლების მესიჯებს მე ვაკონტროლებ: ვცდილობ, სამეგობროში ისეთი ადამიანი არ დავიმატო, ვინც შეიძლება, "შეტოპოს".

ნათია:

- მათ ჩემამდე არ უშვებს (იცინის).

მიშა:

- შენამდე კი არა, ჩემამდე არ ვუშვებ... ისე, ძირითადად, ბავშვებში უფრო მეტად ვარ პოპულარული: "სოლოხუთეულისთვის" ბევრი ანიმაციური კლიპი "გავაკეთეთ". ერთ-ერთი, ყველაზე პოპულარული "ჯუმბერ ტყაბლაძე" იყო.

- როგორც ვიცი, წინათ კულინარიული გადაცემის წამყვანი იყო...

ნათია:

- კი, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით სახლში კერძებს არ ამზადებს. მხოლოდ ერთხელ, სალათი მოამზადა.

მიშა:

- ნათია კერძებს ისე კარგად ამზადებს, რომ კონკურენციის გაწევა არ შემიძლია - ვითრგუნები, ვიჩრდილები.

- ნათია, საოჯახო საქმეები მთლი­ანად საკუთარ თავზე გაქვს აღებული?

ნათია:

- მთლად ასეც არ არის საქმე. როგორც ყველა დიასახლისი, შინ რაღაცებს ვალაგებ, კერძებს ვამზადებ...

მიშა:

- შესაბამისად, რაც ჩემი საქმეა, თავად ვაკეთებ: ფილმის შერჩევა, საჭმლის ჭამა, მაღაზიაში ჩასვლა...

- რაზე კამათობთ?

ნათია:

- ფილმის შერჩევაზე. ამ მხრივ, ჩვენი გემოვნება არასოდეს ემთხვევა.

- ერთმანეთს სიურპრიზებს უწყ­ობთ?

- ვალენტინობას არ აღვნიშნავთ, მაგრამ ამ დღეს მაინც მხიარულად ვხვდებით. 13 თებერვალს ჩემს მშობლებს ვესტუმრეთ, ვიქეიფეთ. საღამოს 11 საათი ხდებოდა, როცა მიშა აწრიალდა, - ვალენტინობა მოდის, აბა, დავფაცურდეთო... ვერაფერს მივხვდი. მერე მის მეგობართან შევიარეთ და შინ მოსვლა დაგვაგვიანდა. ცოტა არ იყოს, უხასიათოდ ვიყავით, რადგან მიშას სახლში მოსვლა ზუსტად 12 საათზე სურდა.

მიშა:

- სახლში პირველის 4 წუთზე ვიყავით.

ნათია:

- დიდი სიურპრიზი გამიკეთა ჩვენი დიდი ფოტოს სახით, რომელსაც წარწერა ჰქონდა - "მსოფლიოში საუკეთესო მეუღლეს". ძალიან გამიხარდა! ცრემლებიც კი წამომივიდა... არ დავაყოვნე და 14 თებერვალს, მიშას საჩუქრები მეც მივუძღვენი.

მიშა:

- ჩემთვის საჩუქარი უმნიშვნელოა ხოლმე, მაგრამ ძალიან მესიამოვნა: ნათიამ ტყავის მაგარი ქუდი, საათი და საყურე მაჩუქა.

- ნათია, "გააცინე და მოიგეში" რაიმე თანხა მოიგე?

- თანხა - არა, მაგრამ ქმარი მოვიგე (იცინის). მსოფლიოში საუკეთესო მეუღლე მყავს - მზრუნველი და სიმპათიური. ამისათვის მის მშობლებს დიდ მადლობას ვუხდი!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს